პლატონის შემოქმედებაში მხატვრულად არის აღწერილი ლეგენდარული ქალაქი ატლანტიდა. თქმულების მიხედვით, ატლანტიდელები განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ, საუცხოო განათლება გააჩნდათ და აგებდნენ დიდებულ ტაძრებს. თუმცა, 11,600 წელზე მეტი ხნის წინ, ქალაქი ზღვამ შთანთქა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეცნიერი ატლანტიდას მითად მიიჩნევს, მაიკლ დონელანი ამტკიცებს, რომ დაკარგული ქალაქი რეალურია და მას ამის დამადასტურებელი კადრებიც აქვს.
დონელანმა მისი აღმოჩენის შესახებ ჩრდილოეთ კაროლინაში ალტერნატიული ისტორიისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, Cosmic Summit-ზე ისაუბრა, სადაც თავის მომავალ დოკუმენტურ ფილმს წარადგენდა.
მისი თქმით, კადიზის სანაპირო შესწავლას მან 8 წელი დაუთმო და საბოლოოდ აღმოაჩინა ოკეანის ფსკერზე ამოჭრილი „გრძელი ხაზოვანი სტრუქტურები“, რომლებიც ქმნიდნენ „უზარმაზარი წრიული კედლების“ სერიას - თითოეული 20 ფუტზე მეტი სიმაღლის და ორგანიზებულად განლაგებული იყო.
მისი თქმით, მეორე და მესამე კედლები „მთლიანად გადაადგილებული“ იყო და სკანირებამ აჩვენა, რომ ისინი ორად იყო გახლეჩილი. ხოლო გარე კედელს ყველაზე მეტი ზიანი მიადგა, თითქოს მას ცუნამი დაეჯახა.
კედლებს შორის იყო მოჩუქურთმებული არხები, ცენტრში კი მართკუთხა ნანგრევი, რომელიც დონელანის თქმით, პლატონის ნაშრომებში აღწერილი “პოსეიდონის ტაძრის“ მონაცემებს იმეორებდა. არქეოლოგის თქმით, სწორედ ეს იყო ატლანტიდის დედაქალაქი.
„ჩვენ მას უძველეს ატლანტიდის კულტურას ვუწოდებთ. ვფიქრობ, ეს არის გზა, რომ ადამიანებმა თანდათანობით, დროთა განმავლობაში, სიტყვა „ატლანტიდა“ ბევრად უფრო სერიოზულად აღიქვან“, - განუცხადა დონელანმა Daily Mail-ს.
დოკუმენტური ფილმის სცენებში დონელანი და მისი გუნდი ბუნდოვან წყალში ყვინთავენ და „პირისპირ ხვდებიან პირველ კედელს“. უფრო ახლოს დათვალიერებისას დონელანმა დაინახა ის, რაც, მისი თქმით, ერთმანეთზე დაწყობილი გამოძერწილი ქვები იყო.
„ეს პლატონის ნათქვამს სიტყვასიტყვით ემთხვევა. ის ამბობს, რომ კატასტროფა სრუტეების გამო მოხდა იმ რეგიონში, რომელსაც ბერძნები 2400 წლის წინ ჰადესს უწოდებდნენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჰადესი თანამედროვე კადიზია“, - თქვა დონელანმა.
ის აღწერს ძლიერ კუნძულოვან ერს, რომელიც ჰერკულესის სვეტების მიღმა, ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა ზღვის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა.
„კრიტიასში“ პლატონი წერს, რომ ატლანტიდას პირველი მეფე - ატლასი, თავის ტყუპ ძმასთან, ჰადეირუსთან ერთად მართავდა. მათ კუნძულის ტერიტორია გაიყვეს და მართავდნენ რესურსებით, არქიტექტურით და არხებითა და ნავსადგურების რთული ქსელის მქონე მიწას.
თუმცა, ლეგენდის თანახმად, ატლანტიდელები ხარბები და კორუმპირებულები გახდნენ და ღმერთებმა ისინი დასაჯა.
პლატონმა დაწერა, რომ მთელი კუნძული ძლიერი მიწისძვრისა და წყალდიდობის შედეგად განადგურდა და ტალღების ქვეშ გაქრა.
20-ზე მეტი ჩაყვინთვის შემდეგ, დონელანმა და მისმა გუნდმა კიდევ უფრო საინტერესო მინიშნებები იპოვეს: პატარა კედლები, რომლებიც ზღვის ფსკერზეა, არხები, თხრილები და მიმოფანტული კლდეები, რომლებიც, მისი აზრით, თავდაპირველი ადგილიდან “გადააადგილეს“.
„არსებობს უამრავი არტეფაქტი, რომელიც შეესაბამება უძველეს მეტროპოლიას. თუმცა, მშენებლობის სტილი ნამდვილად არ არის რომაული ან ვენეციური“, - თქვა დონელანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩაძირული ქალაქის ზომა ემთხვევა პლატონის მიერ აღწერილს.
ფილოსოფოსის თქმით, ატლანტიდას სიგრძე 3000 სტადიონი იყო, სიგანე კი 2000 სტადიონი, ანუ 341 მილი 227 მილზე, დაახლოებით ნევადის შტატის ზომის.
არქეოლოგებმა მთელი ქალაქის მხოლოდ მეოთხედი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათი აღმოჩენა სრულიად შეესაბამება უძველეს გაზომვებს.
იხილეთ ასევე: