ავტორი:

"შვილი რომ გარდაეცვალა, ოთახიდან ყველა ხატი გამოიტანა, რწმენა დაკარგა... ვერიკო ამ მდგომარეობიდან პატრიარქმა გამოიყვანა" - დიდი მსახიობის რთული ცხოვრება, კულისებს მიღმა

"შვილი რომ გარდაეცვალა, ოთახიდან ყველა ხატი გამოიტანა, რწმენა დაკარგა... ვერიკო ამ მდგომარეობიდან პატრიარქმა გამოიყვანა" - დიდი მსახიობის რთული ცხოვრება, კულისებს მიღმა

ვერიკო ანჯაფარიძე - სახელი, რომელიც ქართული სცენისა და ეკრანისთვის ხელშეუხებელ, დიდებულ ფიგურასთან ასოცირდება. თუმცა, როგორი იყო დრამატული დედოფლის ცხოვრება კულისებს მიღმა? მსახიობი და მხატვარი ნიკუშა შენგელაია, გადაცემაში "შუადღეში", მაყურებელს ბებიის, ვერიკო ანჯაფარიძის, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ დეტალებს უზიარებს.

  • შვილის, რამაზ ჭიაურელის ნაადრევი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი, ომისდროინდელი ტვირთი და რწმენის დროებითი დაკარგვა - ეს ის დრამებია, რომლებსაც ვერიკო საზოგადოებას უმალავდა, მაგრამ რომლებიც მის სახეზე და ღამის ქვითინში იკითხებოდა. ვერიკოს შვილი, რამაზ ჭიაურელი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

- ვერიკოს სპექტაკლს რომ დავესწარი პირველად 10-12 წლის ვიყავი. სცენაზე რომ გამოვიდა, ყველა ატირდა, ძალიან გამიკვირდა. მაყურებელი არ ვიყავი, მომლოდინე ვიყავი, დატოვებული ბავშვი. საოცარი ენერგია ჰქონდა, დრამატული მსახიობი იყო. ისეთ ასაკში იყო, რომ მის ტოპ სპექტაკლებს ვერ მოვესწარი. სახლშიც დრამატული იყო, ხშირად მახსოვს ხელზე დაყრდნობილი, ჩამოკიდებული თავით.

მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი შემოქმედებით, ცხოვრებით დაიმკვიდრა სახელი, ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. ომის პერიოდი გაიარეს. ვერიკო პაპაჩემისა და თავის ძმისშვილებს, ბიძაშვილიშვილებს უვლიდა. ჩვენთან სადილობდნენ, ეს ტვირთი ვერიკოს ზურგზე იყო. პაპაჩემი მიშა, რომ ცოცხალი იყო, ვერიკო გაბრწყინებული იყო. მთელი ჩემი ბავშვობა მახსოვს, სულ სუფრა იყო გაშლილი, სულ რომ გეჩხუბებიან, წადი, დაიძინე, ხვალ სკოლა გაქვს. ძალიან მხიარულიც იყო. მისი მეგობრები ხშირად მოდიოდნენ. მახსოვს, სადაც არ უნდა მისულიყო, ხალხი როგორ უყურებდა და როგორ უყვარდათ ადამიანებს. მე ბაზარში აღარ წავალ, ფულს არ მართმევენო. მძღოლს აბარებდა ხოლმე, წახვალ და შენ იყიდიო.

სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია, ნიკუშა შენგელაია და ვერიკო ანჯაფარიძე სტუმრად ქობულეთში...

იოსებ გრიშაშვილი მისი საუკეთესო მეგობარი იყო, თამადა იყო სოფიკოსა და გიორგის ქორწილში. გადაღებებზე მეც იქ ვიყავი ხოლმე, აბა მარტოს ვინ დამტოვებდა, მთელი ოჯახი იქ იყო ხოლმე. ბავშვი რომ ხარ, ერთობი გამნათებლებთან, მძღოლებთან, გრიმიორებთან. ცხენები იყო ხოლმე, ყველაზე მეტად მიყვარდა მათთან ურთიერთობა.

მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია

ცხოვრებაში დიდი დრამა შეხვდა. შვილი გარდაეცვალა. ამაზე დიდი დრამა არ არსებობს. გვერდიგვერდ გვეძინა, ისეთი ქალი იყო, თავის გულისტკივილს არ აჩვენებდა ხოლმე. მაგრამ, წლები უძილო ღამეები გვქონდა, ღამე ქვითინებდა, მარტო, თავისთვის... ვერიკო ამ მდგომარეობიდან ჩვენმა პატრიარქმა გამოიყვანა. ეს რომ დაემართა, ოთახიდან ყველა ხატი გამოიტანა, ამ ტკივილში რწმენა დაკარგა. მახსოვს, ილია მეორე მოდიოდა და საათობით საუბრობდნენ ერთმანეთში. ნელ-ნელა თავის ოთახში ხატები დააბრუნა.

რამაზ ჭიაურელი

ცდილობდა, საზოგადოებისათვის, მეგობრებისთვის თავისი განცდები არ ეჩვენებინა, მაგრამ მის სახეზე ეწერა ეს ყველაფერი. შეიძლება, სცენაზე ეს დრამატულობა მის ნატურასაც მოჰყვებოდა. სცენა ისეთი რამეა, ძნელია, მაყურებელი მოატყუო.

დედაჩემი სულ მეჩხუბებოდა, დახატე ვერიკო, სანამ არისო. ისე მოხდა, სად დავფრინავდი არ ვიცი, არც ვერიკო დამიხატავს და არც სოფიკო. სხვა რაღაცებს ვხატავდი. ყოველთვის გგონია, რომ შენი მშობლები, ბებია-ბაბუა სულ შენთან იქნებიან. სანამ არ დადგები იმ ფაქტის წინაშე, რომ ისინი აღარ არიან, რატომღაც მუდმივობის გრძნობა გაქვს. ამ მუდმივობაში თუ იგულისხმება მეხსიერება და სიყვარული, ეს მუდმივი მაქვს. უბრალოდ, ფიზიკური შეხება აღარ არსებობს. ღამე არ გავა, რომ არ დამესიზმრონ. მეტაფიზიკური ურთიერთობა არსებობს. წყარო

ნახეთ ასევე: