პერუში ნაპოვნი უცნაური “უცხოპლანეტელი“ მუმიების შემსწავლელმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ნეშტის საშვილოსნოში ნაყოფი იპოვეს.
ისტორია ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა მცხოვრებმა ლენდრო რივერამ პერუს, ნასკას უდაბნოში ათობით მუმიფიცირებული სხეული აღმოაჩინა. მეცნიერებმა მათი წარმოშობის დასადგენად კვლევები დაიწყეს, რომელიც ახლაც გრძელდება.
დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ ფიგურებს სამი თითი და წაგრძელებული თავები ჰქონდათ, სადაც შუბლის არეში ლითონის ფირფიტები ჰქონდათ დამაგრებული.
თუმცა, აღმოჩენას განხეთქილებაც მოჰყვა. სხვა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ნიმუშები ცხოველის ძვლებისგან დამზადებული, თანამედროვე წებოთი შეკრული ფიტულები იყო.
ჯგუფი მიიჩნევს, რომ “მონსერატი“ 1200 წლის წინ გარდაიცვალა, ის 30 კვირაზე ნაკლები ხნის ორსული იყო.
კომპიუტერული ტომოგრაფიით ნაჩვენებია, რომ „ნაყოფი“ ზურგზე წევს, თავი მუცელთან და მკერდთან ახლოს აქვს, ხელები კი მენჯის არესთან უფრო ახლოს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ “მონსერატის“ ძვლები ჯერ კიდევ რბილი იყო მისი გარდაცვალების დროს. მათ „ნაყოფის“ ასაკი ბარძაყის ძვლის ზომის მიხედვით შეაფასეს, რომლის სიგრძე 43 მილიმეტრია.
ეს მეთოდი ორსულობის ვადის შესაფასებლად გამოიყენება.
„ხელების პოზიციას დავაკვირდი, თითქოს მას მუცლის დაცვა სურდა, რომელიც ორსულობის სტადიაში იყო. ერთი ხელი ზემოთ იყო, მეორე კი ქვემოთ. მუცელი გამომშრალი იყო, დეჰიდრირებული და თითქმის ბრტყელი იყო, მაგრამ ხელები მაინც პოზიციაზე დარჩა, - განუცხადა Daily Mail-ს მკვლევარმა ჯოის მანტილამ.
მანტილამ ასევე აღნიშნა, რომ აქამდე იდენტიფიცირებულ ორგანოებს ადამიანის ორგანოებთან ანატომიური მსგავსება აქვთ, თუმცა მან ხაზი გაუსვა უფრო სიღრმისეული ანალიზის ჩატარების აუცილებლობას.
„ამჟამად, ნაყოფსა და დედას შორის ერთადერთი აშკარა ანატომიური მსგავსება სამთითიანი ხელები და ფეხებია“, - თქვა მან.
ჯგუფის შეფასებით, “მონსერატი“ გარდაცვალების დროს 16-დან 25 წლამდე ასაკის იყო. მისი სიმაღლე დაახლოებით 170 სანტიმეტრი იყო და მკერდსა და თავში ლითონის იმპლანტები ჰქონდა.
ჯგუფმა ლითონის ფირფიტები სხვა მუმიების სხეულებზეც აღმოაჩინა.
იხილეთ ასევე: