ავტორი:

"გიორგისთან რომ ვრეკავდი, ვიდეოთვალს არასდროს მირთავდა, ისე მელაპარაკებოდა, ბოლომდე არ მეუბნებოდა..." - რას ჰყვება გოჩოლეიშვილის დედა

"გიორგისთან რომ ვრეკავდი, ვიდეოთვალს არასდროს მირთავდა, ისე მელაპარაკებოდა, ბოლომდე არ მეუბნებოდა..." - რას ჰყვება გოჩოლეიშვილის დედა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი გოჩოლეიშვილის ცხოვრებაში შვილის ჯანმრთელობის გაუარესებით გამოწვეული რთული პერიოდი დასრულდა და ახლა მის კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც სასიხარულო ამბები ხდება. სანდრო განიკურნა და თავს კარგად გრძნობს, დანიური "კოპენჰაგენი", გუნდი, რომლის ღირსებასაც გიორგი იცავს, ქვეყნის ჩემპიონი გახდა..

ხათუნა კვერნაძე, გიორგი გოჩოლეიშვილის დედა:

- დიდი ნერვიულობის შემდეგ სასიხარულო ამბები გვაქვს და ყველანი უზომოდ ბედნიერები ვართ. ჩვენი სანდრო თავს კარგად გრძნობს, ექიმებმა დანიშნული მედიკამენტებიც კი მოუხსნეს.

- სანდროს ავადმყოფობის შესახებ, როგორ გაიგეთ?

- სანდრო 1 წლის არის. თვეების იყო, როდესაც მისი ავადმყოფობის შესახებ გავიგეთ. გიორგის მეუღლე და ბავშვი თბილისში იყვნენ, სანდროს ტემპერატურა აეწია, რაც თავდაპირველად კბილების ამოსვლას დაუკავშირეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურა საეჭვოდ გახანგრძლივდა. გაჩნდა ეჭვი, რომ კბილების ბრალი არ იყო. ჩატარებული კვლევებით ლეიკემია დადასტურდა. გიორგი ჩამოვიდა, მეუღლე და ბავშვი დანიაში წაიყვანა და საუკეთესო ექიმებთან, ძალიან მაღალი დონის კლინიკაში მიიყვანა. იქ უთხრეს, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა იყო საჭირო, დონორის ძიება დაიწყეს.

გიორგის თანაგუნდელები, იქაური გულშემატკივრები მხარში ედგნენ, ამხნევებდნენ. ამის დასტურად, ერთ-ერთი თამაშის დროს ტრიბუნებიდან ბანერი გადმოკიდეს, რომ ყველანი გიორგის გვერდით იდგნენ. მას თანაგუნდელები, მწვრთნელი ძალიან უყვარს. სანდროს პრობლემები რომ ჰქონდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი საავადმყოფოში ბავშვის სანახავადაც კი მისულა.

გიორგისთან რომ ვრეკავდი, ვიდეოთვალს არასდროს მირთავდა, ისე მელაპარაკებოდა, ბოლომდე არ მეუბნებოდა ბავშვის მდგომარეობის სიმძიმეს. როდესაც ინტერნეტში ეს ბანერები ვნახე, წარწერით, "გიორგი გოჩოლეიშვილის ოჯახს მხნეობას ვუსურვებთო!", ლამის გული გამისკდა.

ოპერაციისთვის საჭირო მასალა დანიელი ფეხბურთელის ერთ-ერთ ქომაგს ჩაუბარებია და ეს გოგონა გახდა სანდროს დონორი. ბავშვს ოპერაცია გაუკეთდა.გიორგის საცხოვრებელი ადგილი საავადმყოფო იყო, იქ იძინებდა, სულ ბავშვთან იყო და მერე თამაშზე მიდიოდა, ამ დროს მეუღლე ენაცვლებოდა.

- ამ რთულ დღეებში თამაშს მაინც ახერხებდა?

- ერთხელ ვკითხე, დე, კიდევ როგორ ახერხებ თამაშს-მეთქი? მითხრა, ბანერი რომ დავინახე, იმ დღეს საოცარი ძალა მომეცა, მიუხედავად იმისა, რომ ღამე საავადმყოფოში მქონდა გათეულიო. იმ დღეს გიორგიმ საუკეთესოდ ითამაშა, გოლიც გაიტანა. ჩემი შვილი ამ თემაზე საჯაროდ არ ლაპარაკობდა, ინტერვიუებში ამ დეტალებს არ ჰყვებოდა. ძალიან ძლიერი ბიჭი აღმოჩნდა. ამ ამბების პარალელურად, მხოლოდ ერთი თამაში გაუცდა, თუმცა სტადიონზე როცა შედიოდა, ყოველთვის ჰქონდა წარმატებული თამაშები. გიორგის ყველა პატივს სცემს, როდესაც მასზე კარგს ლაპარაკობენ, უზომოდ ბედნიერი ვარ.

ნახეთ ასევე: