ავსტრიაში ქართველი პლასტიკური ქირურგის დაკავების შესახებ ინფორმაცია ambebi.ge-ზე პირველად თებერვალში გამოქვეყნდა. ავსტრიული მედია მაშინ ექიმის სახელს და გვარს არ წერდა, თუმცა გვქონდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ცნობილი ქირურგი ზურაბ კეკელიაა.
ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია, არაერთ წყაროსთან გადავამოწმეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოჯახი საგულდაგულოდ მალავდა. თანამშრომლები, რომლებიც კეკელიას კლინიკაში მუშაობდნენ, ამბობდნენ, რომ მათი ინფორმაციით, კეკელია ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად მოსკოვში მკურნალობდა და მალე თბილისში დაბრუნდებოდა. კეკელიას დაკავების შესახებ ამბავი ჩვენგან გაიგეს და დაჯერება გაუჭირდათ.
ვენაში ქართველ პლასტიკურ ქირურგს, ზურაბ კ.-ს, განზრახ მძიმე სხეულის დაზიანებისთვის 20-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. შემთხვევა, რომელიც სერიოზული გართულებებით დასრულდა, გასულ თებერვალს მოხდა. 36 წლის ზურაბ კ., რომელიც სამშობლოში, საქართველოში, პატივცემულ ქირურგად ითვლება, ვენაში უკანონო კოსმეტიკურ ოპერაციებს ატარებდა.
გასული წლის 11 თებერვალს, ვენის ლანდშტრასეს რაიონში, ზურაბ კ.-მ 58 წლის ქალს უკანონოდ ჩაუტარა ნიკაპის ლიფტინგის პროცედურა. ოპერაციის შედეგად ქალს იმდენად მძიმე გართულებები განუვითარდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ღამე ვენის ცენტრალური კლინიკის (AKH) რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და სასწრაფო ნეიროქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
როგორც გაირკვა, დაზარალებულმა ქალმა მეგობრისგან ე.წ. კოსმეტიკური წვეულების შესახებ შეიტყო, სადაც იაფად სთავაზობდნენ სილამაზის პროცედურებს. სწორედ ამ გზით ჩაეწერა იგი ნიკაპის ლიფტინგზე. ოპერაცია ჩატარდა ვენის ერთ-ერთ ბინაში, რომელსაც პროკურატურა "სისხლიან და ანტისანიტარიულ“ გარემოდ აღწერდა. პროცედურა ქალს 1 500 ევრო დაუჯდა.
ავსტრიელი სპეციალისტები ამ პროცედურას მინიმუმ 8000 ევროდ აკეთებენ.

ბრალდებულის განცხადებით, მას სამედიცინო პრაქტიკის უფლება მხოლოდ საქართველოში და რუსეთში აქვს, სადაც მისი ყოველთვიური შემოსავალი 10 000-დან 15 000 დოლარამდე მერყეობს. იგი ვენაში სპეციალურად ამ ოპერაციის ჩასატარებლად ჩაფრინდა.
საქმეში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაციის დროს, რომელიც სრული ნარკოზის გარეშე და არასათანადო პირობებში ჩატარდა, პაციენტს სუნთქვის მძიმე პრობლემები დაეწყო, სისხლდენის შეჩერება კი თითქმის შეუძლებელი იყო. მანამდე სკალპელით რამდენიმე ჭრილობა გაკეთდა – ასევე სხვა, ჯერჯერობით გაურკვეველი მკურნალობის ეტაპები გაიარა. დაზარალებული ქალის დამ ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მძიმედ დაშავებული ქალი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში, ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულს ავსტრიაში ნებართვა არ ჰქონდა, ოპერაციას არასათანადო პირობებში ატარებდა და პაციენტს მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია გაუკეთა. გარდა ამისა, 36 წლის მამაკაცმა სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე ძალიან დიდხანს იცდიდა.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ბინაში აღმოაჩინა სრული სამედიცინო აღჭურვილობა, ნემსები, მედიკამენტები და მედპერსონალის უნიფორმები. არალეგალური ოპერაციები იმ ბინაში ტარდებოდა, რომელიც არც კლინიკად იყო რეგისტრირებული და ვერც სანიტარული ნორმებს აკმაყოფილებდა.

ზურაბ კ.-მ დანაშაული პირველივე დაკითხვისას სრულად აღიარა. სასამართლოზე მან განაცხადა: "ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.“ მისმა ადვოკატებმა, ფილიპ ვოლმმა და გერჰარდ იაროშმა, უარყვეს განზრახ დაზიანების ბრალდება და განაცხადეს, რომ ქალი ოპერაციას ნებაყოფლობით დათანხმდა. მათი თქმით, საქმე არ ეხებოდა ქუჩაში თავდასხმას, არამედ ეს იყო პირადი შეთანხმება.
ექსპერტმა დაადასტურა, რომ ოპერაცია ტექნიკურად სწორად იყო შესრულებული, თუმცა ბინის პირობები აბსოლუტურად მიუღებელი იყო მსგავსი ჩარევისთვის. ასევე ხაზი გაესვა, რომ თუ ექიმს ეყოლებოდა თანაშემწე, გართულებები უფრო მარტივად სამართავი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ 58 წლის ქალს ოპერაციაზე იურიდიულად ვალიდური თანხმობა არ ჰქონდა.
სასამართლომ, მარკუს მიულერის ხელმძღვანელობით, საბოლოოდ ქართველ ექიმს 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 16 თვე პირობით მსჯავრს მოიცავს. გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ქალის დაზიანების განზრახვა, ასევე გათვალისწინებულ იქნა მისი მონანიება და ცხოვრების წესი.
ვინაიდან მან უკვე მოიხადა 4 თვე წინასწარ პატიმრობაში, დაახლოებით ერთ კვირაში შეძლებს დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება.
გამოძიებისას ბინიდან ამოღებულ იქნა ქირურგიული ინსტრუმენტები, სტერილიზაციის საშუალებები და რამდენიმე ტიპის მედიკამენტი (რუსული ეტიკეტებით, სავარაუდოდ რუსეთიდან). ასევე აღმოჩნდა პროცედურების ფასების სია (500-დან 2 500 ევრომდე), რომელიც მოიცავდა ქუთუთოების ლიფტინგიდან დაწყებული სახის ლიფტინგამდე - ყველა მომსახურებას.
წაიკითხეთ ასევე: