უკვე მეხუთე დღეა ისრაელსა და ირანს შორის შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტი გრძელდება. ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა 24 ადამიანი დაკარგა.
მხარეები მთელი ღამის განმავლობაში და გამთენიისას ერთმანეთის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტებს უშვებდნენ. შედეგად, დაიბომბა დასახლებული რეგიონებიც.
ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტი ნაადრევად დატოვა, რათა ვაშინგტონში დაბრუნებულიყო. ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში ისრაელ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე სამუშაოდ მიემგზავრებოდა და თქვა, რომ მიზეზი “ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“.
დაპირისპირების ქრონიკა ვითარდებოდა ასე:
ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, ისრაელის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, ასევე სამხრეთის ზოგიერთ რაიონში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.
ირანული ბალისტიკური რაკეტა თელ-ავივში საცხოვრებელ კორპუსებთან დავარდა…
"კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი დაბომბვა ირანის მხრიდან. გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე ისრაელში არსებული ვითარების შესახებ წერს და ფოტო მასალას ავრცელებს.
“დღეს დილით, ისრაელზე ირანიდან განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა. დაფიქსირდა პირდაპირი ვარდნა ქალაქ ჰერცელიაში. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. ბოლო ინფორმაციით ხუთი ადამიანი დაშავდა,“ - წერს ხეცოიძე.
თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს.
მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარაკეტო შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავიადარტყმების შედეგად განადგურდა ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემები და ბალისტიკური რაკეტების გადამტანი მობილური სარაკეტო გამშვები კომპლექსები.
ირანის, ქალაქ თავრიზში ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა იერიში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის საბრძოლო მასალის საწყობზე მიიტანეს.
"ნატანზის ურანის გამდიდრების ობიექტებზე მძიმე დარტყმა მივიტანეთ. ცენტრიფუგების მწარმოებელი ქარხნები გავანადგურეთ. ჯერჯერობით 10 წამყვანი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია განვახორციელეთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში რეჟიმის ობიექტებს, შტაბ-ბინებსა და სამთავრობო ტელევიზიას დაარტყა.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი აზრით, ისრაელის დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ირანის ბირთვული პროგრამა. "მჯერა, რომ ჩვენ მათ ძალიან, ძალიან შორეულ წარსულში ვაბრუნებთ“, - თქვა მან. ისრაელმა სამი ძირითადი ირანული ბირთვული ობიექტი და მეცნიერი დაბომბა, ზიანის მასშტაბები კი გაურკვეველია.
ის ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ავიაციამ ალი შადმანი თეირანში განხორციელებული უწყვეტი საჰაერო დარტყმების შედეგად გაანადგურა.
შადმანი იყო ირანის უმაღლესი სამხედრო ჩინოსანი და საომარი ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი პირი, რომელიც ირანის უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის უახლოეს წრეს წარმოადგენდა….
შადმანი ხელმძღვანელობდა ირანის საგანგებო სამხედრო შტაბს და აკონტროლებდა როგორც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC), ასევე ირანის არმიას.
"ეს კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს, პირიქით, ეს კონფლიქტს დაასრულებს. ეს რეჟიმი ნახევარი საუკუნეა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს, ტერორიზმსა და დივერსიას ავრცელებს. ირანს "მარადიული ომი“ სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. სინამდვილეში, ისრაელი ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ ბოროტების ძალებთან დაპირისპირებით შეგვიძლია. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ მიზანში მათი ბირთვული მეცნიერები ამოვიღეთ. ფაქტობრივად, ეს ჰიტლერის ბირთვული მეცნიერების გუნდია“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებში შედის.
"დღეს თელ-ავივია. ხვალ ნიუ-იორკი იქნება. მისმინეთ, მესმის "ამერიკა პირველ რიგში“, მაგრამ არ მესმის "მკვდარი ამერიკა“. ეს არის ის, რაც ამ ხალხს სურს. ისინი სკანდირებენ "სიკვდილი ამერიკას“. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც კაცობრიობას ემსახურება და ეს სიკეთის მიერ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამერიკა სიკეთის მხარეს დგას. დონალდ ტრამპი სწორედ ამას აკეთებს და მის მხარდაჭერას ღრმად ვაფასებ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს მტერს არ ვებრძვით. ჩვენ თქვენს მტერსაც ვებრძვით. ჩვენ უბრალოდ მათ გზაზე ვართ და ამან შეიძლება მალე ამერიკამდეც მიაღწიოს“, - აღნიშნა მან.
იხილეთ ასევე: