ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონს შეუტია.

აფეთქებები ისმოდა ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში. როგორც ხერსონის ოლქის ე.წ. „გუბერნატორმა“ ვოლოდიმირ სალდომ განაცხადა, 150 დასახლებაში 100 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
საოკუპაციო ხელისუფლება ამის მიზეზად უკრაინის არმიის დარტყმებს ასახელებს.
დაიწვა კერძო სახლები, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულება და სამრეწველო საწარმო;

ბალაკლიაში „შაჰიდის“ დრონის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კარაბანოვმა განაცხადა. არიან დაშავებულებიც.

ხანძარი გაუჩნდა საწყობებსა და მანქანებს, დაზიანდა ავტოფარეხები და სახლები.


ხარკოვის რეგიონში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 6.
რუსეთმა დაარტყა სუმსაც. ადგილობრივი არხები წერენ ერთი გარდაცვლილისა და სამი დაშავებულის შესახებ.

ქალაქის ცენტრში დაიწვა მანქანები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მასში მგზავრებიც იმყოფებოდნენ.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში რუსების მიერ გაშვებული 75 დრონი გაანეიტრალეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 60 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 15 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსების საჰაერო დარტყმები 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
იხილეთ ასევე: