ავტორი:

"რუსეთის უძლეველობის მითი საბოლოოდ დაინგრა..." - უკრაინის მასშტაბური სპეცოპერაციები და რობოტიზებული არმია: რას გვიყვება ქართველი მებრძოლი?

"რუსეთის უძლეველობის მითი საბოლოოდ დაინგრა..." - უკრაინის მასშტაბური სპეცოპერაციები და რობოტიზებული არმია: რას გვიყვება ქართველი მებრძოლი?

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა", - გვეუბნება უკრაინაში მებრძოლი "კავკასიური ლეგიონი“ ქართველი მეთაური ლადო გამსახურდია. მისი თქმით, ჯერ სპეცოპერაცია "ობობის ქსელი“, შემდეგ კი ყირიმის ხიდის დაზიანება მნიშვნელოვანი სტიმულია, როგორც მებრძოლებისთვის, ასევე უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და ახალი რეალობის შედეგად შექმნილ განწყობებზე ლადო გამსახურდია ვრცლად გვესაუბრება.

- უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ მათი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა ზუსტად ის 41 თვითმფრინავი გაანადგურა, რომელიც ქალაქებს, სოფლებს საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებსა და საბავშვო მოედნებს ბომბავდა და მათ მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ რუსეთის უძლეველობის მითი საბოლოოდ დაინგრა.

- როგორც ვიცი, დაზვერვასთან და უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობთ. წინასწარ თუ გქონდათ რაიმე ინფორმაცია ოპერაცია - "ობობის ქსელზე“ ან ყირიმის ხიდის დაზიანების თაობაზე?

- ასეთი ინფორმაცია არც მაქვს და რომც მქონოდა, მაინც ვერ ვიტყოდი. სპეცსამსახურები ძალიან დიდი სიფრთხილით მუშაობენ ასეთ საქმეებზე. უფრო მეტიც კონკრეტული ოპერაციების შესახებ, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ფლობს ინფორმაციას.

- უკვე გავრცელდა რუსი პოლიტიკოსების, სამხედრო პროპაგანდისტების მუქარის შემცველი განცხადებები. რისი თქმა შეგიძლიათ, უკრაინა ახლა შურისძიების მოლოდინშია?

- რუსებმა უკრაინაში იმაზე უარესი რა უნდა გააკეთონ, რაც უკვე გააკეთეს? არც ამ ღონისძიებების განხორციელებამდე ინდობდნენ მშვიდობიან მოსახლეობას - ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. ახლახან სწორედ იმ საშუალებების 1/3 გაუნადგურდათ, რითაც მკვლელობებს ჩადიოდნენ. ჩვენ დიდი ხანია, რაც რუსეთის შიში დავძლიეთ. ბოლო სამმა წელმა გვაჩვენა, რომ რუსეთის არმია ისეთიც არ ყოფილა, როგორც რუსი პროპაგანდისტები წარმოაჩენდნენ. სამ დღეში აპირებდნენ კიევის აღებას აპირებდნენ და აგერ ომის მესამე წელს რუსები საკუთარ ტერიტორიაზეც ვეღარ ინარჩუნებენ უპირატესობას, ჩვენი დრონები ყველგან აღწევენ - აეროპორტებში, ზღვაში... მილიონამდე რუსი სამხედრო უკვე ლიკვიდირებულია.

- თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიგ რეგიონებში რუსები წინ მიიწევენ...

- ძალიან დიდი ადამიანური მსხვერპლის, რესურსის და დროის ფასად უმნიშვნელო, ძალიან პატარა ტერიტორიების დაკავებას ახერხებენ და მერე იმის შენარჩუნებაც უჭირთ. ახლა ომის ახალი ეტაპი იწყება - ყველაფერი ტექნიკაზეა დამოკიდებული. რუსეთის შეტევა ძველებურად ნამდვილად ვეღარ მუშაობს. ზოგადად ფრონტი ყველგან გაყინულია, რადგან საქმეში მასობრივად არიან ჩართული დრონები. მოიერიშე ჯგუფები კონსოლიდირებას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ კამიკაძე დრონები ადგილზე ანეიტრალებენ. კამიკაძე დრონები მიზანმიმართულად ეძებენ ასეთ ჯგუფებს, 7 დან 30 კილომეტრამდე სიღრმეში. ბოლო პერიოდში, რუსები დიდი დანაკარგების მიუხედავად, წინ ვეღარ მოიწევენ.

- ზოგიერთი ვერსიით, უკრაინულ არმიას ახლა ძალების შევსება უჭირს...

- ეგ ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, დეზერტირი ყველგან არის. არიან ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, არ სურთ ომში მონაწილეობა, მაგრამ უკრაინული არმია ნამდვილად არ განიცდის მებრძოლი და პასუხისმგებლობიანი ადამიანების ნაკლებობას. პირადი მაგალითით გეტყვით, რომ ლეგიონში ხალხის პრობლემა არასდროს გვაქვს. უფრო მეტიც, უარის თქვა გვიწევს, იმის გამო, რომ ჩვენ ახლებური სპეციფიკის მეომრები გვჭირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში უკვე შეიქმნა რობოტიზებული სისტემების ბრიგადები, რომელიც აღჭურვილია როგორც მიწის ზედა, ასევე საჰაერო დრონებითა და სხვადასხვა უპილოტო სისტემებით. ჩათვალეთ, რომ ეს არის, რობოტებით შეიარაღებული ახალი არმია. ამის ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ არსებობს. "კავკასიურ ლეგიონში“ მიმდინარეობს მებრძოლების გადამზადება ამ ტექნიკის ასათვისებლად. ბიჭებს ძალიან მოსწონთ, მოტივირებულები არიან და ვფიქრობ ზაფხულში უკვე შევძლებთ, რომ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვიყენოთ ახალი სისტემები - სადაზვერვო, ასევე თავდამსხმელი, ანუ კამიკაძე დრონებით.

- რამდენად გაქვთ იმედი, რომ ბოლოსდაბოლოს ლიდერები - ტრამპი, პუტინი და ზელენსკი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწევენ?

- სიმართლე რომ გითხრათ, აქ არავის, მათ შორის არც მე არ მაქვს იმედი, რომ ტრამპი პუტინის დაყოლიებას შეძლებს და ამ სისხლისმღვრელ ომს შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მშვიდობის მისაღწევად, ამასთანავე, გამალებულად აძლიერებს თავდაცვას, ახორციელებს გადამზადებას და ა.შ. ნეტავ ქართული არმიის გაძლიერებაზეც ზრუნავდეს ვინმე. საქართველოს რომ ეროვნული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება ჰყავდეს, ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული რესურსი აქვს უძლიერესი არმიის შესაქმნელად. გარდა იმისა, რომ ქართველებმა, მთელს მსოფლიოში სიმამაცით გაითქვეს სახელი, ჩვენი ლეგიონის მაგალითითაც შემიძლია გითხრათ, რომ ახალი ტექნოლოგიების ათვისებაშიც ძალიან სერიოზულ უნარებს ავლენენ. დასანანია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ იყენებს. შეიარაღებული ჯარი ნებისმიერი გამოწვევებისთვის არის მზად. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ლეგიონში ქართველების გარდა, სხვა კავკასიელებიც არიან და ისინიც არანაკლებად არიან მოტივირებულები, მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში - როგორც ტრადიციული მეთოდებით, ასევე ახალი, ტექნოლოგიური მეთოდებით.

- ფიქრობთ, რომ ახალ ტექნოლოგიებს რუსები არ ითვისებენ?

- რა თქმა უნდა, რუსებიც ითვისებენ. ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება, ასე რომ ვფიქრობდეთ. თუმცა, მათ არ აქვს იმხელა რესურსი, რამდენიც უკრაინას - დასავლელი პარტნიორების დახმარებით. ასეა თუ ისე ორივე მხარე - უკრაინაც და რუსეთიც გადასულია ტექნოლოგიურ ომზე, სამწუხაროდ, საქართველოში არ იციან ამის შესახებ არაფერი. ყველაფერი იქით მიდის, რომ მთელი მსოფლიო ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზეა მომართული, ძალიან მალე ძველი იარაღი ფუნქციას დაკარგავს.

- ე.ი. ახლოს არის დრო, როდესაც ომში ადამიანების ნაცვლად რობოტები იბრძოლებენ?

- საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ნამდვილად ახლოს არის ასეთი პერიოდი. ფაქტი ის არის, რომ სულ ახლებური არმიები იქმნება, სადაც ცოცხალ ძალას უფრო და უფრო ცოტა საქმე რჩება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკა ისე გაძლიერდეს, რომ რუსებმა ვეღარ შეძლონ ტექნოლოგიებზე ფეხის აყოლა.

- ლადო როგორც გავიგე, უკრაინელებმა "კავკასიურ ლეგიონს“ და პირადად თქვენ სიმღერა მოგიძღვნეს...

- დიახ, ვერ გეტყვით, რომ ეს არ გამიხარდა, ნამდვილად მსიამოვნებს კეთილგანწყობილი სიტყვების მოსმენა, თუმცა, ამაზე საუბარი მეუხერხულება.

იხილეთ ასევე: