ICE (იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის ორგანო) ლოს-ანჯელესში, არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის მიზნით, უკვე მეოთხე დღეა რეიდებს ატარებს. თუმცა, სამართალდამცველების მუშაობას მეოთხე დღეა ქუჩაში გამოსული ხალხი უწევს წინააღმდეგობას.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება ისევ მოხდა. მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ფლეშ-აფეთქებები და სხვა იარაღები გამოიყენეს.
მედიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს.
ამასთან, სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ის სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ.
ატლანტაში აქციის მონაწილეები საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) შენობის წინ შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილსა და დალასშიც.
მედიის ცნობით, ისინი პოლიციას ფეიერვერკებს და ბოთლებს ესროდნენ.
FBI-მ ლოს-ანჯელესის პროტესტში მონაწილე რამდენიმე პირი საგანგებოდ ძებნილთა სიაში დაამატა. უწყებამ გამოაქვეყნა პროტესტანტების ფოტოები, სადაც მათ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის ქვების სროლა ედებათ ბრალად.
FBI-მ მამაკაცის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 50 000 დოლარი დააწესა და აღნიშნა, რომ ისინი „შეიარაღებულად და საშიშად“ ითვლებიან.
ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, აშშ-ის არმია ქალაქში დროებით დაახლოებით 700 საზღვაო ქვეითს განათავსებს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის განცხადებით, საზღვაო ქვეითების განლაგება ლოს-ანჯელესში წესრიგის აღსადგენად ხორციელდება.
„ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და ფედერალური შენობების მიმართ გაზრდილი საფრთხის გამო, პენდლტონის ბანაკიდან დაახლოებით 700 აქტიური აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი ლოს-ანჯელესში წესრიგის აღსადგენად გადაჰყავთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავიცვათ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები - მაშინაც კი, თუ გევინ ნიუსომი ამას არ გააკეთებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
კალიფორნიის შტატმა ორშაბათს ტრამპის ადმინისტრაციას ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების განლაგების დაბლოკვის მოთხოვნით უჩივლა, იმ მოტივით, რომ ეს ფედერალურ კანონს და შტატის სუვერენიტეტს არღვევს. მოგვიანებით, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ მას აცნობეს, რომ ტრამპი ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის კიდევ 2 000 ჯარისკაცს განალაგებს.
შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფე, ტომ ჰომენი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე კალიფორნიის გუბერნატორს, გევინ ნიუსომსა და ლოს-ანჯელესის მერს, კარენ ბასს დაპატიმრებით დაემუქრა.
„ტომის ადგილას მე ამას გავაკეთებდი. ეს შესანიშნავია. გევინს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნებოდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ნიუსომი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „იმედი ჰქონდა, ვერასდროს ნახავდა იმ დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი მოქმედი გუბერნატორის დაკავებას მოითხოვდა“.
„არ აქვს მნიშვნელობა, „დემოკრატი“ ხარ თუ „რესპუბლიკელი“, ეს არის ზღვარი, რომლის გადაკვეთაც, როგორც ერს, არ შეგვიძლია. ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული აშკარა ნაბიჯია“, - დაწერა კალიფორნიის გუბერნატორმა X-ზე.
მიუხედავად ყველაფრისა, საპროტესტო აქციების ფონზე საიმიგრაციო რეიდები გრძელდება.
იხილეთ ასევე: