ამ ლამაზი გოგონას ქორწილის ულამაზესმა ვიდეომ ცოტა ხნის წინ სოციალური სივრცე მოიცვა, - სმენის დარღვევის მქონე გოგონა, პატარძალი ბარბარე ნარჩემაშვილი ჟესტურ ენაზე გია ყანჩელის "ყვითელ ფოთლებს“ ასრულებდა.

მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ გოგონას თურმე დიდი სურვილი აქვს, გახდეს ფოტომოდელი და ამ თემაზე მასთან ასევე დედის დახმარებით გასაუბრება ვცადეთ, რისთვისაც ქალბატონ ხათუნას მადლობას ვუხდით.
ბარბარე ნარჩემაშვილი:
- 19 წლის ვარ. მიყვარს, როცა ბალოს მეძახიან, რაღაცნაირ სითბოს ვგრძნობ ამ სახელზე და ასე უმეტესად ჩემი მეუღლე მეძახის. ჩემი მეუღლე რამაზ მასურაშვილია.
მე ის ძალიან მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ ამ სამყაროში და ახლა ერთი საერთო სამყარო გვაქვს.

- ჟესტურ ენაზე სიმღერები როგორ ისწავლე?
- ჯული მასწავლებელმა მასწავლა და მადლობა მას ამისთვის. მე განსაკუთრებულად მომწონს "ყვითელი ფოთლები“. ეს იყო პირველი სიმღერა, რაც ჟესტურ ენაზე ვისწავლე. მაშინ 14 წლის ვიყავი, დედასაც ვასწავლე და ჩვენ ერთად შეგვისრულებია კიდეც ჟესტურად.
დღესაც ძალიან მომწონს და მახარებს ამ სიმღერის შესრულება და გამიხარდა, როცა "ფეისბუქზე“ ვნახე ჩემი ქორწილის ბედნიერი წუთებიდან ეგ ეპიზოდები.
- თქვენი ქორწილის ვიდეომ საზოგადოების ყურადღება მართლაც მიიქცია და მოწონებაც დაიმსახურა. ასევე შენმა შესრულებულმა "ყვითელმა ფოთლებმა“... ახლა რას საქმიანობ?
- ახლა ვსწავლობ ქმართან ერთად ცხოვრებას. სულ ვფიქრობ, როგორ გავახარო რამაზი, რა მოეწონება, რადგან ის სულ მახარებს და სიურპრიზებით მავსებს. საჩუქრებს მჩუქნის და გულს მიხარებს. მეც მინდა, გავახარო.

- შენს ხელსაქმეზე არ მოგვიყვები? ვიცი, რომ ბისერებისგან საინტერესო ნამუშევრებს ქმნი...
- კი, მომწონს მძივებისა და სამაჯურების აწყობა, ვარჩევ ფერებს და ისე ვაწყობ ფერად სამაჯურებს, მძივებს და სამკაულებს. ერთხელ ერთ ღამეში 22 ცალი სამკაული დავამზადე, ძალიან ლამაზები გამოვიდა, ყველა გაიყიდა და მე კი იმ ფულით ფეხსაცმელი ვიყიდე... როცა ვაწყობ სამკაულებს, მაგ დროს ყველაფერი მავიწყდება, საქმეში ისე ვერთვები.
- გავიგე, რომ ფოტომოდელობა გინდა. რატომ გაქვს ამის სურვილი?
- დიახ, მინდა ფოტომოდელი ვიყო. ძალიან მომწონს, როცა ფოტოებს მიღებენ, ამ დროს ფიქრებით მთლიანად ვარ იმ სამყაროში ჩაფლული. მიხარია, როცა ლამაზ ფოტოებს ვათვალიერებ და ვცდილობ, ფოტოზე კარგად გამოვჩნდე.

- რა გიშლის ხელს იმაში, რომ ეს სურვილი აისრულო?
- ფოტომოდელობა ჩემი ოცნებაა, მაგრამ მე სმენის დარღვევის მქონე ვარ, ამიტომ ვერ ვახერხებ სწორ კომუნიკაციას, ეს მიშლის ხელს, რომ ვიპოვო ის, ვინც კარგ ფოტოებს გადამიღებს... ვოცნებობ, რომ თავად მიპოვოს რომელიმე სტუდიამ. მჯერა, რომ ჩემს ოცნებას ავისრულებ და ფოტომოდელი გავხდები.
- ამ საქმის მესვეურების მიმართ რა თხოვნა გექნება?
- გთხოვთ, ნუ უყურებთ იმას, რომ არ მესმის, სამაგიეროდ, უყურეთ იმას, თუ როგორ კარგად შემიძლია ფოტოგრაფის წინაშე პოზიორობა.
ჩემი სახე უფრო ლამაზდება ფოტოებში.
- როგორ ფიქრობ, ამ გადასახედიდან, რას მოგიტანს ეს საქმე?
- ფოტომოდელობა მომიტანს წარმატებას. მე ველოდები ამ დღეს! თან მინდა, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდე და თან მქონდეს ხელფასი. მინდა, მქონდეს საკუთარი შემოსავალი.

- გულწრფელად მიხარია, რომ დაინტერესდით ბარბარეს ცხოვრებით, სურვილებითა და ოცნებებით. ჩემი ბარბარე მართლაც რომ იმსახურებს ოცნებების ასრულებას. ის ხომ განსაკუთრებული გოგონაა, მზის სხივმფენი, მოღიმარი და ხალისიანი, რომელიც ულამაზეს შინაგან სამყაროს დაატარებს.
- რას ფიქრობთ, შეძლებს ფოტომოდელობას?
- ჩემი თვალით დანახული ბარბარე საუკეთესოდ მოირგებს ამ პროფესიას, რადგან ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არის პლასტიკური, მოხერხებული და განსაკუთრებულად კარგად ახერხებს ფოტოგადაღებისას საჭირო პოზის შერჩევასა თუ მორგებას... მართლაც დიდი ხანია ფიქრობს და ოცნებობს ფოტომოდელობაზე.
- საერთოდ როგორი თვისებების და უნარების გოგონაა?
- ბარბარე მიზანდასახულია. ამას გარდა ესთეტიკური უნარების, ვიზუალური მეხსიერებისა და პირადი გარეგნული მახასიათებლების წყალობით, აშკარად საუკეთესოდ გამოსდის ეს საქმე. მჯერა, რომ ერთ დღეს ბარბარეს ფოტოები მოივლის მსოფლიოს და სახელს გაუთქვამს როგორც სახასიათო ფოტომოდელი.

- მგონი, რაღაც ევროპული გამოცდილებაც აქვს ამ კუთხით და მოგვიყევით ამაზეც.
- შევსწრებივარ ბარბარეს ფოტოგადაღების პროცესს და გამკვირვებია თუ როგორ ტრანსფორმაციას განიცდიდა ის ამ დროს. ხდებოდა საკუთარ თავში დაჯერებული, ყელმოღერილი და ფოტოგენური! გავიხსენებ ამ მხრივ ბარბარეს ევროპულ გამოცდილებას. ორივე ჩემს გოგონას ვსტუმრობდით, რომელიც ამჟამად ვენაში სწავლობს და ცხოვრობს.
ჩვენი იქ სტუმრობის დროს აღმოჩნდა, რომ ტანსაცმლის ახალი მაღაზია იხსნებოდა და მოხალისე ფოტომოდელი სურდათ. სიხარულით გავეშურეთ მოხალისეობრივ ფოტოგადაღებაზე.
ბარბარე ჩვენს თვალწინ ნამდვილ პროფესიონალ მოდელად იქცა, სიხარულით ირგებდა სხვადასხვა სამოსს და თითქოს შინაგანი თუ გარეგნული სილამაზე ათასად გაიფურჩქნა მის სხეულში... მართლაც განსაკუთრებულად სახასიათო და სამახსოვრო ფოტოგადაღება გამოვიდა.
იმ დღის მერე ზუსტად ვიცი, რომ ფოტომოდელობა ბარბარეს შინაგანი მოწოდებაა და პროფესიონალი დადგება! ჩემს თვალმერცხალა გოგოს ულევ წარმატებას ვუსურვებ. მჯერა, ბევრჯერ ვიამაყებ მისი წარმატებული ფოტოსესიით!