სუპერმოდელმა დებმა, ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა საიდუმლო გაამხილეს - მათი განცხადებით, ჰყავთ ნახევარდა, 23 წლის აიდან ნიქსი.
მოდელებმა ნახევარდის შესახებ განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ აიდანი ჰადიდების მამას, მოჰამედ ჰადიდს ტერი ჰეტფილდ დანისგან, მცირეხნიანი რომანის შემდეგ შეეძინა.
"20 წელზე მეტი ხნის წინ, ჩვენს მამას ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა, რასაც მისი პარტნიორის ორსულობა მოჰყვა. აიდანი ფლორიდაში დაიბადა და გაიზარდა. გოგონა გაზარდა დედის პარტნიორმა მამაკაცმა. აიდანს კი სჯეროდა, რომ სწორედ ის მამაკაცი იყო მისი მამა. აიდანის გამზრდელი მამა მოულოდნელად მაშინ გარდაიცვალა, როცა გოგონა 19 წლის იყო", - აცხადებენ ჯიჯი და ბელა.
ერთ დღესაც გოგონამ გენეტიკური ტესტის გაკეთება გადაწყვიტა და პასუხი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - გაირკვა, რომ კაცი, რომელიც ზრდიდა, მისი ბიოლოგიური მამა არ იყო.
ჯიჯი და ბელა ამბობენ, რომ აიდანის შესახებ დაახლოებით, ორი წლის წინ გაიგეს. პირველად 2023 წლის ბოლოს დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც აიდანი პარიზში სასწავლებლად იმყოფებოდა. დები ჰადიდების განცხადებით, ამის შემდეგ აიდანმა დრო გაატარა მთელი ოჯახის გვერდით, მათ შორის 78 წლის მოჰამედთან, ბიოლოგიურ მამასთან. ბელა და ჯიჯი ამბობენ, რომ ნახევარდას სიყვარულით შეხვდნენ.
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და ძალიან გვიყვარს ჩვენი ოჯახის ეს მოულოდნელი და ლამაზი ახალი წევრი. ჩვენ, და-ძმებს ერთმანეთთან ღია და სიყვარულით სავსე საუბარი გვქონდა, მათ შორის ვისაუბრეთ აიდანთან თუ როგორ უნდა დავიცვათ ის. აიდანს და მის ოჯახს კონფიდენციალურობის დაცვა სურს და ჩვენ ამას სრულად პატივს ვცემთ და სხვებსაც ვთხოვთ იგივე გააკეთონ, პატივი სცენ მის უფლებას და სურვილს დარჩეს ანონიმურად", - აცხადებენ ჯიჯი და ბელა ჰადიდები.
ჯიჯის და ბელას ასევე ჰყავთ ძმა, 25 წლის ანვარ ჰადიდი. ჯიჯიც, ბელაც და ანვარიც მოჰამედ ჰადიდს იოლანდასთან ქორწინებიდან ჰყავს. მოჰამედს ასევე ჰყავს კიდევ ორი შვილი მერი ბატლერთან ქორწინებიდან - 44 წლის მარიელი და 39 წლის ალანა.