ქართულ კულტურაზე შეყვარებული ავსტრიელი პროფესორი

ქართულ კულტურაზე შეყვარებული ავსტრიელი პროფესორი

2010 წლის 5 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ავსტრიელ მეცნიერს, ბრუნო ბაუმგარტნერს ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების შესწავლისა და გამოქვეყნებული ნაშრომებისთვის ავსტრიაში, საქართველოს საელჩოში საზეიმო ვითარებაში გადაეცა ორდენი - "ოქროს საწმისი".

პროფესორი ბაუმგარტნერი ვენიდან 130 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ცვეტლში ცხოვრობს. ბატონ ბრუნოს და მის მეუღლეს, ქალბატონ მარტას საქართველოს საკონსულოს თანამშრომლის ძალისხმევით დავუკავშირდი, შინ მოვიწვიე და ტრადიციული ქართული კერძებითა და ავსტრიული ღვინით გავუმასპინძლდი. ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე ვიტყვი: ავსტრიაში შეუძლებელია ნამდვილი ქართული ღვინის შეძენა, რუსული მაღაზიები კი არის გადაჭედილი ქართულეტიკეტიანი ღვინოებით, მაგრამ საეჭვოა, ნამდვილი "ხვანჭკარა" 7 ევრო ღირდეს...

- ბატონო პროფესორო, როდის და რატომ დაინტერესდით ქართული კულტურის ძეგლებით?

- წლების წინ ორ მეგობართან ერთად ვიმოგზაურე თურქეთში. ტრაბზონში უნდა ჩავსულიყავით და ხოფას გავლით წავსულიყავით არარატის მთისკენ. გზად შუა საუკუნეების ქართული ეკლესია-მონასტრები დავათვალიერეთ, რომლებმაც უდიდესი შთაბეჭდილება  მოახდინა. ვერ წარმომედგინა თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების არსებობა.

მინდოდა, ამ ძეგლების შესახებ მეტი ინფორმაცია შემეგროვებინა, ბოლოს მივაგენი რუსულ წყაროებს და ინტერესი კიდევ უფრო გამიცხოველდა. მიზნად დავისახე, გამომეკვლია ყველა ქართული წარმოშობის ძეგლი თურქეთში და ადგილზე განვაგრძე კვლევა. დამეხმარა იქაური მეგობარი ახმედი. ძალიან გამომადგა ექვთიმე თაყაიშვილის 1917 წელს ჩატარებული ექსპედიციის მასალები, რომელსაც ფოტოებიც ახლავს.

ქართველები ძალიან ნიჭიერი ერი იყო და დღესაც ასეა. ამდენი რამის შემქმნელ ხალხს ეკონომიკაც ძლიერი ექნებოდა. მაოცებს, რომ შუა საუკუნეებში ქართველებმა ამდენი რამ შექმნეს.

- როგორც შევიტყვე, საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდით. თუ აპირებთ კიდევ გამგზავრებას?

- ძალიან მინდა საქართველოში ჩასვლა, რადგან მიყვარს თქვენი ქვეყანა. საქართველოს მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ქართული კულტურა დაიცვას და მსოფლიოს გააცნოს, შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყოს მეცნიერებს.

- ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ საქართველოში?

- ძნელი სათქმელია. პირველ რიგში, ქართულმა ისტორიულმა ძეგლებმა. ძალიან მომწონს, რომ თქვენს ქვეყანაში ჩასვლა ადვილია. თქვენს ხალხს აქვს მეგობრობის უნიკალური უნარი - თუ საქართველოში გაიცანი ვინმე, ეს ნაცნობობა და მეგობრობა მთელი ცხოვრება გაგყვება. მე ვუფრთხილდები ამ მეგობრობას. მომწონს თქვენი სტუმართმოყვარეობა.

- რა არ მოგეწონათ?

- ყველაფერი მომეწონა, გარდა გზებისა რაიონებსა და სოფლებში.

აქ ბატონი ბრუნოს მეუღლემ, ქალბატონმა მარტამ სიცილით დასძინა: ქართველები ყველაფერში კარგები ხართ, მაგრამ არაპუნქტუალურებიო.

- ხომ არ გვეტყვით ისეთ რამეს, რომელიც ჯერ არავისთვის გითქვამთ და გსურთ ქართველმა საზოგადოებამ გაიგოს?

- ერთ ამბავს მოგიყვებით. 2005 წელს მეგობარმა გამაცნო თავისი მეგობარი შოთა ელიაშვილი. მან თავისი მანქანით მოგვატარა საქართველოს სხვადასხვა კუთხე. 2010 წელს, როცა საქართველოში ისევ დავაპირე ჩასვლა, ელექტრონული ფოსტით მივწერე, ჩამოვდივარ-მეთქი. თბილისის ძველ უბანში, სასტუმრო "მუზაში" რომ შევედით, ვესტიბიულში შოთა იჯდა და გველოდებოდა. ჩანთები ნომერში ავიტანეთ და მაშინვე წავედით კასპში, რუისში, წრომში, მერე კახეთში კვეტერას ეკლესია მოვინახულეთ... ამით არ დასრულებულა შოთას სიკეთე... მე და ჩემი მეუღლე წავედით თურქეთში, ტაო-კლარჯეთში; შოთას ვუთხარი, თუ დამჭირდები, დაგირეკავ-მეთქი. მართლაც, დაგვჭირდა, იქაც ჩამოვიდა და გვატარა ტაო-კლარჯეთში. მოკლედ, ზედ გადაგვყვა.

- 14 აპრილს ვენაში დაგეგმილ ღონისძიებას რა მიზანი აქვს?

- გული მწყდება, რომ ქართველებს, ამხელა კულტურის მქონე და უძველეს ერს ავსტრიელები მხოლოდ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებით იცნობენ. ვცდილობ, მათ დავანახო, რომ ასე არ არის.

დოსიე

პროფესორი ბრუნო ბაუმგარტნერი 1941 წლის 8 ნოემბერს ვენაში დაიბადა. 1961-1968 წლებში სწავლობდა ვენის უნივერსიტეტის ისტორიისა და კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1968 წელს დაქორწინდა. ჰყავს ორი ქალიშვილი: ბარბარა და ვერონიკა. 1982 წლიდან ბრუნო ბაუმგარტნერი იკვლევს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების ქართულ ძეგლებს. მის მიერ შედგენილ კატალოგში აღწერილია ჩრდილოეთ თურქეთში არსებული ქართული საკრალური თუ სხვა დანიშნულების (IX-X საუკუნეები) 100-ზე მეტი ქართული ძეგლი.

ბატონი ბაუმგარტნერის დისერტაციის თემაც "ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევა" იყო. 1985-1990 წლებში ბატონი ბრუნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა ტაო-კლარჯეთში. ამ თემას მიუძღვნა 800-გვერდიანი ნაშრომი, აქვეყნებდა სხვა ნაშრომებსაც ავსტრიულ და ფრანგულ ჟურნალებში.

1989 წელს მოხსენება წაიკითხა საქართველოში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე.

1997 წელს გახდა დოქტორი და მონაწილეობდა გერმანიაში ქართულ-გერმანული საზოგადოების შეკრებაზე.

1999 წელს პროფესორ ვახტანგ ჯობაძესთან ერთად გამართა ფოტოგამოფენა ვენაში.

2005 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ლიკანში, კავკასიის ბიზნესსკოლაში კითხულობდა ლექციებს ტაო-კლარჯეთის შესახებ.

2006 წელს ლონდონში საერთაშორისო კონგრესზე წარმოადგინა ტაო-კლარჯეთი.

2011 წელს მისი ნაშრომი ითარგმნება ქართულად და გამოიცემა წიგნად. წელს, 14 აპრილს, ვენაში დაგეგმილ ღონისძიებაზე ბატონი ბრუნო თურქეთში არსებული ქართული ძეგლების შესახებ ისაუბრებს.

ლევან ხვედელიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"