საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ნარკორტიკების საერთაშორისო კონტროლს ეხება.
ანგარიშის მიხედვით, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. აქვე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხვდება.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და შესაძლოა, სწორედ ამ ტერიტორიებზე გადის ნარკოტრანზიტის გზა.
"თუმცა, ამ ინფორმაციის შემოწმება შეუძლებელია, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები და ამ ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლება საქარველოს ხელისუფლებას არ უცვლიან ინფორმაციას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესახებ", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით შიდა პრობლემებიც აქვს. კერძოდ, შიდაბაზარზე იყიდება ჰეროინი, სუბუტექსი, მეთადონი და მარიხუანა.
დოკუმენტის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნარკომანიასთან ბრძოლა 2010 წლის პრიორიტეტად გამოაცხადა.
"2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბევრი ე.წ. კანონიერი ქურდი დააპატიმრა, ზოგი კი ქვეყნიდან გაიქცა. ეს კრიმინალები საქართველოში აღარ არიან, მაგრამ მათ მაინც აქვთ გავლენა ქვეყანაში კრიმინალურ საქმიანობაზე", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
აქვე ნათქვამია, რომ მთავრობამ დაიწყო მაღალი თანამდებობის პირების შემოწმება ნარკოტიკების მოხმარებაზე.