ავტორი:

ვრცელდება კადრები, როგორ აწყობენ "მოსადის" აგენტები ირანის სიღრმეში რაკეტებსა და ასაფეთქებელ დრონებს - სიზუსტით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო

ვრცელდება კადრები, როგორ აწყობენ "მოსადის" აგენტები ირანის სიღრმეში რაკეტებსა და ასაფეთქებელ დრონებს - სიზუსტით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო

ირანზე 200 საბრძოლო თვითმფრინავის გაშვებიდან რამდენიმე საათში, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გამოაქვეყნეს ვიდეომასალა, რომელზეც, მათი თქმით, ჩანს, თუ როგორ აწყობენ „მოსადის“ აგენტები ირანის სიღრმეში რაკეტებსა და ასაფეთქებელ დრონებს. ეს რაკეტები თეირანთან ახლოს მდებარე სამიზნეებისკენაა მიმართული.

  • მოსადი ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტოა. მისი დანიშნულებაა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, ანტიტერორიზმი, ანტისახელმწიფოებრივი ზრახვებისა და უკანონო შეიარაღებული ქმედებების გამოძიება. ინსტიტუტი ისრაელის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის კომპონენტია, დამოუკიდებელია სამხედრო დაზვერვისა და ეროვნული პოლიციისგან.

მოსადი აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან (CIA), ბრიტანულ MI-6-თან, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან (СВР) ერთად, მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ეფექტიანი სპეცსამსახურების სიაში შედის.

10 თვის წინ, მოსადმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ოპერატიული წევრების მიერ გამოყენებული ათასობით პეიჯერისა და რაციონის საბოტაჟი მოახერხა. თავდასხმას 37 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 3000 კი დაშავდა. შემდეგ ამ სამსახურმა წვლილი შეიტანა საჰაერო შეტევაში, რომელმაც რამდენიმე დღეში გაანადგურა ჰეზბოლას ლიდერები.

ათწლეულების განმავლობაში, "მოსადმა“ ირანში ინფორმატორების, აგენტებისა და ლოჯისტიკის ღრმა ქსელები შექმნა. გასულ წელს, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია თეირანში, სამთავრობო სასტუმროს ოთახში დამონტაჟებული ბომბით მოკლეს.

"ეს უახლესი ოპერაცია, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, მაგრამ ირანი ისრაელის დაზვერვისთვის ათწლეულის ან მეტი ხნის განმავლობაში ღია წიგნი იყო“, - თქვა იოსი მელმანმა, ისრაელის უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილმა რეპორტიორმა.

ათწლეულების განმავლობაში, ცოტას თუ სმენოდა "მოსადის“ შესახებ, რომელიც ოფიციალურად 1949 წელს დაარსდა.

მოსადის პირველი ხელმძღვანელი იყო რეუვენ შილოახი. „ბრიტანიკას” მონაცემებით, ისრაელელი მზვერავები პირველად 1951 წელს გამოაშკარავდნენ. ეს იყო ბაღდადში, როდესაც მოსადის სპეცსამსახურების წარმომადგენლები დააკავეს.

ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელია დავიდ ბარნეა.

1960 წელს მოსადმა ერთ-ერთი გამორჩეული ოპერაცია ჩაატარა. ამ დროს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ეს-ესის ოფიცერი, ჰოლოკოსტში დამნაშავე ადოლფ ეიხმანი არგენტინაში დააკავეს და 9 დღის შემდეგ ფარულად გადმოიყვანეს ისრაელში, სადაც ნაცისტური გერმანიის წარმომადგენელი გაასამართლეს.

1976 წელს ჩატარდა ოპერაცია "ჭექა ქუხილი“, იგივე ენტებე. ისრაელიდან საფრანგეთში მიმავალი თვითმფრინავი პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. ტერორისტებმა ავიალაინერი უგანდაში, ქალაქ ენტებეში გადაიყვანეს და გაათავისუფლეს მხოლოდ სხვა ეროვნების მოქალაქეები. ისრაელიდან 4000 კილომეტრის მოშორებით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შვიდივე ტერორისტი დახოცეს და გაათავისუფლეს მძევლები. ამ ოპერაციის დროს დაიღუპა მხოლოდ ერთი ძალოვანი და 3 ტყვე.

წყარო

ნახეთ ასევე: