აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს, სირილ რამაფოსას შეხვდა. ოფიციალურმა ღონისძიებამ საკმაოდ ხმაურიანად ჩაიარა.
ტრამპმა რამაფოსას სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანთა გენოციდის შესახებ ბრალდებები წაუყენა. ვიდეოს ყურებისას, ტრამპმა აღნიშნა რომ სურათებზე თეთრკანიანი ფერმერების სამარხებია გამოსახული.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პირველმა პირმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში არსებული ვითარების შესახებ "ათასობით ისტორია“ და "დოკუმენტური ფილმი“ არსებობს. მან თავის თანამშრომლებს ოვალურ კაბინეტში შუქების ჩაქრობა სთხოვა და 4-წუთიანი ვიდეო ჩართეს, რომელშიც აფრიკის ულტრამემარცხენე ოპოზიციის ლიდერი ჯულიუს მალემა ამომრჩევლებთან შეხვედრისას მღეროდა - "მოკალი ბური, მოკალი ფერმერი“. მასთან ერთად მღეროდნენ შეკრებილებიც.
ვიდეოს დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პირველი პირი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. რამაფოსამ განაცხადა, რომ მას მსგავსი კადრები არასოდეს უნახავს და კაბინეტში ნაჩვენები ვიდეო არ ასახავს მთავრობის პოლიტიკას.
რამაფოსას თქმით, ის და მისი პარტია "აბსოლუტურად ეწინააღმდეგებიან“ კადრებში გამოყენებულ ენას.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აფრიკაში მოღვაწე თეთრკანიანი მილიარდერი, იოჰან რუპერტიც მიიყვანა. ის ისეთი ბრენდების მფლობელია, როგორიცაა Cartier. რუპერტმა ტრამპს უთხრა, რომ ძალადობრივი დანაშაული ყველა რასას შეეხება და კანის მიხედვით გამორჩევა დაუშვებელია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა გასულ კვირას 59 თეთრკანიანი აფრიკელი მიიღო და მათ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა.
იხილეთ ასევე: