2020 წლის ივნისში, თბილისის ერთ უბანში, რამდენიმე წუთის განმავლობაში სევა შამოიანი ცოცხლად იწოდა - მამაკაცი კი, რომელმაც შეყვარებული ასე გაიმეტა, უყურებდა და არაფერს აკეთებდა. უმძიმეს შემთხვევას წინ უძღოდა ტელეფონით მუქარები, შეურაცხყოფა. ის, რაც იმ დღეს მოხდა, არა მხოლოდ სევა შამოიანის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იყო შოკი.
სევამ გადარჩა, მაგრამ ის დღემდე რეაბილიტაციას გადის, ამჯერად საფრანგეთში. სამართლიანობა აღსრულდა, დამნაშავეს 17 წელი მიუსაჯეს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირდა და სასჯელს 5 წელი მოაკლო.
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული შალვა გოგოლაძე, ახლა ციხეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ზის.
სევა კი თავის ბრძოლას აგრძელებს: უკვე არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოს. თერაპიას საფრანგეთში გადის. საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს, მაგრამ გვიყვება თავის ახლანდელ ცხოვრებაზე და ნანობს, რომ მასზე ძალადობის პირველივე დღეებიდან პოლიციას არ მიმართა
- სევა, ახლა როგორ ხარ, როგორია თქვენი დღევანდელი ცხოვრება?
- საფრანგეთში ვცხოვრობ მესამე წელია. დღემდე გავდივარ თერაპიებს, მასაჟებს. სრულყოფილად, როგორც ადრე, ვეღარ ვცხოვრობ, ფეხების გამო. არ შემიძლია დიდხანს სიარული, დიდხანს ჯდომა, წოლა, სულ უნდა ვიცვალო პოზები. ეს ფიზიკური და რაც შეეხება ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობას, ძალიან რთულად ვარ.
- როგორი იყო თქვენი ცხოვრება იმ ტრაგიკულ დღემდე, რა ოცნებები ჰქონდა მაშინდელ სევას?
- ორ ადგილას ვმუშაობდი, სასტუმროში მენეჯერად და მეიქაფ არტისტად.

- როგორ გაიცანით დამნაშავე?
- შემთხვევით, წვეულებაზე. იმ საბედისწერო დღემდე რვა-ცხრა თვით ადრე.
- ამ გადმოსახედიდან იყო დასაწყისში რაიმე ნიშნები, რომ მაშინვე უნდა მოგეშორებინათ თქვენი ცხოვრებიდან?
- დიახ, ნიშნები იყო, როდესაც მემუქრებოდა, რასაც სერიოზულად არ ვიღებდი, უბრალოდ ვბლოკავდი. ძალიან დიდი შეცდომაა იყო, რომ თავიდანვე არ მქონდა ამაზე რეაგირება. რთულია ამ ადამიანზე ჩემთვის საუბარი, არ მინდა, რომ დეტალებში ჩავიდე. მეუბნებოდა მოგკლავ... ერთად არ ვიყავით, მაგრამ მუქარა რომ დამიწყო ჩემი ბრალია თავიდანვე არ მოვახდინე რეაგირება. არ მეგონა, რომ უმიზეზოდ შეეძლო ასე გაეწირა ადამიანი.
- რას გულისხმობთ, მუქარების შესახებ თქვენი ოჯახისთვის გეთქვათ თუ პოლიცია ჩაგეყენებინათ საქმის კურსში?
- პოლიციისთვის უნდა მიმემართა, რადგან ხანდახან ოჯახის წევრებიც ვერ გიშველიან. მე ზუსტად ასე ვიყავი. იმ დროს ჩემი დაც სახლში იყო, მაგრამ როგორ უნდა ეშველა, ამ დროს პოლიციას უნდა მიმართო.

- ბოლო დღეებში გქონდათ რაიმე წინათგრძნობა, ცუდის მოლოდინი?
- შეიძლება ახლა მისტიკურად ჟღერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ გარდაცვლილი ბიძა დამესიზმრა, ჩემი წაყვანა უნდოდა. ხელი ვკარი და სწრაფად გავიქეცი, ზუსტად ასე ვიყავი იმ დღეს, ცეცხლშიც, მსგავსი განცდებით. შეიძლება ეს ნიშანიც იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს. სამწუხაროდ, დღემდე ყოველი წამი მახსოვს, როგორც ფიზიკური, ისე მორალური ტკივილი. საშინელებაა, ამას ვერ აღვწერ. ღმერთმა დაიფაროს, რომ ვინმემ იგივე განიცადოს. ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანს, მეორე ადამიანის მიმართ ასეთი სისასტიკის ჩადენა შეეძლო.
- სევა, ფაქტობრივად სიკვდილს გადაურჩით, რამ გიშველათ რეალურად, უმძიმესი დამწვრობა მიიღეთ...
- ძალიან დიდი ომი გავიარე. რა თქმა უნდა, ეს ექიმების დამსახურებაც არის, მაგრამ საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, ჯერ კიდევ ვერ დავდიოდი. ჩემი სამსახური იყო ის, რომ საკუთარი თავი ფეხზე უნდა დამეყენებინა. ძალიან გამიჭირდა, დიდი ხანი ვიბრძოდი, ვფიქრობდი, ცხოვრება დამთავრდა. ერთ დღესაც გავახილე თვალები და გადავწყვიტე, რომ უნდა ვცადო. დედა 24 საათი ჩემს გვერდით იყო. მეგობრებიც ძალიან მეხმარებოდნენ, მაკითხავდნენ, მართობდნენ. ფონდი გახსნეს და ფინანსურად დამეხმარნენ. უამრავი ადამიანი მედგა მხარში.

- დამნაშავის ოჯახის მხრიდან არანაირი ფულადი კომპენსაცია არ მიგიღიათ, გასაგებია, რომ ამ ადამიანს მიუსაჯეს 17 წელი, მაგრამ...
- არ დაგავიწყდეთ, რომ 5 წელი მოაკლეს, რადგან მოსამართლე შეიცვალა და ამაზე დღემდე იბრძვის ჩემი ადვოკატი. დიახ, ასეთი უსამართლობა მოხდა. მე რა თქმა, მისთვის სასტიკი სასჯელი მინდოდა, ადამიანი ცოცხლად დამწვა. გადის წლები და მგონია, რომ ყველა წელს უფრო შევიმსუბუქებ ტკივილს, მაგრამ პირიქით ხდება. ეგ ადამიანი ბოლოს სასამართლოში ვნახე, მისი ხმა გავიგე, დისტანციურად ერთვებოდა. დარბაზში რომ შევედი, ვკოჭლობდი, ვერ დავდიოდი. ცინიკურად მეუბნებოდა, მოდი, მოდი... შეიძლება სპეციალურად იქცეოდა ასე, რომ შეურაცხადად ეღიარებინათ. ძალიან მიჭირდა საუბარი, აღელვებული ვიყავი. მისი ხმა რომ მესმოდა უფრო ცუდად ვხდებოდი. იცინოდა, მეუბნებოდა, ილაპარაკე, მიდი, მიდი...
- რით იმართლებდა თავს, იმას ხომ ვერ იტყოდა, რომ შემთხვევის დროს იქ არ იყო...
- თავიდან ამასაც ცდილობდნენ, იმდენად უაზრო ადვოკატები ჰყავდა. ამბობდნენ, რა იცით, რომ მაგის სანთებელა იყოო. შემდეგ აღიარა, მაგრამ თქვა, რომ მოკვლას არ მიპირებდა და შეშინება უნდოდა. ჩემი ინფორმაციით, დაკავებისასაც აღიარა და ადვოკატი რომ აუყვანეს, შემდეგ უარყოფდა.
- სასამართლომ არ დააკისრა ფულადი კომპენსაცია?
- არა და დღემდე არ ვიცი რატომ. მე „საფარის“ ორგანიზაცია მიცავდა და ადვოკატი აქამდე მუშაობს ამ თემაზე, მაგრამ ჯერ არაფერი.
- მის ოჯახზე რა გვეტყვით, რამდენად აქტიურობდნენ, თქვენთან მოლაპარაკება თუ უცდიათ?
- როგორც ვიცი, აქტიურობდნენ, უპატრონო არ იყო, მაგიტომ ჰყავდათ ბევრი ადვოკატი. ერთხელ ფულსაც გვთავაზობდნენ, მაგრამ რომ აგვეღო, ამას სასამართლოში სხვანაირად გამოიყენებდნენ.

- საფრანგეთი რატომ აირჩიეთ, ინტერვიუზე რომ დაგირეკეთ, თერაპიაზე იყავით, ამდენი წლის შემდეგ, ისევ გამოჯანმრთელების პროცესში ხართ?
- დიახ, რომ გავჩერდე, შემდეგ ვეღარ ვივლი. ახლაც ძალიან დიდი პრობლემები მაქვს ჯანმრთელობის. წონაში მომატება ჩემი ფეხებისთვის არ შეიძლება. საქართველოში კანი გადამინერგეს და ბევრი კანი მომაჭრეს, გვერდებიდან, მუცლიდან. მინდა, რომ პლასტიკური ოპერაცია გავიკეთო და მინდა, თავი ბედნიერად ვიგრძნო. აქ ოჯახის გარეშე ჩამოვედი, მარტო. მეგონა აქ დამეხმარებოდნენ, მაგრამ პლასტიკური ოპერაციები არ ფინანსდება და მხოლოდ რეაბილიტაციას მიტარებენ. ამისთვისაც დიდი მადლობა. რთულია ჩემთვის სამსახური პოვნა, რადგან ფეხების გამო, ვერ ვმუშაობ ისე, როგორც ადრე. შშმ პირის სტატუსი მაქვს, მაგრამ ფინანსური დახმარება არა. რომ გითხრათ, რომ კარგად ვარ, არა, მაგრამ მადლობა ღმერთს და მჯერა, რომ ოდესმე კარგად ვიქნები.
- სევა, გადის წლები და ახლოვდება მისი გამოსვლის დრო, თან როდესაც მას სასჯელი შეუმცირეს...
- მას შემდეგ რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა არავისი აღარ მეშინია. თუმცა ძალიან მიჭირდა საქართველოში ცხოვრება, არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ მე მანდ ვარ და ვიცი, ისიც სადღაც მანდ არის.
- ინტერვიუმდე მიყვებოდით, რომ საზოგადოების ნაწილი მხრიდან იყო თქვენი მისამართით კრიტიკული კომენტარებიც... შეიძლება, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვას ვინმე ამართლებდეს?
- რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია. წერდნენ, რომ თუ დაწვა, დამნაშავე იყო, ცოლი იყო, საყვარელი... ასეთ კომენტარებს ვინც წერს, ისიც მისნაირია, იმავეს გააკეთებს საშუალება რომ ჰქონდეს.

- რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა გადიან იგივე გზას, როდის უნდა ჩართონ განგაშის სიგნალი? თქვენ გადარჩით, მაგრამ ბევრი ქალი ვერ გადარჩა...
- ხშირად უთქვამთ, რომ აი, დღეს დამარტყა და ხვალ აღარ გაიმეორებს, ბოდიში მოიხადა. ადამიანი, რომელიც პირველივე წამებში გამოაჩენს თავს მოძალადედ, იქვე უნდა დაასრულო. არ აქვს მნიშვნელობა ეს შევიწროება ფიზიკურია თუ მორალური. მაშინვე უშველო თავს. სათქმელად ადვილია, მაგრამ რეალურად რთულია ამას მიხვდე. ქალები ტელევიზიით საჯაროდ უნდა საუბრობდნენ, მოჰყვნენ საკუთარი ისტორიები და ამით სიგნალი უნდა მივაწოდოთ სხვა ქალებს.
- ინტერვიუს დასასრულს გკითხავთ, რა სახის ოპერაციაა, რომელიც ახლა გჭირდებათ და დაგეხმარებათ, რომ თუნდაც მუშაობა შეძლოთ.
- სრული რეაბილიტაციისთვის ძალიან დიდი თანხა მჭირდება, მაგრამ პირველი ოპერაცია რაც მინდა გავიკეთო 10 ათასი ევრო ჯდება, ანალიზებით და საავადმყოფოში წოლით. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თუ ვინმეს დახმარების სურვილი ექნება. თუმცა რა თქმა უნდა, არავის ვავალდებულებ.
თუ სევას დახმარების სურვილი გაქვთ, თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
წაიკითხეთ ასევე: