ავტორი:

ოჯახური საქმეები: როგორ მართავენ კადიროვის ნათესავები ჩეჩნეთს და რა თანამდებობებს იკავებენ მისი შვილები

ოჯახური საქმეები: როგორ მართავენ კადიროვის ნათესავები ჩეჩნეთს და რა თანამდებობებს იკავებენ მისი შვილები

“ჩეჩნეთში სახელისუფლებო სისტემა აგებულია კადიროვის კულტზე. რამზან კადიროვისთვის ეს ერთდროულად კარგია და ცუდიც: ერთი მხრივ, ყველაფერი მას ემორჩილება - მეორე მხრივ, თუ ასეთი არ იქნება, მის ახლობლებს არანაირი გარანტია არ ექნებათ,“ - წერს BBC და ჩეჩნეთის მთავრობაში, მაღალ თანამდებობებზე დანიშნული კადიროვის 80-ზე მეტი ნათესავის შესახებ ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს.

  • ადამი პირველად ქორწინდება

27 ივნისს, ჩეჩნეთის სოფელ ახმატ-იურტში ქორწილი გაიმართა. ზეიმამდე რამდენიმე დღით ადრე სოფლის შესასვლელი გადაკეტეს. გავლა მხოლოდ სტუმრებს შეეძლოთ.

საქმრო საკუთარ ქორწილში შეზღუდული გამოშვების Mercedes-Benz G-Class-ით მივიდა - მსოფლიოში ასეთი მხოლოდ 460 ცალია და მანქანის საწყისი ფასი 190 000 დოლარია. სანქციების გამო, ასეთი მანქანის რუსეთში იმპორტი ოფიციალურად შეუძლებელია, მაგრამ ახმატ-იურტში კადიროვების კანონები მოქმედებს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ მოკლე ვიდეოში, ადამი პისტოლეტს ჰაერში რამდენჯერმე ისვრის. ამ მომენტში, მის ხელზე იშვიათი Jacob & Co.-ს საათი ჩანს, რომლის ღირებულება 2 მილიონ დოლარზე მეტია.

ჯერ კიდევ 2012 წელს რამზან კადიროვმა, ჩეჩნურ ქორწილებში სროლა აკრძალა: “ჩვენ კატეგორიულად ავკრძალეთ სროლა ქორწილებში, ახლა ეს წესი ძალიან იშვიათად ირღვევა“, - თქვა მან მაშინ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს შემთხვევა „იშვიათად“ ითვლებოდა.

„ჩემი ძმა ადამი ქორწინდება. ადამი პირველად ქორწინდება!“ “, - დაწერა კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა, აიშატმა Instagram-ზე.

მანამდე პუტინმა ადამი პირადად მიიღო და შემდეგ ჩეჩნეთში ოფიციალური ზეიმი გაიმართა.

აიშატ კადიროვამ დაწერა, რომ ადამის ცოლს მედნი ჰქვია. BBC-ის წყარო, რომელმაც პატარძალი ნახა, განმარტავს, რომ ის კადიროვების ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომლის, ადამ დელიმხანოვის შვილიშვილია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქორწინების დროს გოგონა მხოლოდ 14 წლის იყო.

  • დაწინაურება ცემისთვის

ადამი რამზან კადიროვის შვილებს შორის ყველაზე სკანდალურია. სწორედ მან სცემა ყურანის დაწვის გამო დაკავებული ნიკიტა ჟურაველი გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

რესპუბლიკის მეთაურმა თავად გამოაქვეყნა ცემის ვიდეო და მოიწონა შვილის ქმედებები.

ადამს არა მხოლოდ არანაირი ბრალდება არ წაუყენეს, არამედ დააჯილდოვეს - ძალადობიდან რამდენიმე დღეში მას ჩეჩნეთის გმირის წოდება მიენიჭა.

  1. მალევე, ადამ კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. მაშინ ის 15 წლის იყო.
  2. 2025 წლის 31 მარტს, რამზან კადიროვმა ადამი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის კურატორად დანიშნა.
  3. ერთ თვეზე ნაკლებ დროში ადამმა კიდევ ერთი დაწინაურება მიიღო და ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დაიკავა.
  4. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რამზან კადიროვი ადამს თავის მემკვიდრედ ამზადებს.

დროებით ქმედუუნარო

2019 წელს რამზან კადიროვი „დროებითი ქმედუუნარობის“ გამო შვებულებაში წავიდა. კადიროვმა ეს „მსუბუქი ავადმყოფობით, სიცხით და გრიპით“ ახსნა, თუმცა მან ინტრავენური ინიექციები ახსენა, რომლებიც „მცირე დაავადებების“ დროს ხშირად არ გაიცემა.

ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის იანვარში, კადიროვი კვლავ წავიდა შვებულებაში, იგივე მიზეზით.

2023 წელს კი ის სამჯერ იყო „შვებულებაში“ და არ გამოცხადდა ვლადიმერ პუტინის ფედერალურ მიმართვაზე მოსკოვში. მან გამოსვლა 2024 წელსაც გამოტოვა...

BBC-ის წყარომ განაცხადა, რომ კადიროვს სერიოზული დაავადება აქვს.

  • „ნოვაია გაზეტა ევროპას“ ცნობით, ეს პანკრეასის ნეკროზია. 2023 წელს ამ გამოცემამ კადიროვის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

გამოცემის თქმით მაშინ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. იმ დროს ზოგიერთმა ჩეჩენმა ბლოგერმა კადიროვის თითქმის გარდაუვალი სიკვდილი იწინასწარმეტყველა.

  • სპორტის მინისტრი არასდროს აგებს

რამზან კადიროვი „ცდილობს, რესპუბლიკაში ყველა მისი ნათესავი სხვადასხვა თანამდებობაზე დააყენოს. მას თუ რამე დაემართება, ნათესავები რჩებიან“, - ამბობს ჩეჩნეთის პოლიტიკის ექსპერტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვა.

მაგალითად, რამზან და მედნი კადიროვების ქორწინებიდან პირველი ვაჟი - ახმატი, 2022 წლიდან აქტიურად მიიწევს წინ კარიერულ კიბეზე: 16 წლის ასაკში ის რეგიონში ახალგაზრდულ პოლიტიკაში იყო ჩართული, ხოლო 2024 წელს ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა მიიღო, მალე კი „ახმატის“ საფეხბურთო კლუბს უხელმძღვანელებს.

ახმატ კადიროვი და ვლადიმერ პუტინი

10 წლის ასაკში ახმატის დებიუტი შედგა საერთაშორისო MMA ტურნირში და სპორტული კარიერის განმავლობაში ცნობილი იყო იმით, რომ არ აგებდა, მაშინაც კი, თუ მისი მოწინააღმდეგე ფეხზე მყარად იდგა.

მეორე უფროსი ვაჟი, ზელიმხანი (ელი), ახმატის საბრძოლო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი და ჩეჩნეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტია. ელიც ახალგაზრდობიდანვე მჭიდროდ იყო ჩართული ბრძოლაში, თუმცა მან იგივე თანამდებობები არ მიიღო, რაც ადამმა და სპორტის სფეროში დარჩა.

პრობლემა ის არის, რომ ფედერალური კანონი ითვალისწინებს, რომ მხოლოდ 30 წელს მიღწეული რუსეთის მოქალაქე შეიძლება გახდეს რეგიონის ხელმძღვანელი. ახმატი მხოლოდ 19 წლისაა, ელი - 18-ის, ხოლო ადამი - 17-ის. მოქმედი კანონის თანახმად, ადამს 2038 წლამდე მოუწევს ლოდინი, თუ მას მამის ადგილის დაკავების ამბიცია აქვს.

ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ რამზანის მემკვიდრე შეიძლება ქალი გამხდარიყო.

  • პარიზის პოდიუმიდან ვიცე-პრემიერის სკამამდე

2020 წლის თებერვალი. რამზან კადიროვი ყირიმის ანექსიის მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სანქციების სიაში ექვსი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, როდესაც მისმა ქალიშვილმა, Firdaws-ის მოდის სახლის ხელმძღვანელმა, 21 წლის აიშატ კადიროვამ, ჩვენებამდე პარიზში BBC-ის ჟურნალისტს განუცხადა: „[კოლექცია] მთებზე, ცასა და ედელვაისზეა დაფუძნებული. ეს ყვავილი სიყვარულისა და ერთგულების თილისმაა. რვა წლის წინ ვნახე, როგორ აჩუქა მამაჩემმა დედაჩემს ედელვაისის თაიგული. ამ ყვავილების საპოვნელად მამაჩემს სამი დღე მთაში უნდა გაეტარებინა! მინდოდა ეს ამბავი მოდის ენაზე მომეყოლა“.

ჩეჩნეთის მეთაურის ქალიშვილმა Firdaws-ი მხოლოდ 17 წლის ასაკში ჩაიბარა და აქტიურად დაიწყო მედიაში გამოჩენა, სადაც მუსლიმური ტანსაცმლის ბრენდს უწევდა პოპულარიზაციას.

მანამდე აიშატი ერთადერთი მიღწევით იყო ცნობილი: მან ყურანი 14 წლის ასაკში ზეპირად ისწავლა.

პარიზამდე სამი წლით ადრე, 2017 წელს აიშატმა გროზნოში გახსნა ქალის საცვლებისა და ინტიმური აქსესუარების მაღაზია. თუმცა, ოფიციალური ჩეჩნეთი ამას უარყოფს.

აიშატმა პოლიტიკაში მოსვლა 21 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად, მან კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ერთი წლის შემდეგ - მინისტრის.

2023 წლის ოქტომბერში, 24 წლის აიშატი ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გახდა - ეს კადიროვის კლანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა იყო. თავად თანამდებობა ნიშნავს, რომ რამზან კადიროვის ქალიშვილი პასუხისმგებელია რესპუბლიკაში ფინანსური ნაკადების მნიშვნელოვან ნაწილზე - ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე სოციალური პროგრამებისთვის, მშენებლობისთვის, განათლებისთვის, სოციალური დახმარებებისა და ჯანდაცვისთვის.

  • ოფიციალური წყაროების თანახმად, რამზან კადიროვს 14 შვილი ჰყავს, რომელთაგან შვიდი არასრულწლოვანია. 6 ზრდასრული უკვე აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ მმართველობაში.

რამზან კადიროვი ოჯახთან ერთად

25 წლის ხადიჟატ კადიროვა, გასული წლის თებერვალში ჩეჩნეთის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. მანამდე, 2020 წლიდან, ის გროზნოს სკოლამდელი აღზრდის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სადაც პირდაპირ საბავშვო ბაღის დირექტორის თანამდებობიდან მიიღო. რა თქმა უნდა, მას ასევე აქვს ჯილდოები.

რამზან კადიროვმა თანამდებობებზე დანიშნა მისი ნათესავებიც - აიშატის ქმარი ვიშხან მაცუევი, ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრია. ხოლო ხადიჟატის ქმარი - ადამ ალხანოვი, ჯანდაცვის მინისტრი.

ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობა კადიროვის მეოთხე ქალიშვილის, ტაბარიკის ქმარმა რამზან ვისმურადოვმა დაიკავა.

ახლა ჩეჩნეთის მთავრობაშია რამზან კადიროვის 80-ზე მეტი ნათესავია.

წყარო

იხილეთ ასევე: