იშლება თუ არა "ეროვნული ფორუმი"

იშლება თუ არა "ეროვნული ფორუმი"

ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად საუბრობენ "ეროვნულ ფორუმში" არსებულ შიდა დაპირისპირებაზე. ამას წინათ ისიც კი ითქვა - "ფორუმი" იშლებაო. თუმცა მისი ერთ-ერთი ლიდერი, რეზო შავიშვილი აცხადებს, რომ ეს ჭორი უსაფუძვლოა და ახალი წევრიც შეემატა - საინფორმაციო სააგენტო "პირველის" ხელმძღვანელი ანი მიროტაძე... კიდევ რა სიახლეებია "ფორუმში", როგორია მის მესვეურთა პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე - ამ ყველაფრის შესახებ ბატონ რეზოს ვესაუბრეთ.

- ანი მიროტაძე მართლაც გახდა "ფორუმის" წევრი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. წარმატებული კარიერის მქონე ადამიანები დაშლის პირას მყოფ ორგანიზაციებში არ შედიან. ანი პარტიული დაგეგმვის ბიუროს ჩაუდგა სათავეში... რაც შეეხება "ფორუმის" დაშლის თემას, ეს ჭორი ირაკლი მელაშვილის წასვლის შემდეგ გავრცელდა, - არადა, თავად ირაკლიმაც განაცხადა, რომ ეს უსაფუძვლოა. უბრალოდ, ამ პოლიტიკურ სიტუაციაში, მასა და "ფორუმის" პოლიტსაბჭოს დანარჩენ წევრებს შორის განსხვავება იმდენად დიდი იყო, რომ პარტიიდან წასვლა არჩია. მაგრამ ჩვენთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ხშირად გვსტუმრობს და პოლიტიკურ თუ ყოფით საკითხებზე ვმსჯელობთ... ცხადია, ჭორებს არაკეთილმოსურნეები გვივრცელებენ, მათ შორის - ალბათ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათ ძალზე აწუხებთ ის ფაქტი, რომ ჩვენს ფორუმს ვერაფერი მოუხერხეს; იმის გამო, რომ არავინ გვაფინანსებს, "უპატრონო ძალაც" კი დაგვარქვეს.

- ეს რაში დასჭირდათ? ყველაზე ძლიერ კონკურენტად აღგიქვამენ?

- რა თქმა უნდა. ახალი ვთქვი რამე?.. ეს ამდენი ხნის განმავლობაში არ გამოხატულა თუ რაშია საქმე?!

- კონკრეტულად რაში გამოიხატა დანარჩენ პოლიტიკურ ძალებთან შედარებით, თქვენი უპირატესობა?

- თუნდაც იმაში, რომ მრავალრიცხოვანი აქციის დროს "ფორუმი" წამყვანი ძალა იყო და ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.

- დანარჩენი პოლიტიკური ძალებიც ამავე აზრის არიან...

- იცით, არ მინდა ცალკეული პარტიების რეიტინგები მიმოვიხილო, მაგრამ საკუთარი მხარდამჭერების მრავალრიცხოვნობაში ეჭვი არც მე და არც ქართველ საზოგადოებას არ ეპარება. 2008 წლის 9 აპრილის აქციაზე გახსოვთ, რამდენი ადამიანი მოვიდა? არადა, ამ აქციის გამართვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ წინაღამეს გავავრცელეთ. არაორგანიზებული ძალა ამას ვერ მოახერხებდა. მას შემდეგ, ჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა.

- სხვა აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ... ქვეყანაში ყოველდღიურად მძიმდება სოციალური ფონი. ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ არის, თუმცა უკეთესობისკენ მივდივართ. თქვენი კოლეგები, კონკრეტულად კი "ქართული პარტია" "მშიერ" ბუნტზე და "არაბული პროცესების" დაწყებაზე საუბრობს. ამ შემთხვევაში "ფორუმის" ხედვა და როლი როგორი იქნება?

- მგონი, ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხვდება, რომ ეს ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. ამისთვის კი ორი ვარიანტი არსებობს: პირველი, შედარებით "რბილია" - სამართლიანი არჩევნების გზით; თუ პირველი გამოირიცხა, "არაბული პროცესი" გარდაუვალი იქნება. ცხადია, რომ ქვეყნისთვის სასურველია პირველი ვარიანტი. "ეროვნული ფორუმი" არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რასაც ე.წ. "რვიანის" ფორმატში ჩვენი აქტიური მუშაობითაც ვადასტურებთ, მაგრამ ნათელია, რომ ხელისუფლება რეალური ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს. ბიომეტრიული პარამეტრების გამოყენებით ამომრჩეველთა სიების დადგენაზე უარიც კი თქვეს, თუმცა იმედი მაქვს, ეს მათი საბოლოო პოზიცია არ იქნება. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ მათ მიერ აქამდე ჩატარებული არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა და მომავალში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასაც არ აპირებენ. ამიტომაც გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი. იქიდან საკმაოდ სერიოზულ თანადგომას ვგრძნობთ და თუ ხელისუფლება ამასაც არ გაუწევს ანგარიშს, მაშინ იმას მიიღებს, რაც სხვა ქვეყნებში ხდება.

- რას გულისხმობთ - რევოლუციას?

- დიახ... ყველანი ვხედავთ, რა ხდება არაბულ სამყაროში. საერთოდ, სახელმწიფოს დემოკრატიულობის ნიშანი - ხელისუფლების ხშირი ცვლაა, ჩვენში კი ყველა მმართველი 30-40 წლით მოდიოდა. როცა ხელისუფლება დემოკრატიული განვითარების გზას კეტავს, აჯანყება გარდაუვალი ხდება.

- იმ შემთხვევაშიც, როცა ოპოზიცია სუსტია?

- ოპოზიციის რეიტინგს რაიმე მნიშვნელობა აქვს არაბულ სამყაროში?! არეულობები იქ ოპოზიციის ინიციატივით არ დაწყებულა. ლიბიაში სამოქალაქო ომია, მაგრამ იქ ოპოზიციური პარტია საერთოდ არ არსებობს; ეგვიპტესა და ტუნისში საზოგადოებას ეყო ძალა, პროტესტი გამოეხატა და ხელისუფლებისთვის დაენახვებინა, თუ რისი გაკეთება შეეძლო.

- იმედი გაქვთ, რომ ჩვენში რევოლუცია მშვიდობიან ფარგლებს არ გასცდება?

- ამას უკვე მოვლენების განვითარება გვიჩვენებს. თუკი ხელისუფლება ხალხის ხოცვას დაიწყებს, ხალხი ამას არ შეეგუება და თავს კი არ დაუხრის, არამედ ეცდება, საკადრისი პასუხი გასცეს. ხალხის წინააღმდეგ მოქმედება ხელისუფლების გამარჯვებით არასდროს დამთავდება. მართალია, ისიც საკითხავია, ეს როდის მოხდება, მაგრამ როცა იქნება, მმართველ გუნდს პასუხი აუცილებლად მოეთხოვება.

- ქვეყანაში პრობლემები ადრეც არსებობდა. აუცილებლად სხვა ქვეყნებში უნდა მომხდარიყო რევოლუციები, რომ ოპოზიციას ხელისუფლებისგან ცვილებები მოეთხოვა?

- იცით, დროთა განმავლობაში, სიტუაცია უფრო დაიძაბა, თუმცა ჭკვიანი ადამიანები ამას ადრეც წინასწარმეტყველებდნენ. ქვეყნის პრეზიდენტი ცრუობს, როცა ამბობს, - ჩვენი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით, პირველ ადგილზეაო: ეკონომიკური კვლევის ერთ-ერთი ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 152-ე ადგილზე ვართ! ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩამონათვალში ჩვენ წინ პოზიციებს იკავებენ: ბალტიისპირეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველო მხოლოდ ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და მოლდოვას უსწრებს. ამგვარად, ჩვენში ბიზნესის კეთება არ ყოფილა მარტივი. კიდევ ერთი ორგანიზაციის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ჩვენზე წინ არიან: შრი-ლანკა, ნაურუ, სამოა... არადა, ყოველდღე ჩაგვძახიან, დემოკრატიის შუქურა ვართო!.. ის 4,5-მილიარდიანი დახმარება რომ არ გვქონოდა, კაცმა არ იცის, რა დღეში ჩავცვივდებოდით... სოციალური ფონი თანდათან დამძიმდა. ამას დაერთო ინფლაციის მაღალი დონე და საქართველოს ერთ სულ მოსახლეს წელს შარშანდელზე მეტად უჭირს.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა...

- ნუთუ?! ახლა რომ "აღმოაჩინა", სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული ყოფილა, ეს არაფერს გეუბნებათ?!. დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, იანვარში 200 მილიონი ლარი დაამატეს ანუ - ჯერ კიდევ დეკემბერში ეს თანხა გათვალისწინებული არ ჰქონდათ და უცებ რატომ გაუჩნდათ ეს აზრი?! მანამდე არ იცოდნენ, ქართველი გლეხი რა პირობებში ცხოვრობდა?!. ისე, ჭკუა რომ ჰქონდეთ, იმასაც უნდა ხვდებოდნენ - 200-მილიონიანი ერთჯერადი ინვესტიცია ქართულ ეკონომიკას ვერ უშველის... რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, ურჩევდნენ, - სასურსათო საკითხს მიხედეთ, დეფიციტი გარდაუვალიაო... შარშან 25 ივლისს, "ეროვნულმა ფორუმმა" სწორედ ამ საკითხზე ჩაატარა დიდი კონფერენცია, საიდანაც ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი - სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია - გამოვიტანეთ. ამაზე წლების განმავლობაში ვმუშაობდით და, ჩვენი აზრი რომ გაეთვალისწინებინათ, 7 წელიწადში ქართულ სოფლის მეურნეობას ავაყვავებდით და აღარც სასურსათო პრობლემები შეგვექმნებოდა.

- თუ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები არ ჩაებმებიან, ხელისუფლება ოპოზიციას ანგარიშს თითქმის არასდროს უწევს. რატომ? ოპოზიცია სუსტია და ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი არა აქვს?.. და კიდევ: ახლა, როცა სოციალურ ბუნტზე ბევრს ლაპარაკობენ, პრეზიდენტმა განაცხადა, - ისეთი ოპოზიცია გვჭირდება, რომლის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაშიც ქვეყანა კატასტროფამდე არ მივაო...

- სააკაშვილის გადასაწყვეტი არ არის, ქვეყანას რომელი ოპოზიციური პარტია მიიყვანს კატასტროფამდე. უკვე ცხადია, რომ ვითარება თავად მიიყვანა აქამდე. ფაქტების მოყვანითაც კი დავიღალე... ოღონდ სააკაშვილი წავიდეს და მე ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანა კი არ დაიღუპება, არამედ აღმასვლისა და განვითარებისკენ წავა... ამ საკითხს ქართველი საზოგადოება გადაწყვეტს, ოღონდ - მის გარეშე.

- ვის მიიჩნევთ რეალურ პოლიტიკურ ძალად?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, "ეროვნულ ფორუმს" ძალზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ასეთი კიდევ რამდენიმე პარტიაა. როგორც ქართველი ერი გადაწყვეტს, ისე იქნება. მოვლენათა ლოგიკური განვითარების წინააღმდეგ მოძრაობა დამღუპველია. მდიდარი საზოგადოება ხელისუფლებას არ ცვლის. საქართველოს მოსახლეობა იმ ზღვარს უახლოვდება, როცა ადამიანებს დასაკარგავი არაფერი აქვთ...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე