ავტორი:

“გეგმა არის ერთობა...“ - სალომე ზურაბიშვილი

“გეგმა არის ერთობა...“ - სალომე ზურაბიშვილი

“ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა - გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გეგმა არის ერთობა.

„რეჟიმი ვერ იმარჯვებს - ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით, ყველას აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე სწორედ ერთია - ეს არის ერთობა, სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა. გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • ზურაბიშვილს თქმით, “ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა“.

„შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობაა ერთი მეორესი, ვიღაცის ჩამოშორება, კორუფციაზე თემის ამოწევა რომ ვიღაცები ჩამოიშორონ. გაუგებარი მდგომარეობა მათთვის, ჩვენთვის კი გასაგები. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორის და დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი. რაც უფრო იშლებიან, რაც უფრო სუსტდებიან, ამიტომ სჭირდებათ გამოაჩინონ ვითომ რაღაც ძალა. ამ ძალის გამოჩენა ნიშნავს ახალ რეპრესიულ კანონებს, ახალ ჯარიმებს, დაპატიმრებებს. ეს მხოლოდ მოჩვენებითია, ამით ძალას ვერ იბრუნებენ! ვერასდროს დაიბრუნებენ! ეს არის მათი ბოლო სტადია. ერთადერთი, რაც დარჩათ არის ის, რომ საზოგადოებისგან სრულ იზოლაციაში არიან, ვერავის შეკრებენ საკუთარი ნებით, სრულ იზოლაციაში არიან დანარჩენი მსოფლიოსგან. არავინ ხვდებათ და უნდათ შექმნან რაღაც პაროდიები მილანში საკონსულოს გახსნისა, იმისთვის, რომ აჩვენონ ვითომ რაღაც კავშირები გააჩნიათ - არა! არანაირი!

აგერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და არც გამოუხედია ამათკენ, ეს არის ამათი რეალური მდგომარეობა, ეს არის სისუსტე, ეს არის ამათი დაშლა, ჩამოშლა“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

“ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, არა უშავს, ესეც აღარ გამოუვათ, რადგან არაფერი გამოუვათ, თუკი ჩვენ ვიქნებით ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა, ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი, ამაში ვერავინ ვერ შეიტანს უთანხმოებას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებთ ამას. გასაგებია, სხვადასხვა აზრები უნდა არსებობდეს და ამ აზრებს შორის დისკუსია, მაგრამ მე თუ მეკითხებით, ნუ მეკითხებით, იმ შემოგდებულ თემაზე, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი: სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველასი ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი და მგონი, რომ ჩვენ ყველას ერთად კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავძლევთ ის კიდევ რამდენიმე დღეები თუ კვირები, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ. უნდა დავინახოთ კარგად, რომ არ ჩაიბუდოს იმედგაცრუებამ, რომელიც მათგან არის წამოსული. თუ თვითონ ვეღარ ძლიერდებიან, უნდათ, რომ ჩვენ დაგვასუსტონ. როგორ გვასუსტებენ - ლიდერები ჩამოაშორეს, ცდილობენ ერთი მეორეს დააჯახონ პარტიები. პლატფორმა არსებობს და პლატფორმის გამარჯვებაა ის, რომ დღემდე არსებობს მიუხედავად იმისა, რასაც ცდილობენ ღია თუ ფარული ხერხებით. ჩემ დისკრედიტაციას ცდილობენ, არა უშავს ესეც არ გამოუვათ. არაფერი აღარ გამოუვათ თუ ყველა ერთად ვიქნებით. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

იხილეთ ასევე: