ავტორი:

"რუსეთისთვის ეს უზარმაზარი დანაკარგია... მიზნებზე წვდომის კოეფიციენტი თითქმის 100%-იანია" - სპეცოპერაცია "ობობის ქსელის" დეტალები: ვინ შეიძლება დახმარებოდა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციით?

"რუსეთისთვის ეს უზარმაზარი დანაკარგია... მიზნებზე წვდომის კოეფიციენტი თითქმის 100%-იანია" - სპეცოპერაცია "ობობის ქსელის" დეტალები: ვინ შეიძლება დახმარებოდა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციით?

დღეს ინტერნეტში გავრცელდა მორიგი სატელიტური ფოტოები, რაც უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგს ასახავს. ამჯერად კადრები რუსეთის ირკუტსკის ოლქში მდებარე ავიაბაზა "ბელაიადან" არის - სურათებზე ჩანს ავიაბაზის დაზიანებები, რაც ადასტურებს Ту-95МС-ისა და Ту-22М3-ის ტიპის ბომბდამშენების დაზიანებას ან განადგურებას.

სატელიტური ფოტოები სოციალურ ქსელ X-ში, 2 ივნისის ღამეს გაავრცელა OSINT-ანალიტიკოსმა კრის ბიგერსმა .

ფოტოზე ჩანს, რომ თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, განადგურდა ოთხი Ту-22М3 და სამი Ту-95МС, ხოლო ერთი Ту-95МС დაზიანებულია.

"რუსეთი ტრაბახობს, უკრაინა მოქმედებს, ეს მხოლოდ სამხედრო აქტი არ არის, ეს პოლიტიკური გზავნილიცაა“, - ამგვარად შეაფასა გიორგი თავდგირიძემ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გუშინ განხორციელებული მასშტაბური ოპერაცია სახელწოდებით - "ობობის ქსელი“, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე ერთდროულად შეტევისათვის 117 დრონი გამოიყენეს. დაზიანდა 40-ზე მეტი სტრატეგიული ბომბდამშენი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22M3 ტიპის თვითმფრინავები. ოპერაციის შედეგად, რუსეთის ავიაციას მიადგა დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ზარალი. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოპერაცია 1.5 წლის განმავლობაში იგეგმებოდა და მას უშუალოდ ხელმძღვანელობდა СБУ-ს უფროსი ვასილ მალიუკი. დრონების მართვა ხდებოდა ოპერატორების მიერ, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე, უშუალოდ FSB-ს დირექტორატის მახლობლად მდებარე "ოფისიდან“ მოქმედებდნენ. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე უსაფრთხოდ გამოიყვანეს რუსეთის ტერიტორიიდან. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ოპერაცია წარმოადგენს თანამედროვე ომის ტაქტიკის ნათელ მაგალითს, სადაც მცირე ზომის, მაგრამ მაღალტექნოლოგიური საშუალებებით შესაძლებელია მოწინააღმდეგის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება. მან აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია ეფექტიანად გამოიყენოს ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები, რათა მიაყენოს სერიოზული ზიანი მოწინააღმდეგეს, რაც შესაძლოა გავლენას მოახდენს ომის შემდგომ განვითარებაზე. უფრო ვრცლად ამ თემაზე, რუსების შესაძლო შურისძიებისა და უკრაინის შემდგომ ნაბიჯების საკუთარ ვერსიას სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე გვიზიარებს:

- სამხედრო თვალსაზრისით, ეს იყო ბრწყინვალე ოპერაცია. ძალიან რთულად ჩასატარებელი და მრავალ კომპონენტზე გათვლილი სამხედრო ღონისძიება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე გეოგრაფიულ არეალზე მიმდინარეობდა და სინქრონულობა კრიტიკული მნიშვნელობის იყო. ეს არის საოცარი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სინქრონული, ეფექტიანი შეტევა.

- რა იყო მთავარი, რაც ამ ოპერაციას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის?

- პირველ რიგში, ეს იყო სტრატეგიული დონის ოპერაცია, რომელიც მიყენებული ზიანითაც და შესრულების ხარისხითაც მაღალ შეფასებას იმსახურებს. ერთდროულად განხორციელდა შეტევა რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტზე. დარტყმების სიზუსტე მაქსიმალურად მაღალი იყო - მიზნებზე წვდომის კოეფიციენტი თითქმის ასპროცენტიანია. ეს ნიშნავს, რომ ოპერაცია არამხოლოდ კარგად იყო დაგეგმილი, არამედ სრულყოფილად იყო უზრუნველყოფილი საინფორმაციო და დაზვერვითი თვალსაზრისითაც.

- რამდენად იზიარებთ გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ თითქოს ამ ოპერაციის განხორციელებისას სადაზვერვო ინფორმაციის თვალსაზრისით, უკრაინას მესამე ქვეყანამ აღმოუჩინა დახმარებაა?

- ეს ოპერაცია უკრაინამ ჩაატარა. რაც შეეხება სადაზვერვო მხარდაჭერას - შესაძლოა, კიევმა მიიღო გარკვეული დახმარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მესამე ქვეყანამ განახორციელა ოპერაცია. თუ მოკავშირე ქვეყანა გაწვდის ინფორმაციას, ეს უკვე შენი ქვეყნის დამსახურებაა - ეს ნიშნავს, რომ შენ გყავს პარტნიორი, რომელიც გენდობა და თავის დაზვერვით მონაცემს გაწვდის. მაგრამ ეს ურთიერთობა ორმხრივია - ის შენგანაც ელის რაიმეს. ასე შენდება ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. კონკრეტული სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში მესამე ქვეყანა უშუალოდ ჩართული არ იქნებოდა. ასეთ შემთხვევებში მოქმედებს დაუწერელი კანონები და სამხედრო ეთიკის ნორმები. ოპერაციული დაგეგმარება იმდენად დელიკატური საკითხია, რომ მასში თვალის შევლებაც კი მიუღებელია - თუნდაც მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან. საერთო ფონის ცოდნა შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ დეტალების დონეზე - არა. მით უმეტეს, როდესაც საქმე სტრატეგიული დონის დარტყმას ეხება.

- მაგალითად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია საქმის კურსში მაინც იყო?

- ზოგადი ინფორმაცია, რომ რაღაც იგეგმებოდა, შესაძლოა ჰქონოდათ, თუმცა ოპერაციის კონკრეტულ დეტალებზე, მიზნებზე, გეგმებზე არავინ იქნებოდა ინფორმირებული. მით უმეტეს, სამხედრო მეთაურობა არ ჩაერევა სხვა ქვეყნის ოპერატიულ გეგმებში, თუნდაც ამერიკის. ეს სამხედრო ეთიკის საკითხია. ვერსიას იმის შესახებ, რომ უკრაინა დამოუკიდებლად ასეთ ოპერაციას დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებდა, ეკუთვნით მათ, ვისაც არ სურს უკრაინის ძლიერების აღიარება. იმის შესახებ საუბარი, რომ მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს დახმარებით შეიძლება მსგავსი დონის ოპერაციის წარმატება, გულის ფხანას ჰგავს. რეალურად, უკრაინამ საქმე გააკეთა, თანაც ძალიან მაღალ დონეზე.

- თქვენი შეფასებით, "ობობის ქსელმა“ მართლაც აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა რუსეთს?

- აუნაზღაურებელი - მეტაფორული ნათქვამია, მე ვიტყოდი, 41 ერთეული სამხედრო თვითმფრინავის განადგურება რუსეთისთვის უზარმაზარი დანაკარგია. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთი გერმანიას ბერლინის დაბომბვით დაემუქრა, უკრაინამ კი არაფერი თქვა - უბრალოდ, საქმე გააკეთა. ახლა მსოფლიომ დაინახა, რომ მოსკოვიც დაუცველია და უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზეც ახორციელებს ზუსტ დარტყმებს. ეს სერიოზული მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ვეღარ აკონტროლებს თავის სივრცეს. უკრაინა აკეთებს საქმეს, რუსეთი კი უბრალოდ იმუქრება. უკრაინას ყოველი მომდევნო დარტყმა უფრო ეფექტიანი, ზუსტი, მიზანმიმართული და ტექნიკურად დახვეწილია. რუსული პროპაგანდა კი იძულებულია ტრაბახით და მუქარით "გაამხნეოს“ თავისი საზოგადოება.

- ე.ი. შეიძლება რეალობას შესაბამებოდეს გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსეთს აღარ დარჩა ატომური ბომბის გადამზიდავი თვითმფრინავები?

- ბირთვულ ტრიადას რაც შეეხება - მის ზუსტ შეფასებას ვერავინ გააკეთებს, მაგრამ 1/3, სავარაუდოდ, უკვე განადგურებულია. დანარჩენი კი არავინ იცის, რა არის მწყობრში და რა არის მწყობრიდან გამოსული. ხშირად მსგავსი ინფორმაცია ფარული რჩება. რაც ცნობილია არის ის, რომ სამი ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენიდან - Ту-160, Ту-95 და Ту-22 -, ყველაზე ძვირადღირებული Ту-160-ია, იმიტომ რომ ის ბირთვული იარაღის მატარებელია - სწრაფად ახორციელებს მანევრებს და შეუძლია შეტევა რუსეთის სიღრმიდან. ბირთვული იარაღი განთავსებულია არა მხოლოდ თვითმფრინავებზე, არამედ სტაციონარულ გამშვებ ობიექტებზეც. ეს ყველაფერი ერთიანობაში ავსებს ერთმანეთს. ბირთვულ ომს ძალიან რთული და სპეციფიკური მახასიათებლები აქვს. ამ ფონზე შეიძლება ითქვას, რომ უკრაინამ რუსეთს სტრატეგიული დარტყმა მიაყენა. რუსეთს პრეტენზია აქვს ზესახელმწიფოს სტატუსზე და ამ სტატუსის ერთადერთ პარამეტრად ბირთვულ იარაღს მიიჩნევს. სწორედ ამ მიმართულებით მიიღო ძალიან მტკივნეული ზიანი.

თუმცა გული ბოლომდე არ უნდა დავიმშვიდოთ - გარკვეული პოტენციალის მატარებელი რუსეთი მაინც რჩება.

- ზოგიერთი ანალიტიკოსი რუსეთის დამანგრეველ შურისძიებაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთიდან უკრაინის საზღვრისკენ "ორეშნიკები“ დაიძრა.

- რუსეთი ის სახელმწიფოა, რომლის პროპაგანდა პოლიტიკის ნაწილია. მისთვის ეს ოპერაცია სერიოზული დარტყმა იყო. დააკვირდით ორივე ქვეყნის ომის წარმოების სტილს - უკრაინამ ომის დაწყებიდან დღემდე ყველა დარტყმას მიზანმიმართულად სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა. (შეიძლება, შემთხვევით ჭურვი სხვა ადგილზეც ჩავარდეს) რუსეთი კი უმეტესწილად სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებს - საცხოვრებელ სახლებს, საბავშვო მოედნებს, ენერგოობიექტებს. განსხვავება ფუნდამენტურია. უკრაინა სამხედრო მიზნებზე ახორციელებს ზუსტ დარტყმებს, რუსეთი - სამოქალაქო მოსახლეობას აზიანებს და ეფექტიან შედეგს ვერ აღწევს. სწორედ ეს იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას თავად რუსი მოქალაქეების წრეშიც. დღეს უკრაინას რუსეთმა 80 დრონი და "ისკანდერის" ტიპის რაკეტები გაუშვა. არის მსხვერპლიც მათ შორის ბავშვებში, მაგრამ ამას ადრე არ აკეთებდა? რა თქმა უნდა, მასირებული შეტევები კიდევ იქნება - მაგრამ ეს ამ სპეცოპერაციის გარეშეც მოხდებოდა. უბრალოდ, არსებობს ფიზიკური და ფინანსური ზღვარი, რისი გადაჭარბებაც რუსეთს აღარ შეუძლია. ერთადერთი, რაც შესაძლოა რუსეთმა ამ ეტაპზე გააკეთოს, დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაა

იხილეთ ასევე: