ავტორი:

"საფრთხე აღმოიფხვრა, როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკური რაკეტების სფეროებში" - ისრაელი ადასტურებს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ

"საფრთხე აღმოიფხვრა, როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკური რაკეტების სფეროებში" - ისრაელი ადასტურებს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ

ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.

"ისრაელმა ოპერაციის ყველა მიზანს მიაღწია. ისრაელმა ორი პირდაპირი საფრთხე აღმოფხვრა, როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკური რაკეტების სფეროებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში მათი მხარდაჭერისა და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ მას ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობასთან დაკავშირებით.

"ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მშვიდობა!“. ვიცოდი, რომ დრო ახლა იყო. მსოფლიო და ახლო აღმოსავლეთი ნამდვილი გამარჯვებულები არიან! ორივე ერი მომავალში უზარმაზარ სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას იხილავს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ ისრაელი და ირანი "სიმართლისა და ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვევენ", ორივე მათგანი ბევრ რამეს დაკარგავს.

"მათ იმდენი რამ აქვთ მოსაპოვებელი და ამავდროულად, იმდენი რამ აქვთ დასაკარგი, თუ ისინი სიმართლისა და ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვევენ. ისრაელისა და ირანის მომავალი შეუზღუდავია და დიდი დაპირებებით სავსე. ღმერთმა დალოცოს ორივე!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

წაიკითხეთ ასევე: