ავტორი:

მეზობლებთან დავმარცხდით: სად იყო მთავარი პრობლემები, რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და რა ითქვა მატჩის შემდეგ?

მეზობლებთან დავმარცხდით: სად იყო მთავარი პრობლემები, რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და რა ითქვა მატჩის შემდეგ?
  • ფოტოგრაფი: ვანო გორგიშვილი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, საქართველოსა და თურქეთს შორის, ჩვენი სამხრეთელი მეზობლის გამარჯვებით, 2:3 დასრულდა.

  • რა ხდებოდა "დინამო არენაზე"?

მატჩი საქართველოსთვის ძალიან უიმედოდ დაიწყო, რადგან 3–ე წუთზე კუთხური ჩაწოდებიდან თურქეთის მარჯვენა მცველმა, მულდურმა, ქართველების საჯარიმოში ყველას აჯობა, თავით გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

პირველი ტაიმის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა ბევრი შეცდომა დაუშვა, როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. თურქეთს ბურთის ფლობაც უკეთესი ჰქონდა (59 %), მეტი დარტყმაც ჰქონდა, როცა საქართველოს რამდენიმე პოტენციურად სახიფათო გაქცევის გარდა მომენტი არ ჰქონია, ისეთი, რომელიც კარში დარტყმით დასრულდებოდა.

თითქოს სწრაფმა გოლმა გუნდი დააბნია და ტაიმის ბოლომდე აზრზე ვერ მოვიდა. 41–ე წუთზე კი თურქეთმა საქართველოს დაცვაში შექმნილი ქაოსით ისარგებლა და კერემ აკტურკოღლუმ ანგარიში 2:0 გახადა. საქართველომ კი მხოლოდ ტაიმის ბოლოს შექმნა საგოლე მომენტი, რომელიც ლუკა ლოჩოშვილმა ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმიც საქართველოსთვის ასევე მძიმედ დაიწყო, გურამ კაშიას უხეში შეცდომით ისარგებლა აკტურკოღლუმ და დუბლი შეასრულა, ანგარიში კი 0:3-მდე გაიზარდა. როცა თითქოს ჩაქრა მუხტი და იმედიც გადაეწურა საქართველოს, ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალედ დაწყებულმა შეტევამ და მისსავე გოლმა გამოაცოცხლა გუნდი.

71–ე წუთზე კი სათადარიგოთა სკამიდან ახლად შემოსულმა ფორვარდმა, ბარის ილმაზმა უხეშად ითამაშა გიორგი ქოჩორაშვილის წინააღმდეგ, წითელი ბარათი მიიღო და თურქეთი 10 კაცით დატოვა, რის მერეც თამაშში ყველაფერი შეიცვალა.

საქართველოს თამაშის შემობრუნების შანსი გამოუჩნდა და ჯვაროსნებმაც დარჩენილი ნახევარი საათი ბურთი ფლობაში გაატარეს. კაცნაკლულ თურქეთს ყველა მხრიდან უტევდნენ, ის კი მთელი გუნდით დაცვაში იდგა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ დამატებით დროში, 97–ე წუთზე მაინც შეძლო და საჯარიმოს გარედან შესანიშნავი გოლი გაიტანა.

თამაშის დასრულებამდე სულ 2 წუთი იყო დარჩენილი, საქართველო უტევდა, ზურიკო დავითაშვილმა თავისუფალი პოზიციიდან დაარტყა და... თურქეთის მეკარემ ამ დარტყმის მოგერიება მოახერხა. 2:3 - თურქეთმა ბორის პაიჭაძის მოედანი საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვებით დატოვა...

მოკლედ, საფინალო სასტვენის წინ რომ გაგვმართლებოდა დ დავითაშვილს გაეტანა, პატარა სასწაულს მოვახდენდით და ქულას მოვიპოვებდით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვავიწყოს სჯა-ბაასი იმ შეცდომათა კასკადზე, რომელიც მრავლად იყო ჩვენი გუნდის თამაშში...

  • სად იყო პრობლემები?

ამ წაგებას არაერთი მიზეზი ჰქონდა. დავიწყოთ იმით, რომ ერთბაშად დაგვაკლდა ძირითადი შემადგენლობის 3 ფეხბურთელი - გიორგი ჩაკვეტაძის, ოთარ კიტეიშვილისა და ლაშა დვალის არყოფნა საქართველოს ნაკრებისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი აღმოჩნდა.

"რა დაგვაკლო კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნამ? თურქეთის ნაკრების საუკეთესო ძალები სწორედ ნახევარდაცვაშია თავმოყრილი. არდა გიულერისა და ქენან ილდიზის გაქანების ფეხბურთელები ბევრ ევროპულ ნაკრებს არ ჰყავს. სწორედ მათ ეჭირათ მინდვრის ცენტრი იქამდე, სანამ თურქეთი კაცნაკლული არ დარჩა. არადა, სხვა სურათი იქნებოდა იმ შემთხვევაში, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე მინდორზე რომ ყოფილიყვნენ.

კატასტროფული გამოდგა მატჩის დასაწყისი. საქართველოს ნაკრების სასტარტო ნერვიულობით, როგორც ეს მაღალი კლასის გუნდს შეჰფერის, კარგად ისარგებლეს თურქებმა, არადა, ჩვენ მიერ ნახსენები ტანდემი მინდორზე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ეს გოლი არ იქნებოდა. ცხადია, კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნა მერეც არაერთხელ დაგვეტყო.

რაც შეეხება დვალს, ის საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი, არარეკლამირებული ფეხბურთელია. დვალის არყოფნამ ეროვნული გუნდის უკანა ხაზს მთავარი დადებითი მახასიათებელი, საიმედოობა გამოაცალა", - წერს "ლელოს" მიმომხილველი, რასაც ძნელია არ დაეთანხმო.

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა დაცვამ, გნებავთ ინდივიდუალური და გნებავთ კოლექტიური კუთხით, ბევრი შეცდომა დაუშვა და სწორედ ამ შეცდომებმა განაპირობა თურქეთის ნაკრების მიერ ჩვენს კარში გატანილი გოლები. სოციალურ ქსელში ბევრი მითქმა-მოთქმაა, რომ ჩვენმა ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ დროს დატოვოს ეროვნული ნაკრები, რომლის წინაშეც მას დიდი დამსახურება აქვს, თუმცა ასაკი თავისას შვრება და აღარც ძველებურად სწრაფია და აღარც მოქნილი. მესამე გოლი კი, სამწუხაროდ, სრულად მის კისერზეა.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ, დიდი ალბათობით, ჩვენს გოლკიპერზე გიორგი მარადაშვილზეც აისახა უთამაშებლობა. მოგეხსენებათ, ის "ლივერპულში" ჯერ სათადარიგო სკამზე ზის.

უსუსტესი თამაში ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ამაში მხოლოდ ის არ არის დამნაშავე, კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის არყოფნაში, ფაქტობრივად, ჩავარდა შუა რგოლი, რამაც გამოიწვია თავდასხმასთან კავშირის გაწყვეტა, მიქაუტაძე კი, მოგეხსენებათ, იმ ტიპის ფეხბურთელი, რომელთანაც ბურთი უნდა მიიტანო, მერე კი ბომბარდირი თავის საქმეს გააკეთებს.

თურქი ფეხბურთელის გაძევებამ თამაშის მსვლელობა კი შეცვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თუნდაც ფრისთვის და საერთოდაც, გიორგი ქოჩორაშვილის კარგი თამაში და მის წინააღმდეგ ეს უხეშობა რომ არა მეტოქე მშვიდად მიიყვანდა საქმეს გამარჯვებამდე და დიდი ალბათობით, ამ ორ გოლსაც ვერ გავიტანდით.

"ვილი სანიოლი, შედეგის თვალსაზრისით, საუკეთესო მწვრთნელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ თურქეთთან მატჩი ერთ-ერთი უსუსტესი იყო მის ქართულ კარიერაში. ქვემოთ შევეცდები, არგუმენტებით გავამყარო ეს მოსაზრება...დავიწყოთ 4-მცველიანი სათამაშო სქემის არჩევით. წინასამატჩო პრევიუში გამოვთქვით აზრი, რომ სანიოლი ორი ვარიანტიდან უფრო ხუთმცველიან სათამაშო სქემას აირჩევდა. იმას, რომ 4-მცველიანი სისტემა წარმატებით დაიტესტა რამდენიმე სუსტ მეტოქესთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა. არადა, სწორედ ასე მოხდა - ფრანგმა მწვრთნელმა აქცენტი ამ ვარიანტზე გააკეთა. არადა, თურქების შემტევებს სივრცეები ლამის ყველაზე მეტად უყვართ ევროპაში და მათ ეს სივრცეები მიიღეს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - დაიწყო თუ არა თამაში, საქართველოს ნაკრები ისე დაუდგა მეტოქეს, როგორც პატარა გუნდები გადიან დიდებთან სათამაშოდ. ჩვენი გუნდი სავსებით მოუმზადებელი აღმოჩნდა ვინჩენცო მონტელას მიერ შეთავაზებული მაღალი პრესინგისთვის. თურქებმა ისე მოგვიმწყვდიეს საკუთარ ნახევარზე, როგორ გამოცდილი მონადირე - პოტენციურ ნადავლს. და მერე საკონტროლო გასროლაც მოახდინეს! მატჩის მეტი წილის განმავლობაში საქართველოს ნაკრების თამაშში არ იყო იდეა. ყველაფერი ემყარებოდა ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. "მიეცით ბურთი ხვიჩა კვარაცხელიას, ან ზურიკო დავითაშვილს, და ისინი რამეს მოიფიქრებენ" - დაახლოებით ასეთი იყო ჩვენი თამაშის დედააზრი", - წერს "ლელოს" მიმომხილველი. (წაიკითხეთ სრულად)

სპორტული კომენტატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ არასწორად იყო შერჩეული სასტარტო შემადგენლობაც, რადგან ჩვენ ვახეთ მეორე ტაიმში ნიკა გაგნიძე და ირაკლი აზაროვი რა კარგად ჩაერთნენ თამაშში და მნიშვნელოვან გამოაცოცხლეს ის.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ზურიკო დავითაშვილის კარგი თამაში, ის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ახერხებდა ჩვენი გუნდის თამაშის გამწვავებას. აქვე უნდა ვახსენოთ გიორგი ქოჩორაშვილი, რომლის აქტიურობამაც ათი კაცით დატოვა თურქები, თუმცა მხოლოდ ეს ერთი ეპიზოდი არ ყოფილა, გიორგი ლამის მოედნის ყველა წერტილში იყო და მაქსიმალურად ცდილობდა ნაკრების თამაშის გააქტიურებას.

მოკლედ, სამწუხაროდ, დავმარცხდით ძალიან მნიშვნელოვან მატჩში, იმედია, ჩვენი გუნდის თავკაცობა გაითვალისწინებს დაშვებულ შეცდომებს და ბულგარეთთან გაცილებით ძლიერ და დალაგებულ ნაკრებს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე E ჯგუფში საქართველოს თურქეთის გარდა არის ბულგარეთი და მიმდინარე ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები.

საქართველოს ნაკრების შემდეგი შეხვედრა 7 სექტემბერს, 17:00–ზე ისევ ბორის პაიჭაძის სახელობის მოედანზე, ბულგარეთის წინააღმდეგ გაიმართება.

  • რა შეფასებები მიიღეს ჩვენმა ფეხბურთელებმა?

ჩვენი გუნდის ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.

Whoscored: მამარდაშვილი 5.4, კაკაბაძე 5.6, კაშია 5.4, გოგლიჩიძე 5.8, ლოჩოშვილი 5.3, წიტაიშვილი 5.9, ქოჩორაშვილი 7.0, მექვაბიშვილი 5.9, დავითაშვილი 8.4, კვარაცხელია 8.1, მიქაუტაძე 6.0, გაგნიძე 6.1, აზაროვი 6.4, გულიაშვილი 6.0, გოჩოლეიშვილი 6.2.

Sofascore: მამარდაშვილი 5.9, კაკაბაძე 5.8, კაშია 6.2, გოგლიჩიძე 6.1, ლოჩოშვილი 5.8, წიტაიშვილი 6.3, ქოჩორაშვილი 7.4, მექვაბიშვილი 6.4, დავითაშვილი 8.3, კვარაცხელია 7.8, მიქაუტაძე 6.4, გაგნიძე 6.6, აზაროვი 7.1, გულიაშვილი 6.5, გოჩოლეიშვილი 6.8.

Flashscore: მამარდაშვილი 5.3, კაკაბაძე 5.7, კაშია 5.8, გოგლიჩიძე 5.6, ლოჩოშვილი 5.0, წიტაიშვილი 6.1, ქოჩორაშვილი 7.1, მექვაბიშვილი 6.0, დავითაშვილი 7.9, კვარაცხელია 7.5, მიქაუტაძე 5.6, გაგნიძე 6.0, აზაროვი 6.8, გულიაშვილი - შეფასების გარეშე, გოჩოლეიშვილი - შეფასების გარეშე.

  • რა ითქვა მატჩის შემდეგ?

თურქეთის მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა:

"რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ჩვენი ფეხბურთელის გაძევება იყო. მანამდე ვდომინირებდით. ამის შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ. საქართველოს ნაკრების წინა თამაშებიდან გამომდინარე მოვემზადეთ, განსაკუთრებული მზადება არ გვქონია.

ეს მატჩი წინადან განსხვავებული იყო. საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა. ჩვენ საკმაოდ გაგვიჭირდა, მით უმეტეს, ტურნირის სტარტი ყოველთვის რთულია. ჩვენი ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდის და ვითარდება".

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი:

"თამაშის მერე გარჩევა იოლია... ხუთმცველიანი ტაქტიკის დროს გვეუბნებოდნენ, რომ შეტევაში ცოტანი ვიყავით. 4 მცველზე გადასვლა დიდი ხანია გვინდოდა. წაგებული თამაშის მერე ახლა ამაზე საუბარი რთულია. არ მგონია, მომავალ თამაშებზე 5 მცველზე დავბრუნდეთ. ასეთი დიდი მატჩების პირველივე წუთებიდან თამაში უნდა ვისწავლოთ. როცა პრაქტიკა არ გაქვს, ეგ შენ თამაშზე აისახება. ეს მხოლოდ მამარდაშვილს არ ეხება.

ორი სხვადასხვა მოდელის მცველი გვყავს, ერთი ძალიან გამოცდილი კაშია და მეორე საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერი გოგლიჩიძე. ვილის სიტყვებს ვამბობ, რომ სამ მცველზე გადასვლას არ ვაპირებთ. ტაქტიკა პირველივე ტაიმში შევცვალეთ და 4-3-3-ზე გადავედით, მაგრამ ამასთან შეჩვევა იოლი არაა, დრო სჭირდება. მომავალ მატჩში შემადგენლობას იმის მიხედვით შევარჩევთ, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ"

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, E ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ესპანეთმა სტუმრად ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.

7 სექტემბერს ჩვენი გუნდი ბულგარეთს უმასპინძლებს, ესპანეთი კი გასვლაზე თურქეთს დაუპირისპირდება.

იხილეთ ასევე: