ვენეციაში, ჯეფ ბეზოსის წინააღმდეგ გამოსული მომიტინგეები აცხადებენ, რომ მათ "დიდი გამარჯვება“ მოიპოვეს. როგორც ცნობილი ხდება, ამერიკელმა მილიარდერმა შეცვალა ქორწილის გეგმები და მთავარი ღონისძიება ქალაქის ცენტრიდან სხვა ადგილას გადაიტანა.
ქორწილი შაბათს, ვენეციის უძველეს - შუა საუკუნეების მდიდრულ Scuola Grande della Misericordia-ში უნდა გამართულიყო. თუმცა, მის წინააღმდეგ რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მომიტინგეები აცხადებენ, რომ მათ ბეზოსი აიძულეს გეგმები შეეცვალა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისა და ტელეწამყვან ლორენ სანჩესის ქორწილის აღსანიშნავი სამდღიანი წვეულების ახალი ადგილმდებარეობა ცნობილი არ არის.
თუმცა, ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა BBC-ს დაუდასტურა, რომ ბეზოს-სანჩესის სტუმრები შეიკრიბებიან არანაკლებ მდიდრულ, მაგრამ იზოლირებულ ვენეციურ სასახლეში.
რამდენიმედღიანი საქორწილო ზეიმი ამ კვირის ბოლოს დაიწყება. როგორც ამბობენ, სტუმრების სიაში კიმ კარდაშიანი, მიკ ჯაგერი, ლეონარდო დიკაპრიო, ტრამპების ოჯახის რამდენიმე წევრი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები იქნებიან.
ვენეციის აეროპორტი, სავარაუდოდ, კერძო თვითმფრინავებით, ხოლო ნავსაყუდელი იახტებით იქნება სავსე. სტუმრებისთვის უკვე სრულიად დაჯავშნილია 5 სასტუმრო და არსებობს ინფორმაცია, რომ შეკრებილთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოფილი აშშ-ის საზღვაო ქვეითები არიან დაქირავებულნი.
"ბეზოსისთვის ადგილი არ არის“ - ქალაქში გაკრული ამგვარი პლაკატების გარდა, საპროტესტო ბანერები კედლებზე და არხებზე გამავალ ხიდებზე გამოკიდეს.
ორშაბათს აქტივისტებმა წმინდა მარკოზის მოედანზე ბეზოსის გიგანტური გამოსახულება გაშალეს, რითაც სუპერმდიდრებს პროტესტი გამოუცხადეს სლოგანით: "თუ ვენეციის ქორწილისთვის დაქირავება შეგიძლიათ, გადასახადების სახით მეტის გადახდაც უნდა შეძლოთ“.
"ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით თავად ქორწილს, არამედ ვაპროტესტებთ იმას, რასაც ეს ყველაფერი სიმბოლურად გამოხატავს. ეს არ არის მხოლოდ ორი ადამიანის დაქორწინების ზეიმი, ეს არის არსებული უთანასწორო ცხოვრების დემონსტრირება. ყველაზე მდიდრები ფუფუნებაში ცხოვრობენ, ზოგი კი კლიმატის ცვლილებების შედეგებს იმკის, რაშიც დამნაშავე სულაც არ არის, სხვა კიდევ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს... “- განუცხადა "გრინპისის“ აქტივისტმა სიმონ აბატემ BBC-ს.
იხილეთ ასევე: