ჟურნალ "Communications Earth & Environment“-ში (გამოცემა "Nature“-ის ნაწილი) გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ანტარქტიდაში მცხოვრებ პინგვინების კოლონიებს შეუძლიათ შეამცირონ გლობალური დათბობის შედეგები - როგორ ც ირკვევა, მათი ექსკრემენტები გამოყოფს ამიაკს, რაც ხელს უწყობს ღრუბლების წარმოქმნას.
სამეცნიერო ნაშრომზე ჰელსინკელმა მეცნიერებმა იმუშავეს. ჯგუფმა, რომელსაც მეთიუ ბოიერი ხელმძღვანელობდა, კვლევა 2023 წლის 10 იანვრიდან 20 მარტამდე ანტარქტიდაში მდებარე ატმოსფერულ ობსერვატორიაში ჩაატარა.
ისინი 60 ათასი ინდივიდისგან შემდგარ პინგვინების კოლონიას აკვირდებოდნენ. ანუ ეს იყო ადელის პინგვინების 30 ათასი წყვილი, რომელიც პინგვინების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა.
კვლევის დროს, მეცნიერებმა შეისწავლეს ჰაერში ამიაკის შემცველობა და აღმოაჩინეს, რომ ის მნიშვნელოვნად მაღალი იყო, როდესაც ქარი პინგვინების კოლონიის მიმართულებიდან უბერავდა.
ნაშრომში მეცნიერები ასევე წერენ, რომ პინგვინის ექსკრემენტებიდან მიღებული დიმეთილამინი, ამიაკის წარმოქმნას 10 000-ჯერ აჩქარებს. ეს კი ქმნის ბუფერულ ფენას მზის რადიაციას, ანტარქტიდის ყინულსა და წყალს შორის.
"ეს აჩვენებს ეკოსისტემებსა და ატმოსფერულ გაცვლებს შორის ღრმა კავშირებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილობრივ კლიმატზე“, - ნათქვამია ნაშრომში.
2023 წლის დეკემბერში მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობის გამო 2100 წლისთვის ანტარქტიდაში არსებული ცხოველების 97% დაიღუპებოდა. ანტარქტიდის ყინული ახლა უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე ათწლეულების წინ.
ზღვის ყინულის დაკარგვა საფრთხეს უქმნის ზღვის ფრინველების რამდენიმე სახეობას, მათ შორის პინგვინებს.
იხილეთ ასევე: