ცნობილი ქართველი ბანი და პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მცხეთაში, მისი ნათლული უშბა ონიანის ქორწილში იმყოფება. "მინდა ვუსურვო მას და მის მეუღლე მარიამს ბედნიერების მრავალი წელი", - წერს ბურჭულაძე და ფოტოებს აქვეყნებს.

სურათებიდან ირკვევა, რომ ის ქართველი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის, იგივე ტაროს ვაჟის, უშბა-ბუბა ონიანის ქორწილში იმყოფება. ფოტოებზე ჩანს, რომ სიძეს, უშბა ონიანს, ქართული ეროვნული სამოსი, ჩოხა აცვია. ფოტოებზე ჩანს ასევე ბურჭულაძის ცოლი და გვანცა ონიანი, რომელიც ძმის ქორწილში ლურჯი საღამოს კაბით არის.



ამ ამბიდან მალევე, ბანი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, ამჯერად რუსთაველის გამზირიდან, სადაც აქციაზე იმყოფება.
კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის, ორი შვილი - ქალიშვილი გვანცა მარია და ვაჟი უშბა ბუბა - ბოლო წლებია, მოსკოვში ცხოვრობენ. გვანცა ხშირად არის იტალიაში ან საფრანგეთში მეუღლესთან და ერთი წლის ქალიშვილთან ერთად.

ტარიელ ონიანის შვილებმა ბავშვობამ პარიზსა და ბარსელონაში გაატარეს. უშბამ განათლება ლონდონის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი კასის ბიზნეს სკოლა დაამთავრა. რუსული მედიის ინფორმაციით, მისი ნათლია სწორედ პაატა ბურჭულაძეა. წლების წინ, როდესაც ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ტარიელ ონიანთან ნათესაობა გაუხსენეს, ბანმა "პალიტრანიუსთან" უშბას შესახებ ისაუბრა:
"ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი. მან მთხოვა, მომენათლა მისი შვილი უშბა. ეს 20 წლის წინ იყო, როდესაც მე პარიზში გასტროლებზე ვიყავი. რა თქმა უნდა, მე სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნათლობა ქრისტიანი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარია. მე ვამაყობ ჩემი მონათლულით. უშბა არის ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსისტი, რომელიც დღეს ლონდონშია. 400-კაციან კონკურსში სამმა გაიმარჯვა, ერთ-ერთი არის ჩემი უშბა, ჩემი ნათლული, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტია ლონდონის ძალიან დიდ ბანკში."
მიუხედავად წარმატებული კარიერისა, უმცროს ონიანს ცხოვრებაში სამართალდამცავებთან შეხება მაინც მოუწია. 2015 წელს მოსკოვში ავარია მოხდა, რომელშიც 21 წლის ბუბა ონიანი მონაწილეობდა. შემთხვევა კამერამ დააფიქსირა. "მერსედესის" საჭესთან მჯდომი ბუბა "Volkswagen Touareg-ს" როგორ დაეჯახა, რის შემდეგაც მისი მანქანა ტროტუარიდან გადავარდა. ინციდენტის შედეგად, დაშავდნენ ავტომობილში მყოფი 18 წლის მგზავრი და ბუბას ორი მეგობარი.
რუსული მედია ვარაუდობს, რომ ბუბა მამის ყველა ბიზნესს მართავს და "საოჯახო ბიზნესის" ლეგალიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს.
წაიკითხეთ ასევე: