ავტორი:

"თუ კონფლიქტის ესკალაცია გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, ირანელ დევნილთა ნაკადმა საქართველომდეც მოაღწიოს" - ისრაელ-ირანის დაპირისპირების განვითარების ვერსიები და საფრთხეები საქართველოსთვის

"თუ კონფლიქტის ესკალაცია გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, ირანელ დევნილთა ნაკადმა საქართველომდეც მოაღწიოს" - ისრაელ-ირანის დაპირისპირების განვითარების ვერსიები და საფრთხეები საქართველოსთვის

ისრაელ-ირანის კონფლიქტი ყოველდღიურად მწვავდება. პროცესების ესკალაცია არა მხოლოდ რეგიონულ უსაფრთხოებაზე მოქმედებს, არამედ გლობალური სტაბილურობისთვისაც სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსთან, გიორგი კობერიძესთან საუბრისას განვიხილავთ პროცესების შემდგომი განვითარების ვერსიებს, რეგიონულ და გლობალურ საფრთხეებს და საქართველოს წინაშე წარმოქმნილ ახალ გამოწვევებს.

გიორგი კობერიძე:

- პირველივე საათებიდან ნათელი იყო, რომ ირანი ისრაელის შეტევას ბალისტიკური რაკეტებით უპასუხებდა. ირანის თავდაცვითი კონცეფცია დიდი ხანია აგებულია შედარებით იაფფასიან, მაგრამ შორსმსროლელ ბალისტიკურ რაკეტებზე და იმგვარ შეიარაღებაზე, რომელსაც მოწინააღმდეგის შორეულ პოზიციებზე ზემოქმედება შეუძლია. შესაბამისად, ისრაელისთვის ცხადი იყო, რომ საპასუხო დარტყმა გარდაუვალი იქნებოდა. ის, რომ თელ-ავივი ასეთ სცენარს ელოდა, ჩანს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებიდანაც: ირანული იერიშების შემდეგ, მან პირველივე საათებში თქვა, - მიუხედავად იმ მძიმე ვითარებისა, რაც ქვეყანას ელის, სამხედრო ოპერაცია აუცილებელი იყოო. მისი თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა და შეიარაღებული ძალები უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოებრიობას. ნათელია, რომ ბალისტიკური რაკეტების სრულად განეიტრალება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც მათი წინააღმდეგ ასპროცენტიანი თავდაცვითი შედეგი აქვს. ისრაელის თავდასხმამდე ირანს, ცნობების მიხედვით, დაახლოებით 3000 ბალისტიკური რაკეტა ჰქონდა, რომელთა შორის 2000 ისრაელის ტერიტორიას სიღრმეში სწვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თელ-ავივმა პირველივე დარტყმებით ასობით მათგანი გაანადგურა, რაკეტების სრულად ლიკვიდაცია შეუძლებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ირანი წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მიწისქვეშა სარაკეტო საცავებზე. ცნობილი ფაქტია, რომ ისლამურ რესპუბლიკას მიწისქვეშ განთავსებული მრავალრიცხოვანი ობიექტები აქვს - ზოგიერთ შემთხვევაში 40 მეტრზე სიღრმეში. შესაბამისად, რაც ახლა ხდება, არ არის მოულოდნელი ისრაელისთვის - ეს რთული რეალობაა, თუმცა სიურპრიზი ნამდვილად - არა.

- ირანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამად კაზემი და მისი მოადგილე, გენერალი ჰასან მოჰაკიკი დაიღუპნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის იერიშებს უკვე ემსხვერპლა ირანის შეიარაღებული ძალების არაერთი გენერალი, მაიორი და მაღალი რანგის სამხედრო პირი. შესაძლოა ითქვას, რომ თეირანმა სამხედრო ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ამ მოცემულობაში ჩნდება მთავარი შეკითხვა: არის თუ არა რეალური საფრთხე, რომ ეს შეტაკება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს?

- ირანის სამხედრო ძალები ახლა კატასტროფულ მდგომარეობაშია - და არა იმიტომ, რომ სტანდარტული არმიის ელიტა განადგურდა, არამედ იმიტომ, რომ განადგურებულია რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ელიტა. საუბარია ორ სრულიად განსხვავებულ სტრუქტურაზე: ირანის რეგულარული არმია მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რევოლუციის გუშაგთა კორპუსს როგორც ბრძოლისუნარიანობით, ისე კვალიფიკაციით. დაახლოებით 250 000 სამხედრო მოსამსახურით სწორედ ეს კორპუსი წარმოადგენდა ირანის რეალურ საბრძოლო ძალას და სწორედ ის განიცდის ახლა უდიდეს დანაკარგს. ეს ნიშნავს, რომ ირანისთვის ომის წარმოება უკიდურესად გართულდება. მით უფრო, რომ ლაპარაკი არ არის სახმელეთო ომზე, ეს საჰაერო დაპირისპირებაა, სადაც ისრაელის ტექნოლოგიური და სადაზვერვო უპირატესობა ცალსახაა. რაც შეეხება ფართომასშტაბიანი ომის ალბათობას, ჩემი აზრით, სრულმასშტაბიანი ომის აუცილებელი წინაპირობა იქნებოდა ირანსა და ისრაელს შორის სახმელეთო საზღვარი, რაც, ფაქტობრივად, არ არსებობს. სირია ამ ეტაპზე დამოუკიდებელ მოთამაშედ გვევლინება და არ არის "შიიტური რკალის“ ნაწილი იმ ფორმით, როგორითაც ადრე განიხილებოდა. შესაბამისად, ამ მოცემულობაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა - არა მგონია, ვინმეს სურდეს ირანში შეჭრა, ხოლო ირანული დანაყოფების ისრაელამდე მისვლაც წარმოუდგენლად რთული იქნება.

იორდანია და სირია, დიდი ალბათობით, გზას არ გაუხსნიან ირანულ სამხედროებს. ჰეზბოლა, რომელიც ლიბანშია განთავსებული, ბოლო ორი წლის განმავლობაში ისრაელის ინტენსიური დარტყმების ობიექტი იყო. შედეგად, დღეს ჰეზბოლა იმდენად დასუსტებულია, როგორც არასდროს. თუმცა, არ არის გამორიცხული, ირანმა იერიშები მიიტანოს ამერიკულ სამხედრო ბაზებზე რეგიონში; შეიძლება კვლავ გაააქტიუროს შიიტური დაჯგუფებები ერაყში - განსაკუთრებით სახალხო რაზმები. ასევე მოსალოდნელია, რომ იემენში ჰუსიტები კიდევ უფრო რადიკალურად იმოქმედებენ.

- ბირთვულს საფრთხეებზე რას იტყვით, იმის გათვალისწინებით, რომ ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანს სრული უფლება აქვს, ბირთვული ენერგიით ისარგებლოს ?

- გარკვეული პერიოდი ისრაელში ვარაუდობდნენ, რომ ირანს შეიძლება ჰქონოდა ბირთვული იარაღი, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ გამოცდილი და შესაძლებელი იყო მის გამოყენებაზე ფიქრი დაეწყო. თუმცა, მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ ირანს რეალურად არ აქვს ბირთვული იარაღი, რაც ამ ეტაპზე აშკარად ამცირებს ბირთვული ესკალაციის საფრთხეს.

- სამაგიეროდ, არსებობს რისკი, რომ ირანის ბირთვული ობიექტებიდან შესაძლოა რადიაციამ გაჟონა...

- დიახ, ირანში ურანის გამდიდრება გრძელდება. გამდიდრებული ურანი შესაძლოა გამოიყენონ როგორც ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ასევე ბირთვული იარაღის შესაქმნელად. თუმცა არსებული მონაცემებით, ირანს ბირთვული იარაღი ნამდვილად არ აქვს. რომ ჰქონოდა, ვითარება რადიკალურად შეიცვლებოდა - ისევე, როგორც ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში მოხდა. 2026 წელს ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად განაცხადა ბირთვული ტესტების შესახებ, რის შემდეგაც მისი სამხედრო დოქტრინა ყველა ანგარიშში გადასინჯეს. დღეს მასზე თავდასხმას ვერავინ ბედავს. ისრაელის ავიაიერიშები ირანის წინააღმდეგ მხოლოდ ბირთვული ობიექტებით არ შემოიფარგლა, განეიტრალებულია ექვსი მეცნიერი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ბირთვულ პროგრამაში. ეს გახლდათ უზარმაზარი დარტყმა ირანისთვის, რადგან ამ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მსოფლიოში ძალიან ცოტაა, მათი ჩანაცვლება კი სწრაფად ვერ ხერხდება.

- ჩვენთვის რამდენად დიდია რისკი, თუ რადიაციამ მართლაც გაჟონა?

- იმ მონაცემებით, რაც ახლა გვაქვს, გაჟონვა მოხდა მიწისქვეშ, ზედაპირზე გამოსვლა არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, ობიექტი, სადაც გაჟონვა, სავარაუდოდ, მოხდა, საქართველოდან დაახლოებით 2000 კმ-ითაა დაშორებული. აქამდე რადიაციის მოღწევა საჭიროებს ძალიან სპეციფიკურ მეტეოროლოგიურ პირობებს - ძლიერი ქარს ა.შ. ირანიდან საქართველომდე რადიაციამ რომ მოაღწიოს, დაზიანების მასშტაბი მინიმუმ ჩერნობილის დონის უნდა იყოს. ამ ეტაპზე ასეთი საფრთხე არ იკვეთება.

- ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანელ ხალხს მიმართა: "ჩვენ არ გებრძვით თქვენ, ჩვენ ვებრძვით სასტიკ დიქტატურას, რომელიც 46 წლის განმავლობაში გჩაგრავთ“. თქვენი აზრით, რა გამოხმაურება მოჰყვება ირანელ ხალხში ნეთანიაჰუს მიერ გამოხატულ სოლიდარობას და მხარდაჭერას?

- რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება ირანში მხოლოდ ისრაელისთვის კი არა, ამერიკისთვისაც სასურველი სცენარია. მართალია, შაჰის მმართველობა ბევრისთვის ჩაგვრას ნიშნავდა, მაგრამ აიათოლების რეჟიმი თავისი სისასტიკით იმ პერიოდს ბევრად აღემატება. ეს არის ფუნდამენტალისტურ ისლამზე დაფუძნებული ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურ ყოფაში ადამიანის პირად რწმენასა და ქმედებებს სისხლიანი მეთოდებით აკონტროლებს. ირანელ ხალხს ეს რეჟიმი აშკარად მობეზრებული აქვს. ამას ადასტურებს არა ერთი მსხვილი პროტესტი - მათ შორის 2009 წლის ცნობილი გამოსვლები, რომლებიც სასტიკად ჩაახშვეს. რეჟიმის წინააღმდეგ ასეთ წინააღმდეგობას მარტივი ახსნა აქვს - ირანელ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას ნორმალურ, ცივილურ სახელმწიფოში ცხოვრება სურს. დღეს, როდესაც რეჟიმი დარტყმებს იღებს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, იბადება შანსი, რომ შიდა წინააღმდეგობა კვლავ გააქტიურდეს და საზოგადოებრივ მოძრაობაში გადაიზარდოს.

- საჰაერო იერიშის შედეგად ისრაელის სამხედრო ძალებმა ირანში დრონების რამდენიმე დიდი ქარხანაც განადგურდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ირანი რუსეთს დრონებით ამარაგებდა და ისედაც ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო-პარტნიორული ვითარება იყო, რამდენად შეიძლება, ისრაელი-ირანის დაპირისპირებამ გავლენა იქონიოს რუსეთ-უკრაინის ომზე?

- ბოლო პერიოდში ირანული დრონების მიწოდება რუსეთში ისედაც შემცირებული იყო. ირანელებმა რუსეთში საკუთარი საწარმო გააკეთებინეს, დეტალებითაც ეხმარებოდნენ, მაგრამ მასშტაბი საგრძნობლად შემცირდა. ამიტომ პირდაპირი გავლენა, დიდი ალბათობით, არ ექნება. თუმცა სიმბოლურად და პოლიტიკურად ეს შემთხვევა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკურად. 2025 წლის 17 იანვარს ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის შეთანხმებას. მისი მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ღიად ასახავდა სამომავლო სამხედრო ალიანსის მიზნებს: ერთობლივი სტრატეგიების შემუშავება, კოორდინირებული თავდაცვის გეგმები და შეიარაღებული წვრთნები...

ახლა რა მიიღო ირანმა? - რუსეთი ისევ ისე მოიქცა, როგორც სჩვევია, რუსებმა მოკავშირის რესურსები გამოიყენეს, პასუხისმგებლობის გაზიარებაზე კი უარი თქვეს.

- მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის სარაკეტო გამშვების მესამედი გაანადგურეს და თეირანის საჰაერო სივრცე კონტროლში მოაქციეს, თეირანის მოსახლეობის ნაწილმა დატოვა ქვეყანა. რა მასშტაბის შეიძლება იყოს დევნილთა ნაკადი და რამდენად რეალურია რისკი საქართველოსთვის?

- საწყის ეტაპზე დევნილები, სავარაუდოდ, თურქეთის, სომხეთის და ერაყის მიმართულებით გადაინაცვლებენ, რომელთაც კულტურული თუ რელიგიური კავშირებიც აქვთ. მაგრამ თუ კონფლიქტის ესკალაცია გაგრძელდა და ვითარება უფრო დამძიმდა, არ არის გამორიცხული, დევნილთა ნაკადმა საქართველომდეც მოაღწიოს. არ ვიცი, რამდენად სწორად აფასებს ვითარებას ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ირანში გასვენებებსა და პანაშვიდებზე სიარულით იყო დაკავებული, ის კი ვიცი, რომ "ქართული ოცნება“ არასწორ ნავში ზის. თუ მოვლენები გამწვავდება, ამ სტრატეგიული შეცდომის ფასი ქვეყანას ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს.

იხილეთ ასევე: