არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით , - ამის შესახებ "ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.
ირაკლი კუპრაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შიშების დემონსტრირებაა.
"ჩვენ დღეს მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენი პასუხი მარტივია, ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტო პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს, დროის, შეზღუდვების და შესაბამისი წესების მიხედვით, რითაც საპატიმრო დაწესებულებები სარგებლობენ, მე, როგორც "ლელოს“ გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ: არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით.
ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, რომ მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ყველა ველზე“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, "ლელო-ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან პატიმრობაში. ხაზარაძე და ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს. "ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
იხილეთ ასევე: