ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ალა პუგაჩოვა "ხალხის მტრად“ გამოაცხადა, რადგან მომღერალმა ჯოხარ დუდაევი ღირსეულ ადამიანად მოიხსენია
"იმის შესახებ, თუ როგორი იყო დუდაევი და რა სარგებელი მოიტანა მან, პირველ რიგში, თავად ჩეჩნებს უნდა ჰკითხოთ. მისმა ამბიციებმა, ყალბმა პოზებმა და ჩეჩენი ხალხის რეალური პრობლემებისადმი დაუდევარმა დამოკიდებულებამ ბანდიტიზმის მკვეთრი ზრდა და სრული ფინანსური კრახი გამოიწვია“, - განაცხადა კადიროვმა.
მან დასძინა, რომ "ხალხის მტრებს და მოღალატეებს, როგორიცაა პუგაჩოვა“, არ უნდა შეეძლოთ "უაზროდ მსჯელობა ჩეჩენი ხალხისთვის ყველაზე მძიმე პერიოდის შესახებ“.

"განსაკუთრებით პირველი ჩეჩნური ომი დამამახსოვრდა, რადგან ჯოხარ დუდაევს ვიცნობდი. ის იყო იმდენად ღირსეული და წესიერი, ინტელიგენტი ადამიანი, ლამაზი ადამიანი... და მისი ცოლი! მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი... ის მირეკავდა, ეგონა, რომ რამით დავეხმარებოდი. რით უნდა დავხმარებოდი? ვერაფრით. ახლა კი მრცხვენია, რომ მოკითხვაც კი ვერ გავუგზავნე. ალა ფედოროვნა, თუ შემთხვევით ამ ინტერვიუს ნახავთ, ბოდიშს გიხდით, რომ ვერაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჯოხარი ცოცხალი დარჩენილიყო“, - თქვა მომღერალმა.
დუდაევის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო პუგაჩოვას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შევიდა. მოსარჩელე 1,5 მილიარდ რუბლს ითხოვს (სასამართლოს ჯერჯერობით არ მიუღია ის განსახილველად).
მოსარჩელე ადვოკატი ალექსანდრე ტრეშჩევია.
ჯოხარ დუდაევი 1990-იან წლებში იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო. ის 1996 წლის აპრილში რუსულმა რაკეტამ მოკლა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ალა პუგაჩოვა საზღვარგარეთ გაემგზავრა. საუბარი კატერინა გორდეევასთან მომღერლის პირველი დიდი ინტერვიუ იყო ომის დაწყების შემდეგ. ხუთ დღეში ვიდეომ 17 მილიონი ნახვა დააგროვა.
წაიკითხეთ ასევე: