ავტორი:

ცხოვრება მოსკოვში, მონაწილეობა სატელევიზიო შოუში და დაბრუნება სამშობლოში - რა არის ცნობილი ალინა გამსახურდიაზე, პირველ ქართველ ქალზე, ვინც ევერესტზე ავიდა?

ცხოვრება მოსკოვში, მონაწილეობა სატელევიზიო შოუში და დაბრუნება სამშობლოში - რა არის ცნობილი ალინა გამსახურდიაზე, პირველ ქართველ ქალზე, ვინც ევერესტზე ავიდა?

"2025 წლის 18 მაისს, ნეპალის დროით დილის 9:10 საათზე, პლანეტის უმაღლეს წერტილზე, ევერესტის მწვერვალზე ვიდექი და ჩემს წინაშე მთელი პლანეტა გადაიშალა. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო და მისკენ მიმავალ გზაზე, მე გავხდი ისტორიაში პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ევერესტი დაიპყრო. ჯერ ვერ ვაცნობიერებ, ვერ ვიგებ, ვერ გადავხარშავ... ჯერჯერობით, თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ", - დაწერა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ალინა გამსახურდიამ.

ევერესტი (აგრეთვე ცნობილი, როგორც ჯომოლუნგმა) - დედამიწის უმაღლესი წერტილია. მისი სიმაღლე 8848 მეტრია და მდებარეობს ჰიმალაიში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე.

ალინა გამსახურდია კი ფართო საზოგადოებამ შარშან გაიცნო, როდესახ ნეპალში მანასლუს მწვერვალი დალაშქრა. შეგახსენებთ, მანასლუ ზღვის დონიდან 8163 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოს სიმაღლით მერვეა...

როგორც ალინა გამსახურდია წერდა, ევერესტის დასაპყრობად მან მზადება ჯერ კიდევ თვეების წინ დაიწყო.

ambebi.ge ალინას ნეპალში დაუკავშირდა.

- გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. როგორ შეძელით ეს?

- დიდი მადლობა. ევერესტზე ასვლის გადაწყვეტილება 19 თვის წინ მივიღე - იმ დროისთვის ალპინიზმში არანაირი გამოცდილება არ მქონდა. თუმცა ოცნება იმდენად ძლიერი იყო, რომ აქტიურად დავიწყე ვარჯიში და მთაში სიარული. ამ პერიოდში კიდევ ხუთი მწვერვალი დავიპყარი: იალბუზი, კილიმანჯარო, აკონკაგუა, ლობუჩეს აღმოსავლეთი და მანასლუ.

- ამჯერად რა იყო მთავარი სირთულე?

- ამ რთული მთისთვის ფიზიკურად ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული. ყველაზე რთული მაინც მორალურად იყო - გაგრძელება მაშინ, როცა ძალიან დაღლილი ხარ, გცივა ან საფრთხეა, განსაკუთრებით ე.წ. სიკვდილის ზონაში - 8000 მეტრზე ზემოთ, სადაც უკვე ვერავინ გიშველის...

- მთამსვლელებისგან მსმენია, - ჩვენ მწვერვალს კი არ ვიპყრობთ, მას ვლაშქრავთ. თქვენ შემთხვევაში როგორაა?

- რა თქმა უნდა! ადამიანი ვერასდროს იპყრობს მთას - ის ყოველთვის უფრო ძლიერია. ჩვენ მხოლოდ "ნებართვას“ ვიღებთ, რომ ცოტა ხნით მისი მწვერვალზე ყოფნის პატივი გვერგოს.

- 19 თვის წინ მთისკენ სწრაფვა რატომ გაგიჩნდათ, რამაც, ფაქტობრივად, თქვენს მთამსვლელობას სტარტი მისცა...

- ცხრამეტი თვის წინ ნეპალში ვიყავი და ცხოვრებაში პირველად ჰიმალაები დავინახე. მაშინ მივხვდი, რომ მისი მხოლოდ შორიდან ყურება აღარ მინდოდა და მწვერვალზე დგომის სურვილი გამიჩნდა. მაშინ დაიბადა ოცნება, რომ ავსულიყავი ევერესტზე და ალპინიზმით სერიოზულად დავკავდი.

- წვრთნას სად და როგორ გადიოდით?

- ძალიან კარგი პირადი მწვრთნელი მყავს, რომელთანაც უკვე ერთი წელია, ძალიან ინტენსიურად ვვარჯიშობ. გავდივარ როგორც ძალოვან, ასევე კარდიო ვარჯიშებს... თითქმის მთელი ჩემი დრო მომზადებას ეთმობა.

- ევერესტამდე 2024 წელს იყო მანასლუ... რომელი უფრო რთული აღმოჩნდა?

- ევერესტი უდავოდ ბევრად რთულია, ვიდრე მანასლუ...

- რა სჭირდება მთამსვლელს, იმისთვის, რომ ასეთი სიმაღლე დაძლიოს?

- ძალა და უზარმაზარი გამძლეობა - უნარი, ზოგჯერ 2-3 დღე გაჩერების გარეშე გაუძლო ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვას. ზოგჯერ დღეში 5 კილომდე ვკარგავ. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ურყევი ნებისყოფა - მის გარეშე იქ ვერ გადარჩები. როგორიც არ უნდა იყოს სირთულე, გზა უნდა გააგრძელო.

- მთამსვლელობის გარდა უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ თქვენზე - პროფესია, საქმიანობა, გატაცებები...

- ჩემი მთავარი გატაცება და ვნება სწორედ მთებია. პროფესიით მარკეტოლოგი ვარ. ახლა მაქვს ტურისტული სააგენტო და საქორწილო სააგენტო საქართველოში , ასევე ძალიან წარმატებით ვგეგმავ საავტორო ტურებს მთელ მსოფლიოში.

- ოჯახსა და მშობლებზეც მოგვიყევით?

- ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს - მყავს უმცროსი და-ძმა, დედა, მამა და ჩემი საყვარელი ბებია. ყველანი თბილისში ცხოვრობენ.

- როგორია მათი შეფასებები - წინააღმდეგობა ხომ არ გქონდათ ამ ბოლო, სარისკო გადაწყვეტილების წინ?

- ვიცი, ეს მათთვის მარტივი არ არის, მაგრამ მათი ძალიან მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გამო ღელავენ, განსაკუთრებით ევერესტთან დაკავშირებით, ხელს არ მიშლიან და ჩემს არჩევანს პატივისცემით ეკიდებიან. ვიმედოვნებ, რომ ჩემით ამაყობენ კიდეც.

- ქართულ საიტებზე თქვენზე ინფორმაცია დიდად არ იძებნება. რუსულ საიტებზე კი რაღაცები აღმოვაჩინეთ - რომ განათლება მოსკოვში მიიღეთ, მონაწილეობდით სატელევიზიო პროექტში "ხალასტიაკი,“ რომ საქართველოში სილამაზის კონკურსში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. ასევე გიყვართ მოგზაურობა და ცხენზე ჯირითი...

- დიახ, დიდი ხანი ვცხოვრობდი მოსკოვში, ვსწავლობდი და ვმუშაობდი იქ, მაგრამ უკვე 12 წელია, თბილისში ვარ. ყველაფერი, რაც მოძებნეთ, აბსოლუტური სიმართლეა გარდა იმისა, რომ სილამაზის კონკურსში ვმონაწილეობდი.

- ევერესტის შემდეგ რა გეგმები გაქვთ როგორც მთამსვლელს და ასევე საინტერესოა პროფესიული გეგმებიც...

- არის რამდენიმე მწვერვალი, რომელზეც ასვლა მსურს, მაგრამ ალბათ, ჩემი შემდეგი დიდი ოცნებაა, შევეცადო, მოკლე დროში დავლაშქრო პლანეტის ყველა, 14 მწვერვალი - 8000 მეტრზე მაღალი. ეს რთული პროექტია, რომელიც საჭიროებს ჩემს მთელ დროს და კიდევ უფრო ინტენსიურ ვარჯიშს.

ამისთვის ასევე მჭირდება სპონსორები, ვნახოთ, მომავალში ამბები როგორ განვითარდება.

- ისე მწვერვალიდან როგორ ჩანს დანარჩენი სამყარო და როგორია ამ დროს ადამიანის ემოციები?

- ამ ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოსცემ. წარმოიდგინეთ, რომ ზემოდან ვუყურებდი ჩვენს პლანეტას და იმ მომენტში მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღლა ვიდექი. ჩემს ემოციებს და ასვლის პროცესს, დეტალურად ვუზიარებდი "ინსტაგრამზე" ჩემს გამომწერებს...

მინდა, თითოეულ ადამიანს ვუთხრა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, აბსოლუტურად, ყველაფერი. იყო დრო, როცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე ამას შევძლებდი, მაგრამ ყველამ ნახა, რომ შევძელი. იოცნებეთ და აიხდინეთ თქვენი ოცნებები...

იხილეთ ასევე: