ავტორი:

"ქართული გენოტიპი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში..." - რას აჩვენებს ქართველების გენეტიკური კვლევა და დნმ ტესტირებისას რომელი ერის წარმომადგენლებს ამოსდით ყველაზე ხშირად ქართული კოდი?

"ქართული გენოტიპი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში..." - რას აჩვენებს ქართველების გენეტიკური კვლევა და დნმ ტესტირებისას რომელი ერის წარმომადგენლებს ამოსდით ყველაზე ხშირად ქართული კოდი?

დღეს, როდესაც გენეტიკური ტესტირება ხელმისაწვდომია, სოციალურ მედიაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ადამიანები საკუთარ წარმომავლობასთან დაკავშირებით მოულოდნელ აღმოჩენებს აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი, თურქი ქალის ემოციური რეაქცია კი ნამდვილ ჰიტად იქცა.

ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება თურქული კულტურის ნაწილად თვლიდა თავს, DNA ანალიზის შედეგებმა ყველა წარმოდგენა თავდაყირა დაუყენა. ეკრანზე გამოტანილი მონაცემების დანახვისას, მან გაოცება ვერ დამალა და კამერასთან დაიჩივლა:

“Ne? Türk değil miyim abi ben?” (რა? თურქი არ ვარ, ძმაო, მე?!)

მისი ტესტის შედეგები კი ნათლად მეტყველებს რეგიონულ გენეტიკურ სურათზე, რომელშიც ქართულ და სომხურ კვალს აშკარად წამყვანი ადგილი აქვს:

თურქი ქალის DNA ტესტის შედეგების მიხედვით, მისი წარმომავლობა შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული - 43.6%, სომხური - 37.5%, სამხრეთ იტალიური - 15.6%, ქურთული - 1.9%, ხოლო ბერძნული და ალბანური - 1.4%.

ეს არ არის ერთადერთი მსგავსი შემთხვევა - როგორც ცნობილია, მსახიობმა ბურჯუ ბირიჯიქმაც ტესტის შედეგად გაიგო, რომ 100%-ით ლაზი, ანუ ქართველი იყო.

ამ საინტერესო მოვლენის ფონზე, გადავწყვიტეთ, გენეტიკური კვლევების თემაზე სტატია მოგვემზადებინა. საქართველოს საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი ანდრიაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ "ქართული გენოტიპი ერთ-ერთი უძველესია".

გიორგი ანდრიაძე:

- 2010 წელს დავაარსეთ პირველი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელსაც ერქვა კავკასიელი და ანატოლიელი ხალხების ეთნოგენეზისის წარმომავლობის კვლევის ცენტრი. ეს არის ახალი ინტერდისციპლინური მიმართულება და როდესაც მსოფლიოში ჩამოყალიბდა, ვეცადეთ, ფეხი აგვეწყო. მით უმეტეს, გვყავდა ახლობელი, მეგობარი ივანე ნასიძე - ცნობილი გენეტიკოსი, რომელიც მაქს პლანკის უნივერსიტეტში მუშაობდა. მე ვიყავი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მოვიწვიეთ ვანო ნასიძე სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელად. ის ახლა უკვე გარდაცვლილია. ქართველი იყო ამ მეცნიერების სათავეში. ეს მეცნიერება აბსოლუტური სიზუსტით გვაჩვენებს გვარების ნათესაობას და წარმომავლობას.

ჩვენი მიზანი იყო უცხოეთში მცხოვრები ქართველების, ლაზების, ფერეიდნელების იდენტიფიცირება და ქართულ სამყაროსთან გენეტიკური კავშირების დადგენა. პირველი ანალიზები ჩავუტარეთ ლაზებს და იმერლებს, ეს ორი ქართული კუთხე შევადარეთ ერთმანეთს. ანალიზი კეთდებოდა საერთაშორისო ლაბორატორიებში, იქ ვგზავნიდით ანონიმურ ტესტს და ასეა ახლაც. ეს არის საერთაშორისო ღია ბაზა. გენეტიკური ანალიზის კოდი წერია და ვისაც უნდოდა, თავისი გვარი ჩაწერა და ღიაა, ნაწილს არ ჩაუწერია და ის არის ანონიმური.

- შედეგი როგორი იყო?

- იმიტომ არის ეს დნმ-კვლევა ობიექტური, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნათლად დაინახოს თავისი ადგილი ამ დიდ გენეტიკურ ოჯახში: რომელ გვართან უფრო ახლოს არის და რამდენად, რამდენი წლის წინ მოხდა ამ გვართან გაყოფა, ასევე ჯგუფის კუთვნილება, რა არეალიდან არის წარმოშობით.

ამ ობიექტურობამ ნათლად აჩვენა, რომ ქართული გენოტიპი არის ერთ-ერთი უძველესი გენოტიპი, თუ ერთადერთი არა, მსოფლიოს ხალხებს შორის. მაგალითად, იმერეთში სათაფლიას გამოქვაბულში აღმოჩნდა ჩონჩხი, რომელსაც ავუღეთ გენეტიკური ანალიზი და მასზე ძველი კოდის მატარებელი არავინ არის მსოფლიოში.

- ამ სტატიის მომზადება მას შემდეგ მომინდა, რაც თურქი გოგო გაიტესტა და აღმოჩნდა, რომ ნახევრად ქართველია. ჩვენს შემთხვევაში რა ქვეყნები ამოსდიოდათ გატესტილ ადამიანებს?

- გენეტიკური ანალიზი ისტორიოგრაფიას ადგენს, საიდან არის წარმოშობით, მაგრამ ეროვნებისადმი კუთვნილება განისაზღვრება ამ ადამიანის მსოფლმხედველობით. ჩვენი ანალიზები აჩვენებს, რომ ქართველი ერი არის ყველაზე ძველი და მონოლითური. 1400 ანალიზი გვაქვს აღებული და ერთი არ ყოფილა მომხდურთა შემოსევების კვალი... რაც შეეხება თურქ ქალბატონს, თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ქართველი ან ქართველების მონათესავე გენოტიპის წარმომადგენელი.

ნამარხის ძვლების ანალიზით ვნახეთ, რომ დღევანდელი ქართველები ვართ იმათი მემკვიდრეები, ვინც აქ ცხოვრობდა. 4000 წლის წინანდელი ნამარხი ძვალი იგივე გენეტიკურ კოდს ატარებს, რასაც დღევანდელი ქართველი ეთნოსი.

- რამდენ თაობას მოიცავს გენეტიკური ანალიზი?

- ყველაზე შორს ჩადის, ამ კვლევაში ასეთი ტერმინიც არსებობს - გენეტიკური ადამი. საბოლოო ჯამში, ადამიანების გენეტიკური კოდები ერთმანეთს უახლოვდებიან და ჩადიან უხსოვარ დრომდე. ოთხი-ხუთი ათასი წლით ღრმად ჩადის, შემდეგ ხეზე განშტოებებია, არკვევ რომელ ტოტზე ზიხარ შენ.

ებრაელი ერი, რომელიც წარმოიქმნა წინასწარმეტყველი აბრამისაგან, არის ქართული გენეტიკის. აბრაამი ცხოვრობდა ქალდეის დედაქალაქ ურში, სადაც ლაპარაკობდნენ ქალდეურად, ეს არის ქართულის მონათესავე ენა, ისინი იყვნენ წინარე ქართული ტომები. შემდეგ მისმა შვილებმაც, ისააკმაც, იაკობმაც მოიყვანეს ცოლები თავისივე ტომებიდან. ეს არის ნათელი სურათი, რასაც ნიკო მარი წერდა, რომ ებრაული და ქართული ენები მონათესავეა და უძველესი ქართული კლასტერია, გენეტიკურმა კვლევამ ასე აჩვენა.

იგივეა წოვა თუშებისა და ლაზების შემთხვევაში, ისინი არიან გენეტიკურად ქართველები, როგორც სვანები, მეგრელები, კახელები. ჩვენ რომ ეს ანალიზები არ გაგვეკეთებინა, ვიქნებოდით სხვის ხელში შემყურე.

რუკის ავტორები: ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია

- თურქეთში რომ იკეთებენ ანალიზებს და ქართველები აღმოჩენილან, სხვა ქვეყნებშიც თუ იყო მსგავსი შემთხვევები?

- კაპადოკიელები არიან ასევე ქართველური ტომები, აიღეთ ანალიზი და ვერც გაარჩევთ ქართველებისგან გენეტიკურად. ასევე მნიშვნელოვანია ოსების თემა. სამხრეთ ოსეთში რომ ცხოვრობენ... იყო ასეთი კუთხე დვალეთი, ვინაიდან იქ მოხდა ალანების ჩამოსვლა, მოხდა მათი გაოსება, მაგრამ გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ აქ ჩამოსახლებულები ოსები არიან გენეტიკურად ქართველები, უბრალოდ, ენა აქვთ შეცვლილი, ასევე შეიცვალეს ენა წოვა თუშებმა, თორემ გენეტიკურად არიან ქართველები.

აფხაზებზე დავდეთ ძალიან საინტერესო შედეგი, მათი 60% ჩვეულებრივი მეგრელია, 10 პროცენტი - სვანი, თუმცა მოხდა მათი გააფხაზება, ენა შეიცვალეს. აფხაზეთში არ იყო ბატონყმობა და ხალხი იქ გარბოდა... ენა მიიღეს მხოლოდ აფხაზური. როგორც ადრე გითხარით, ეროვნებას განაპირობებს მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და კულტურა, დღეს ისინი არიან აფხაზური ეთნოსის ნაწილი, მაგრამ გენეტიკურად არიან ჩვეულებრივი მეგრელები. აფხაზები ვინც არიან, ესენიც უახლოესი განაყოფია, ქართველური, ანუ სვანური შტოსი, ჩერქეზებთან ერთად. ჩერქეზები, ადიღელები, ყაბარდოელები - ესენი არიან უახლოესი განაყარი სვანური შტოსი.

- ახლა რა ეტაპზეა კვლევა?

- სამეცნიერო კვლევის ძირითადი ნაწილი დაფინანსებული იყო, პატრიარქი აფინანსებდა, ის მოიძიებდა ხოლმე თანხებს. მაშინ ერთი ანალიზი დაახლოებით 120 დოლარი ღირდა, ახლა უფრო ხელმისაწვდომია ყველასთვის. ახლა ქართველები ინდივიდუალურად იკეთებენ ანალიზს. ჩვენ ვმუშაობთ ამ მასალების გადამუშავებისა და სტატიების მომზადების კუთხით.

საინტერესო თემასთან დაკავშირებით, დავუკავშირდით ასევე თამუნა მუსერიძეს, რომელიც აქტიურად მუშაობს ბავშვთა უკანონო გაშვილების თემაზე და გენეტიკური ტესტირების მეშვეობით ეხმარება დაკარგულ ოჯახებს.

- თამუნა, გენეტიკური ტესტირებისას ქართველების დნმ-ში რომელი ერების კოდი ამოდის ყველაზე ხშირად?

- ძირითადიც ერთეული შემთხვევებია ასეთი, ძირითადად მაინც ქართველებმა მოვახერხეთ და გენი შევინარჩუნეთ ყველაზე აქტიური მაინც ბერძნული კოდია, განსაკუთრებულად, დასავლეთ საქართველოში.

- ძირითადად რომელ კუთხეს ტესტავთ?

- ყველას. მეტ-ნაკლებად გვიჭირს რაჭველების და სვანების დატესტვა, რადგან იქ ნაკლები იყო ბავშვების მოპარვისა და გაშვილების ფაქტები, ამიტომ დიდ ინტერესს არ იჩენენ, თუმცა აუცილებელია მათი მონაწილეობაც.

დიდწილად არის სამეგრელო, ზესტაფონი, ქუთაისი და კახეთი, რატომ? ქუთაისი იყო ცენტრი, იქ ჩამოდიოდნენ რეგიონებიდან, მთებიდან, ვისაც ბავშვების დატოვება უნდოდათ, რომ არ გავრცელებულიყო ეს ამბავი. სამეგრელოში, ჯვრის სამშობიაროში პირდაპირ გადმოდიოდნენ აფხაზეთიდან, იქ აჩენდნენ, ტოვებდნენ და გადადიოდნენ აფხაზეთში.

- "37 მანეთად რუსეთში გადაფრენილი" მამების თაობის შვილები თუ არიან, რომლებიც მშობელს ეძებენ?

- ძალიან ბევრია, მაგრამ ქართველი მამებისა და მათი ამჟამინდელი ოჯახებიდან კარგი განწყობა არ არის ამ ბავშვების მიმართ... კონტაქტი გვაქვს ამ ბავშვებთან, თავისი საიტი აქვთ შექმნილი და სულ გვიკავშირდებიან. მამებსაც ვპოულობთ, მაგრამ მათ მაინც და მაინც არ უხარიათ შვილების გამოჩენა....

მოპარული და გაშვილებული ბავშვების საქმეზე ოთხი წლის წინ გამოძიებაც დაიწყეს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ გვაქვს - არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 2005-2006 წლების საქმეებიც გვაქვს გამოძიებული, შსს-ში რომ მივიტანეთ, უკვე გამოძიებული იყო, დოკუმენტით, ადამიანების სახლები და გვარები, ვინც ამ სქემაში იყო ჩართული, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია. გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა ის ხალხიც კი არ არის გამოკითხული, ვინც საქმეში მოწმეებად გვყავს წარმოდგენილი...

წაიკითხეთ ასევე: