ავტორი:

იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ შექმნეს ხელოვნური სისხლი, რომელიც ყველა ჯგუფის სისხლს ერგება

იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ შექმნეს ხელოვნური სისხლი, რომელიც ყველა ჯგუფის სისხლს ერგება

სისხლის გადასხმა, რომელიც ჯანდაცვის კრიტიკულ კომპონენტს წარმოადგენს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადარჩენისთვის.

თუმცა, მსოფლიოს ჯანდაცვა სისხლის ადეკვატური მარაგის შენარჩუნების გამოწვევის წინაშე დგას. როგორც წესი, კონკრეტული ჯგუფის სისხლზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე დონორების მიერ გაღებული სისხლი და ხშირად მისი მოპოვება ძალიან ძნელია.

იაპონელი მეცნიერების გუნდი, “ნარას“ სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელ ჰირომი საკაის ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს ხელოვნური სისხლი, რომელიც ყველა ტიპის სისხლის ჯგუფს ერგება.

როგორც tokyoweekender წერს, ხელოვნური სისხლი იქმნება დონორის სისხლიდან ჰემოგლობინის ამოღებით. ჰემოგლობინი არის რკინის შემცველი ცილა, რომელსაც თავის მხრივ სისხლის წითელ უჯრედებში ჟანგბადი გადააქვს. შემდეგ ის იფარება დამცავ გარსში, რათა შეიქმნას სტაბილური, ვირუსებისგან თავისუფალი ხელოვნური სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები. რადგანაც ამ ხელოვნურ უჯრედებს არ აქვთ სისხლის ჯგუფი, თავსებადობაზე ტესტირება საჭირო არ არის, ყველა ჯგუფის სისხლს ერგება.

როგორც ამბობენ, ხელოვნური სისხლი ოთახის ტემპერატურაზე ორ წლამდე და მაცივარში ხუთ წლამდე შეიძლება ინახებოდეს. დონორის სისხლის შენახვა მაცივარში კი მხოლოდ 42 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

ხელოვნური სისხლის მცირე მასშტაბის კვლევები ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. ცდებში მონაწილეობას იღებდა 20-დან 50 წლამდე ასაკის ოთხი ჯანმრთელი მამაკაცი, მათ ხელოვნური სისხლის ინიექცია გაუკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მონაწილეს მსუბუქი გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდა, მნიშვნელოვანი უკუჩვენებები არ დაფიქსირებულა. ამ წარმატებული ცდის შემდეგ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ გუნდი გამოცდის პროცესს ააჩქარებდა.

თუ გვერდითი მოვლენები ისევ არ დადასტურდება, კვლევა მკურნალობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესწავლაზე გადავა.

საბოლოო მიზანია, ხელოვნური სისხლი 2030 წლისთვის იქნას გამოყენებული.

წყარო

იხილეთ ასევე: