“ეს კომისიაც (პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია) ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ დევნა განახორციელოს და ისტორია გადაწეროს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს და ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, მაშინ გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია“, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“მე ძალიან დიდი ხანია, ამას ვამბობ და, ვფიქრობ, რომ არ ვცდებოდი და დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ყაიდის, რუსი ოლიგარქი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩამოიცილოს საკუთარი გზიდან, როგორ დაბრკოლება, ყველა ის ადამიანი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი მის მიმართ. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო გახდეს ბელორუსის მოდელი, საკუთარი ძალაუფლებისა და საკუთარი ფინანსური რესურსის დაცვისთვის მეტი მას არაფერი აწუხებს და ამიტომ, ახლა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი გააუქმოს ამ ქვეყანაში და ყველანაირ ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე წავიდეს და დააკავოს ადამიანები.
ეს კომისიაც ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ დევნა განახორციელოს და ისტორია გადაწეროს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს და ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, მაშინ, რა თქმა უნდა, გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია.
თეა წულუკიანს მინდა მივმართო - მაინც ფარსია, მაინც ბოროტებაა, მაინც არ გვეშინია, ხვალ რომ დამიბაროს, მაინც არ მივალ. ამით ვერაფერს გააწყობს, მაგრამ ქვეყანას აზიანებს”, - განაცხადა დეკანოიძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ღია პოლიტიკური ოპონირების ეშინია და ამიტომ სვამს ოპონენტებს ციხეში.
„რეჟიმის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობაა, მეტი არაფერი, ჩვენ ამის გამო უკან არ დავიხევთ არცერთ შემთხვევაში, პირიქით, უფრო გაერთიანებულად ვიბრძოლებთ. ფაქტია, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენი გაერთიანების ეშინია „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილს და კობახიძეს კი ღია-პოლიტიკური ოპონირების ეშინიათ, პოლიტიკურ ოპონენტებს მარტო მაშინ სვამ ციხეში. ეს სიძლიერედ ვერ ჩაითვლება, რეალურად სისუსტეა. ამდენ ხალხს რომ იჭერ, ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა მათთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ხვალ მივა თუ არა სასამართლო პროცესზე.
“თითოეული დაკავებულის უკან დგას ბევრი ადამიანი და დგას მტკიცე ნება იმის, რომ არ შევურიგდეთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში რუსული რეჟიმი ვერ ჩამოყალიბდება მანამ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია პროტესტის გამოხატვა.
“ჩვენ ერთი და მთავარი იარაღი გვაქვს ხელში, ეს არის სიმართლე, რომელიც არის ჩვენს მხარეს. იმ ადამიანებს არ აქვთ აღარც სიმართლე, აღარც ძალა და ეს არის თავის საკუთარ შიშებთან და კომპლექსებთან ბრძოლა.
თითოეული დაკავებულის უკან დგას ბევრი ადამიანი და დგას მტკიცე ნება იმის, რომ არ შევურიგდეთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ისე ხორციელდება, როგორც უკვე აპრობირებულია რამდენიმე ქვეყანაში და ამის უკან დგანან რუსული სპეცსამსახურები.
სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, ერთმანეთში ვილაპარაკოთ, სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, რომ პროტესტი გამოვთქვათ, ეს რეჟიმი ვერ ჩამოყალიბდება, ამიტომაც, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ ეს შეგვიძლია”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, „ლელო“ მზად არის ბრძოლის ნებისმიერ ველზე საბრძოლველად ქუჩაშიც და საგარეო ველზეც.
„გადაწყვეტილება ისედაც მიღებული გვქონდა, არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ამ ქვეყნის გადასარჩენად. ძალიან მშვიდად, თამამად, ამაყად გააგრძელებს ბრძოლას, რათა ბიძინა ივანიშვილი დავაზიანოთ, დავაზარალოთ და შევძლოთ იმ გამარჯვების მიღწევა, რაც არის ამ ქვეყნის დეოკუპაცია რუსული რეჟიმისგან. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ გუნდი არის მზად, გუნდი არის მხნედ, ყველგან საბრძოლველად, ქუჩაში, საგარეო ველზე, თბილისში, ყველგან სადაც იქნება ბრძოლა გასამართი. არ გავექცევით არცერთ ბრძოლას. არაფერი არ გვაინტერესებს გარდა იმისა, რომ ეს ქვეყანა დავიხსნათ რუსი ბიძინა ივანიშვილისგან“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
იხილეთ ასევე: