რისგან დაიღალა ბასა ჯანიკაშვილი

რისგან დაიღალა ბასა ჯანიკაშვილი

დაახლოებით ერთი თვის წინ ბასა ჯანიკაშვილის ახალი რომანი "ომობანა" გამოვიდა. ნაწარმოებში მოქმედება რუსეთ-საქართველოს ომის ფონზე ვითარდება, მთავარი გმირები დარჩიების სამსულიანი ოჯახია. პატარა გივიკო დარჩია შურდულით რუსულ ავიაგამანადგურებლებს აფეთქებს, ტყვეებს კი მისი მშობლები ეზოში, სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან მასპინძლობენ. როგორია ბასას "ომობანა", ამას თავად მწერლისგან გაიგებთ.

- ბასა, საუბარი თქვენი ახალი რომანით დავიწყოთ, როგორ დაიწერა "ომობანა"?

- "ომობანა" თავდაპირველად პიესა იყო. რამდენიმე დღეში დავწერე. არის ერთი ქალბატონი, მთარგმნელი და კრიტიკოსი მაია მამალაძე, რომელმაც ასეთი პროექტი მოიფიქრა: "პიესები ომზე". თანამედროვე ქართველ დრამატურგებს რუსეთ-საქართველოს ომზე პიესები უნდა დაეწერათ. შემდეგ ეს პიესები "მარჯანიშვილის თეატრში" მსახიობებმა წაიკითხეს. ერთ დღეს მივხვდი, რომ რამდენიმე დღეში დაწერილი პიესა არასაკმარისი იყო იმისთვის, რისი გადმოცემაც მინდოდა და გადავწყვიტე, რომანად მექცია.

- რომ არა მაია მამალაძის ინიციატივა, ომზე წიგნს არ დაწერდით?

- არა, მე ომის თემაზე, "აბსურდისტანის" ბოლო თავში ვისაუბრე, მაგრამ ახლა ისე გამოვიდა, რომ "ომობანა" სწორედ იმ ბოლო თავის გაგრძელებაა. რომანი 2010 წლის აგვისტოში დავამთავრე, მაგრამ გამოცემის პროცესი გაიწელა. მკითხველს მისი წაკითხვის შესაძლებლობა მხოლოდ იანვრის ბოლოს მიეცა.

- მართალია, "ომობანა" აგვისტოს ომს ეხება, მაგრამ თქვენი წიგნის პერსონაჟები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გმირები არ არიან. არადა, დღეს ყველაზე ხშირად მათზე იწერება...

- მინდოდა, ისეთ ოჯახზე დამეწერა, რომელსაც ომი სახლში აქვს და უბრალოდ, მათი ოჯახური კონფლიქტის კულმინაცია რუსეთ-საქართველოს ომს დაემთხვა. ჯერჯერობით არ მიზიდავს იმაზე წერა, კონკრეტულ შემთხვევაში ამა თუ იმ ადამიანმა რა გმირობა ჩაიდინა. ვერ ვწერ ასეთ თემებზე, საერთოდ ვერ ვეხები. ვიღაცას ადვილად გამოსდის, ეგ უკვე მათი არჩევანია. მთავარი იყო, ამ მოვლენის მიმართ ჩემი პოლიტიკური შეხედულება არ გამომეხატა. მინდოდა, კონცენტრაცია ოჯახის გა­რშემო მომხდარიყო და ომი მხოლოდ ფონად ქცე­ულიყო. რამდენად მო­ვახერხე არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩანაფიქრი ეს იყო. მე ვწერ ომზე და იმ მოვლენებზე, რომელიც ახლახან, ორი წლის წინ მოხდა. ძნელია, ამ დროს ობიექტურობა შეინარჩუნო და ემოციები მოთოკო. საერთოდ, პაციფისტი ვარ, ომი არ არის პრობლემის გადაწყვეტა, მთავარია, იქამდე არ მივიდეს საქმე.

- როდესაც წიგნს გადავშლით, ასეთი ეპიგრაფი გვხვდება: "კოღო არ მოკლა" - გია ნიკოლაძე...

- ლეგენდარული "ნიკოლშოუს" დამფუძნებელმა გია ნიკოლაძემ ეს ფრაზა გონიოში ყოფნისას წარმოთქვა. ათი წლის წინ რაღაც მუსიკალურ-ლიტერატურული სემინარი იყო. გონიოს ციხეში ბევრი ადამიანი ვიყავით შეკრებილი და ლექსებსა და პიესებს ვკითხულობდით. უამრავი კოღო იყო და შეუძლებელია, როდესაც პიესას კითხულობ, კოღო გაჯდება და გკბენს, მისი მოკვლა არ მოგინდეს. გია ნასვამი იყო და სწორედ იმ დროს, როდესაც კოღოსთვის ხელი უნდა დამერტყა, შემომხედა და მითხრა: "კოღო არ მოკლა!". როგორც ჩანს, კოღოს მხარეს გადავიდა (იცინის). ეს სიტყვები ძალიან დამამახსოვრდა.

- იმიტომ ხომ არ წაუმძღვარეთ, რომ ომის დროსაც კოღოებივით ბევრ ადამიანს ხოცავენ?

- რაღაც გაგებით შეიძლება... კოღოებიც ჯარისკაცებს ჰგვანან.

- ბასა, "ომობანას" გმირი ერთი ჩვეულებრივი ოჯახია, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქალი უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი...

- სხვათა შორის, ბევრმა თქვა, რომ ანტიფემინისტური რომანია, უფრო მეტმა კი პირიქით, რომ ძალიან ფემინისტურია. ალბათ ასეც არის, რადგან ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში კაცის როლი დაკნინებულია. ბევრი რამ გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა, საბჭოთა კავშირის დაშლა, ხელისუფლებების ცვლილებები, მაგრამ ამის პარალელურად, ქალისა და მამაკაცის აზროვნებაში უხილავი მოვლენებიც მოხდა. 90-იან წლებში ვინ წარმოიდგენდა, რომ ძირითადად ქალი იმუშავებდა და ოჯახს დამოუკიდებლად არჩენდა, მამაკაცი კი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დომინოს ითამაშებდა ან ლუდს დალევდა. დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

- თუმცა დიდი ხანია, რაც ეგ პრობლემა გვაწუხებს...

- როდესაც თანამედროვე ქართულ ოჯახში ინიციატივას საკუთარ თავზე ქალი იღებს, ბუნებრივია, ასეც იქნება. ადრე მამაკაცი მაგიდაზე მუშტს არტყამდა, მაგრამ ქალის როლი თუ გაიზარდა, მამაკაცს მუშტის დარტყმის თავიც აღარ ექნება.

- მართალია, წიგნში მოთხრობილი ამბავი არარეალურია და ვიცით, რომ შურდულით პატარა ბავშვი თვითმფრინავებს ვერ ჩამოაგდებს, მაგრამ რამდენიმე საკმაოდ რეალური ფაქტიც გაქვთ მოყვანილი, მაგალითად, რუსი გენერალი, რომელმაც ომის დროს ნიყვი მოითხოვა, ასევე მტრისთვის ხაჭაპურით გამასპინძლება...

- ეგ ნამდვილად რეალური ისტორიებია. ერთია, როცა გუბერნატორი ხარ და გინდა, შენი კუთხე არ დაიბომბოს და ხაჭაპურს აჭმევ და მეორეა, როდესაც ხმლით ხვდები. რომელი უარესია მოსახლეობისთვის, ეგ არავინ იცის, ამიტომ მე არ განვიკითხავ. რაც შეეხება მეორე ამბავს, როდესაც ქართული ოჯახი ოკუპანტებს სუფრას უშლის, ამ ისტორიას მიხეილ სააკაშვილი მაშინ მოჰყვა, როდესაც ჯოზეფ ბაიდენს საჩუქრად პისტოლეტი გადასცა. ქართველები ოკუპანტებთან ბენზინს ცვლიდნენ, ბენზინის გაცვლაში იარაღიც გაცვალეს და ასე ჩაგვივარდა ხელშიო. წარმოიდგინეთ, როდესაც ორ ნაბიჯში ტანკი დგას, შეიძლება, მტერი დაპატიჟო, რომ არ დაგბომბოს. მე ისიც დამაჯერებელი მეჩვენება, რომ შურდულით შეიძლება თვითმფრინავი ჩამოაგდო. პრინციპში, ომის დროს ორი თუ სამი თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ. არადა მანამდე გვეგონა, რომ ძალიან ძლიერი შეიარაღება გვქონდა.

- თუმცა, ომის გარდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი შიდა დაპირისპირებაც გადავიტანეთ. სწორედ ამ პერიოდში ფართო საზოგადოებამ ხმაურიანი გამოსვლებით რამდენიმე თქვენი კოლეგაც გაიცნო. ზოგს ისინი დღემდე პოლიტიკოსებში ეშლებათ. თქვენ რატომ არ აქტიურობთ?

- მე ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, მაგრამ ერთი და იგივე რამდენჯერ უნდა გავიმეორო. არ არსებობს ხელოვნება პოლიტიკური შეხედულების გარეშე. ზოგი აფრიკაზე წერს, ზოგიც აზიაზე ან არარსებულ სიყვარულზე, მაგრამ როდესაც მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური შეხედულება გაქვს, ბუნებრივია, ამ თემას ვერ გაექცევი და ხშირად ეს ხდება იარაღი. აბა, ის ჯობია, ყოველ კვირას რომელიმე პოლიტიკურ თოქშოუში იჯდე და მაყურებელს თვალები ამოუღამო?.. ადრე მქონდა პერიოდი, როდესაც ხშირად გამოვდიოდი ეთერში. უბრალოდ დავიღალე. წარმოიდგინეთ, ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული და მანამდეც, ერთსა და იმავეს ვიმეორებ: არ შეიძლება აფხაზებსა და ოსებთან ულტიმატუმის ენით საუბარი, ტერიტორიის დაბრუნებაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ ხალხი უნდა დავიბრუნოთ. უნდა წავიდეთ ევროპისკენ, ნატოსკენ... არ შეიძლება, მუდმივად გავაყალბოთ არჩევნები, რამდენჯერ უნდა ვთქვა, აღარ შემიძლია, დავიღალე...

- ხალხიც დაიღალა და თითქოს შეეჩვია...

- მეც ხომ დავიღალე. წარმოიდგინეთ, რვა წლის განმავლობაში გამოდის ბასა ჯანიკაშვილი კვირაში ერთხელ და ერთსა და იმავეს ლაპარაკობს, უკვე მეცინება ჩემს თავზე, სასაცილოა...

- სხვადასხვა პოლიტიკური შე­ხე­დულების მქონე მწერლებს ერთმა­ნეთთან როგორი ურთიერთობა გა­ქვთ?

- სხვა სფეროში როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც აბსოლუტურად სხვა პოზიციაზე არიან. ალბათ ეს ურთიერთობაში რაღაც ნალექს ტოვებს. მთავარი ის კი არ არის, ვის რა შეხედულება აქვს, მოსწონს თუ არა პრეზიდენტი, ან ოპოზიცია, მთავარია, რამდენად სამართლიანი ადამიანია. შეიძლება მოგწონდეს სააკაშვილი და ისე იქცეოდე, რომ ჩემში აგრესიას არ იწვევდე და პირიქით, მოგწონდეს ოპოზიცია და ძალიან მაღიზიანებდე.

- წიგნებს დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, წიგნიერი თაობა მოდის?

- იცით, ჩვენთან წიგნის კითხვა უფრო ცუდ ტონად ითვლება, ვიდრე ევროპაში. იქ ჩასულს აეროპორტშივე წიგნის მაღაზია შეგხვდებათ. შემდეგ კაფე იქნება, ბარი, მატარებელი თუ ნებისმიერი ტრანსპორტი, ხედავთ ადამიანებს, რომლებიც კითხულობენ. თქვენ გინახავთ ქალაქში, ახალგაზრდა ბიჭი იჯდეს და კითხულობდეს?

- არ მინახავს, მაგრამ რამდენად მოსახერხებელია სამარშრუტო ტაქსიში კითხვა, როდესაც მძღოლს ძალიან მაღალ ხმაზე რადიო აქვს ჩართული და თან თავზე რამდენიმე ადამიანი გადგას...

- მესმის, შეიძლება ტრანსპორტი ჯაყჯაყებს, ორმოში ვარდება და ეს ხელს გიშლის, მაგრამ წიგნი არ არის თანამედროვე ახალგაზრდების განუყოფელი ნაწილი. რეალურად ტელევიზიის ყურება უფრო ადვილია, ვიდრე კითხვა. როდესაც ბავშვი მშობელს წიგნით ხელში ხედავს, უფრო მოტივირებული ხდება, რომ თავადაც იგივე გააკეთოს. თუმცა როდესაც ხედავს, რომ მშობელი ტელევიზორზეა მიმჯდარი და რომელიმე შოუს ან საინფორმაციოს უყურებს, უფრო დიდი შანსია, რომ თავადაც ამას უყუროს.

- ბასა, სწორედ მაგ გასართობ შოუებში არ მინახავხართ სტუმრად. დავიჯერო არ გიწვევენ?

- რაზე უნდა ვილაპარაკო? პირად თემაზე არ ვსაუბრობ. მითხარით, რომ წიგნებზე უნდა გვესაუბრა და ინტერვიუზე მოვედი. რომ გეთქვათ, პირად ცხოვრებაზე დამისვამდით კითხვებს, არ მოვიდოდი.

- რატომ, წამყვანებისგან ხშირად გამიგია, რომ მათ რეალურად სურთ ახალგაზრდა მწერლების შოუში მიწვევა და წიგნებზე საუბარი...

- წიგნებზე არ უნდათ საუბარი, იტყუებიან, მაგათ უნდათ ყვითელი თემა. მე საერთოდ არ ვუყურებ ქართულ არხებს, დიდი ხანია უკვე გამორთული მაქვს.

- ყველა არხი?

- დიახ, "მაესტროსა" და "კავკასიის" გარდა. ბოლოს მივხვდი, რომ დავმშვიდდი, ნერვული სისტემა დამიწყნარდა. აგრესიული ტონი და ტყუილი არ მიყვარს. თუ რამე მნიშვნელოვანია, პრესით, რადიოთი და ინტერნეტით ვიგებ.

- თუმცა ეს არხები მხოლოდ გასართობი შოუთი და საინფორმაციოთი ხომ არ შემოიფარგლება?

- დანარჩენი რა არის? სერიალები... ყველას ვურჩევ, ქართულ არხებს მოერიდონ. უყურონ სხვა არხებს ან წაიკითხონ წიგნები.

- "კავკასიასა" და "მაესტროსაც" მოერიდონ?

- შეუძლიათ, ყველა არხი გამორთონ. თუ თქვენს მკითხველთან რაიმე ავტორიტეტი მაქვს, ვთხოვ, რომ ორი დღე ქართული არხები გამორთონ და მესამე დღეს მიხვდებიან, რომ მათი ნერვული სისტემა დამშვიდდება და ცხოვრებასაც სხვანაირი თვალით შეხედავენ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"