Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია ყველასთვის საყვარელი მსახიობი იმედა კახიანი, რომელიც ჩვენი მკითხველის შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს:
თინა:
- ბატონო იმედა, მოგესალმებით. დაიბადეთ სოფელ ეწერში, სკოლა თბილისში დაამთავრეთ. დედაქალაქში როგორ აღმოჩნდით?
- მამაჩემი ახალგაზრდობაში რაღაც უბრალო საქმეზე ციმბირში გადაუსახლებიათ და როგორც მიყვებოდა, 7 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, მხოლოდ სოფელში. ამიტომ მამისეულ სახლში წასულა და იქ შეურთავს ცოლი. პირველი მე გავჩნდი, საწყალმა ალბათ იფიქრა, ბიჭი გამიჩნდა, რაღა მიჭირსო და იმედი დამარქვა. რანაირად გამოვიდა იმედი, არ ვიცი, მაგრამ მამაჩემს ჰქონდა ამის იმედი და დამარქვა იმედა.

10 წელი სოფელში ვიზრდებოდი. მერე მამიდამ თბილისში წამომიყვანა. შესანიშნავი ქალი იყო. ბანკში მუშაობდა. საუბედუროდ, არც ქმარი ჰყავდა და არც შვილი. მოკლედ, მე და მამიდა ერთად ვცხოვრობდით. მშობლები თბილისში მხოლოდ სანახავად ჩამოდიოდნენ, რადგან აქ ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ. მე ველოდებოდი, როდის იქნებოდა სკოლაში არდადეგები, სოფელში ორი უმცროსი ძმა მყავდა, რომ მათთან დროულად გავქცეულიყავი და ყველანი ერთად მენახა.
მე და მამიდა პლეხანოვზე ვცხოვრობდით. მორწმუნე ქალი იყო და მახსოვს, ყოველ კვირა დღეს, დამბანდა, გამალამაზებდა, ჩამაცმევდა და ეკლესიაში მივყავდი. ახლა რომ ვფიქრობ, ვინმეს რომ დაესმინა, ალბათ სამსახურიდანაც გაგდებდნენ და დაიჭერდნენ, რადგან პიონერის ყოველ კვირა დღეს ეკლესიაში ტარება დანაშაულად ითვლებოდა... ასე კარგად ვიყავით მე და მამიდა, მაგრამ 12 წლის რომ გავხდი, ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე უცებ გარდაიცვალა. დავრჩი მარტო, ნათესავები კი მყავდა თბილისში, მაგრამ ჩემთან ისინი ხომ ვერ იცხოვრებდნენ?! ბინა, სადაც მე და მამიდა ვიყავით, მის სახელზე იყო. მაშინ ასეთი ბინები სახელმწიფოსი იყო. მთავარი დამქირავებელი რომ გარდაიცვალა, 12 წლის ბავშვს ბინას ვინ მომცემდა?!. ამიტომ ჩემებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და მიდიოდა მსჯელობა, ამ ბინას ჩამომართმევდნენ თუ იქიდან გამასახლებდნენ. უნდა გენახათ მეზობლები, სკოლის პედაგოგები როგორ დამიდგნენ გვერდში და სასამართლოზე როგორ თქვეს - ამ ბიჭის აღზრდაზე მზრუნველობას ჩვენ ვიღებთ, ოღონდ, აქედან ნუ გაასახლებთო. დამიტოვეს ბინა, გაფორმდა ჩემს სახელზე და პლეხანოვზე, დღევანდელ აღმაშენებლის 34 ნომერში ვცხოვრობდი.
უცნობი:
- მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ. ვინ გირჩიათ?
- მსახიობობა მე არ გადამიწყვეტია და არც მიფიქრია არასდროს. ვერც წარმოვიდგენდი. მახსოვს, ქართული ფილმი "აკაკის აკვანი“ ბავშვობაში რომ ვნახე, როგორი გავლენა მოახერხა... მახსოვდა ასევე, სპარტაკ ბაღაშვილი ქართული კინოფილმებიდან და როგორ გავიფიქრებდი, რომ ოდესმე ასეთი მსახიობების პარტნიორი გავხდებოდი და მათთან ერთად ვითამაშებდი?!.
მე-19 ვაჟთა სკოლელი ვარ - იქვე სახლთან ახლოს იყო. მაშინ ქალები და ვაჟები ცალ-ცალკე ვსწავლობდით. ნამდვილი გიმნაზია გახლდათ. ფორმა მეცვა, ქუდზე და ქამრის ბალთაზე მე-19 ვაჟთა სკოლა ეწერა და თეთრი საყელოთი დავდიოდით სკოლაში. 11 კლასი რომ დავამთავრე, ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ ექიმი გავმხდარიყავი. მეც მომწონდა, გადასარევი პროფესიაა.
მოკლედ, მოვემზადე და გამოცდები "სამედიცინოზე“ ჩავაბარე, მაგრამ ქულა არ მეყო. ისეთი დრო იყო, 5-იანები, კი არა, 10-იანები რომ მიგეღო, პატრონი თუ არ გყავდა, ვერ მოეწყობოდი...
ჩემი მსახიობობა იმან განაპირობა, რომ ჩემს ეზოში ცხოვრობდა ნოდარ ფირანიშვილი, ფირანას ვეძახდით, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში პირველ კურსზე სწავლობდა. "სამედიცინოზე“ რომ ვერ მოვეწყე, ნოდარი მოვიდა, - მოდი ჩვენთან, "თეატრალურში“ წამოდიო. რას ამბობ, რა თეატრალური, ხმამაღლა ლექსიც არ წამიკითხავს, მაგ საქმის არაფერი ვიცი-მეთქი. მე მოგამზადებო... "სამედიცინოდან“ საბუთები გამოვიტანეთ და თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანეთ. მაშინ კინო ფაკულტეტი არ იყო, მხოლოდ დრამის სამსახიობო და იქ შევიტანეთ. საოცარი კონკურსი იყო, 12 კაცი უნდა მიეღოთ და რიგში ოთხას მერამდენე ვიყავი, არც მახსოვს, რომ ოდესმე კონკურსში მიმეღო მონაწილეობა.
ნოდარმა მითხრა, - რასაც გეტყვი, ის ისწავლე და მეტი არაფერი გინდაო. მომამზადა, ყველაფერი ვისწავლეთ, დილით გამომიარა და წავედით თეატრალურ ინსტიტუტში. იქაურობა ხალხით იყო სავსე - ბავშვები, მშობლები ტრიალებდნენ. აბიტურიენტებს ტურზე იძახებდნენ. თუ იმ ტურს წარმატებით გადალახავდი, შემდეგ ტურზე დაგიშვებდნენ, იმასაც თუ გადალახავდი, მესამე ტურში და მერე გამოცდები იწყებოდა და ნიშნები მაშინ იწერებოდა.
ჩემი ჯერი რომ მოვიდა, გამომიძახეს და შევედი. გრძელი დიდი დარბაზი იყო, მაგიდას სერიოზული ადამიანები უსხდნენ. შუაში ვინც იჯდა, სიმპათიური ადამიანი, თურმე რეჟისორი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე იყო, რომელსაც ჯგუფი აჰყავდა. რაღაც შეკითხვები დამისვა. მერე - რას წაგვიკითხავო? ლექსს-მეთქი და დავიწყე. ლექსი, როგორც ფირანამ მითხრა, ისე ძალიან დავჭექე. მონდომებულმა და თვალებდაქაჩულმა, მაგრამ ბოლოს ტაში არავინ დამიკრა და არც არაფერი მითხრეს. ჩუმად ისხდნენ და მიყურებენ. მერე ისევ ბატონმა დოდომ - რა ქენი თუ იციო? ლექსი წავიკითხე-მეთქი. კი, მაგრამ რა წერია ამ ლექსში, იციო? როგორ არ ვიცი, არწივია დაჭრილი, ამით ისარგებლა ყვავ-ყორანმა და თავს დაესხა, თორემ დაჭრილი რომ არ იყოს, არწივს როგორ გაუბედავდნენ-მეთქი. მერე თუ ასეა, არ გეცოდება არწივიო? კი, მეცოდება-მეთქი. თუ გეცოდება, რა გაყვირებსო?!
ახლა იგავი გვითხარიო, - ავღელდი, ამ კაცმა სხვა რამ მითხრა, ფირანა მეუბნებოდა - ლომივით უნდა იყოო. იმ აღელვებულზე იგავი დავიწყე და დამავიწყდა, თავიდან დავიწყე, კიდევ დამავიწყდა, კარგი დაანებე თავი. ახლა პროზაო, დავიწყე და ისიც საერთოდ ავურიე. გამოვედი გარეთ და ფირანას ვეუბნები, - სად მომიყვანე აქ, კაცი არ ხარ?! რაც მასწავლე, ამათ ასე არ უნდათ. უკუღმა მეუბნებიან ყველაფერს - მეთქი.... წამოვედით.
დილით ფირანამ მომაკითხა, წამო რუსთაველზე გავიაროთო. ტროლეიბუსით წავედით, ლაღიძის წყლებთან ჩამოვედით, გავიხედე თეატრალური ინსტიტუტისკენ და კვლავ ბევრი ხალხი ირეოდა. მივედით და დიდი შუშის ვიტრინებზე იმ აბიტურიენტების სიები იყო გამოკრული, ვინც მეორე ტურში გადავიდა. ვხედავ, გადასული ვარ მეორე ტურში, - ვა, ფირან, ეს ყოფილა ჩემი საქმე-მეთქი. ხომ გითხარი, - მე დამიჯერეო.
ამ დროს ჩემთან ვიღაც ქალბატონი მოვიდა და გვერდით გამიყვანა და მკითხა, - აქ სწავლა გინდათ?! როგორ არ მინდა, ამიტომ მოვედი-მეთქი. მერე რატომ არ ისწავლეთ, რაც საჭირო იყო? - ვისწავლე, მაგრამ როგორც ჩანს, ვინერვიულე, დავიბენი-მეთქი. მან კი გააგრძელა: ტური რომ დამთავრდა, იმსჯელეს, არ ჩანს ცუდი ბიჭიო, მითხრეს, - გაესაუბრეო... მოკლედ, საიდუმლოს გეტყვი, მეორე და მესამე ტურში არ გახვალ, არ გაივლით ამ ტურებს, პირდაპირ გამოცდებზე მოხვალო... . 10 დღეში იწყებოდა გამოცდები. ეს 10 დღე მომცეს, როგორც იმ ქალმა მითხრა, - პედაგოგი გამომიყვეს, მივდიოდი დილაობით, ჩავიკეტებოდით ერთ-ერთ აუდიტორიაში, ის პედაგოგი მამზადებდა... მოკლედ, საბოლოოდ, ყველა გამოცდა გავიარე და ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში. ჯგუფი ბატონმა დოდომ აიყვანა, რომელშიც 12-ნი ვიყავით.
ვაჟა:
- "საბუდარელი ჭაბუკი“ თქვენი პირველი ფილმი იყო. როგორ მოხვდით გოგიტას როლზე?

- ერთ დღეს ჯგუფში ვიღაც ახალგაზრდა შემოვიდა და გამოგვიცხადა, კინოსტუდიაში ცნობილი და დიდებული რეჟისორი შოთა მანაგაძე ფილმს იღებს, რომელსაც "საბუდარელი ჭაბუკი“ ჰქვიაო. ამ როლზე მსახიობი აყვანილი გვყავს, ახლა გვინდა იმ ჭაბუკის ტოლი ბიჭები, მეგობრები შევარჩიოთო. ხვალ 7 პირველკურსელი ბიჭი კინოსტუდიაში მოდით, რეჟისორი გნახავთო. მივედით. გამოგვკითხა ყველას რაღაცები, მერე მიუბრუნდა თანამშრომელს და ჩემზე უთხრა, - ამას ჩააცვით გოგიტას ტანსაცმელი, გრიმი გაუკეთეთ და პავილიონში ჩამოიყვანეთ, გავსინჯოთო. შემიყვანეს, ჩამაცვეს, გრიმი გამიკეთეს და ხელში ფუთა დამაჭერინეს. ბატონი შოთა რეპლიკებს მაძლევდა. მე ვუპასუხებდი, რაც გადაიღეს. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ერთ დღესაც კინოსტუდიაში რომ მივედი, იქვე ერთი ახალგაზრდა კაცი იდგა, რომელიც ბატონი შოთას კაბინეტში მინახავს. დამიძახა, - გინდა, რომ ეს როლი ითამაშოო? მინდა-მეთქი. გუშინ საღამოს სამხატვრო საბჭოს შეკრებაზე იმსჯელეს, ნახეს ყველას სინჯები, გოგიტას როლზე იყო მსჯელობა. მე ვთქვი გადამწყვეტი სიტყვა, ეს ბიჭი მომწონს და ამ როლზე დაგამტკიცესო. მადლობა-მეთქი. ეს არ ეყოფა ამ საქმეს, ერთი ჭიქა ღვინით არ უნდა აღვნიშნოთო?! სად მქონდა ამის ფული, ნათესავები მყავდა ბესიკის ქუჩაზე, ავედი, ფული მჭირდება, მომეცით და დედა გამოგიგზავნით-მეთქი. მომცეს, მივედი, იმ კაცმა ვიღაცები წამოიყვანა და ინტურისტის ბაღში რესტორანში შევედით, ვიქეიფეთ და ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი დავრჩი.
ცოტა ხანში გადაღებები დაიწყო. ვხედავ, ჩემი "პატრონი“ და "ამშენებელი“ ბატონი შოთას მძღოლი არ ყოფილა?! თურმე მანქანაში მოუსმენია, რომ მიჰყავდა ბატონი შოთა, ვინ დაამტკიცეს გოგიტას როლზე და იმის მერე მითხრა, რომ ის ყველაფერი მან გააკეთა... მერე მეხვეწებოდა, - ნუ ჰყვებიო. რას ნუ ვყვები, ხომ მაკისრებინე პურმარილი, იკისრე და აღარ მოვყვები-მეთქი. არ იკისრა პურმარილი და ამიტომ გიყვებით ახლა ამას.
კონომოყვარული:
- ბევრ ფილში ხართ გადაღებული, მაგრამ გამორჩეულად გიყვართ რეჟისორი ელდარ შენგელია. რატომ?
- ყველას დიდი როლი აქვს კინოში, მსახიობს, ოპერატორს, მხატვარს თუ კომპოზიტორს, მაგრამ კინოს მაინც რეჟისორი აკეთებს, კინოხელოვნება მაინც რეჟისორისაა. გარდა გადაღების პროცესში გაკეთებული შენიშვნებისა, სცენის ორგანიზებისა, მონტაჟიც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. საკმარისია, ერთი-ორი კადრით ცოტა მეტი დატოვო ან მოაკლო და სულ სხვა რიტმს შეიძენს ფილმი. ამას ბევრი რეჟისორი მაღალ დონეზე ვერ აკეთებს. ელდარს ეს საოცრად ჰქონდა, ზუსტად აკეთებდა იმას, როგორც საჭირო იყო. საცოდაობაა, როცა გრძნობ, რომ რეჟისორი მთლად გარკვეული ვერ არის, რა როგორ უნდა. ბევრჯერ ყოფილა, რომ უთქვამთ, - აბა, ერთი აქედან იქით გაიარე, მერე იქიდან აქეთ გამოიარე. კი, გავიარე-გამოვიარე, მაგრამ რაღაც თქვი, - რატომ გავიარე, ან რა მიზანი გაქვს... საცოდაობა, რომ მხოლოდ იმ დაწერილს მიჰყვება და ასე იღებს. ეს არ არის კინო.
ელდართან ვმეგობრობდი. ელდარი და თამაზ მელიავა ერთად ჩამოვიდნენ მოსკოვიდან, მას მერე, რაც "ვგიკში“ ერთად სწავლობდნენ. მათ მისცეს დავალება - ერთობლივად, ორი რეჟისორს "თეთრი ქარავანი“ უნდა გადაეღოთ. ეს საქართველოში გადაღებული მათი პირველი ნამუშევარი იყო.

ტელემაყურებელი:
- რას ნიშნავს თქვენთვის პლატონ სამანიშვილის როლი ფილმიდან "სამანიშვილის დედინაცვალი“? როგორ ფიქრობთ, თქვენ რატომ აგარჩიათ ამ როლზე რეჟისორმა?
- ელდარის ფილმებში ეპიზოდურ როლებში მანამდე კი ვიყავი, მაგრამ ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, რომ "სამანიშვილის დედინაცვლის“ გადაღებას ვაპირებ და პლატონი ვერ ავარჩიე, არ მყავსო. ვუთხარი, "სამანიშვილი“ საქართველოში ყველა თეატრში დაიდგა-მეთქი. თან რომ აპირებდა გადაღების დაწყებას, რუსთაველის თეატრში დიდი წარმატებით მიდიოდა. ჰოდა, სად ვერ ნახე-მეთქი?!. ჰო, ვერ ვნახე და წამოდი, პლატონზე გაგსინჯავო. მაშინ 120 კილო ვიყავი. ასეთი მსუქანი პლატონი როგორ გამოვა-თქო?! მოკლედ, დამიყოლია და წამიყვანა სასინჯ გადაღებაზე... მერე სანამ გადაღებას დავიწყებდით, დიეტა მომიტანა - მომწონდა, კარგი იყო, რაღაც საუკეთესო საკვები იყო ცოტ-ცოტა. მივირთმევდი და ვიყავი მშვენივრად.

მერე უკვე იმერეთში, ოჯახში რომ ვიყავით, სადაც გადაღება გვქონდა, ყოველ საღამოს დოქით ღვინო და ხაჭაპური რომ არ ყოფილიყო, არ შეიძლებოდა. ერთი ნაჭერი არც ხაჭაპური მიჭამია და არც ღვინო დამილევია. უნდა გავმხდარიყავი - 20 კილო მალე დავიკელი, მერეც ნელ-ნელა ვიკლებდი. ჩემზე მეტად ცხენი მეცოდებოდა. ჯერ გამხდარი იყიდეს და მერე იმ საცოდავ ცხენს მთელი ღამე ცივ წაყალში აყენებდნენ, არ აჭმევდნენ, გახდა. იმაზე შეჯდომა საცოდაობა იყო. ორივე ერთ დღეში ვიყავით და ცხენს ვებოდიშებოდი... ასე შემთხვევით გავხდი პლატონი.

ნიცა:
- მეგობრობა ელდარ შენგელაიასთან ცხოვრებაშიც გააგრძელეთ. რა ადგილი ეკავა მას თქვენს ცხოვრებაში?
- ელდარი ღირეული და სახელოვანი შვილი იყო თავისი მშობლების. ამის გარდა მაოცებდა, მისი სამშობლოს მიმართ განასაკუთრებული და გამორჩეული სიყვარული... იმ არეულობის პერიოდში ბევრი აგინებდა, ლანძღავდა, მაგრამ მახსოვს, მისი გამოსვლა მოსკოვში, კინომსახიობთა დარბაზში. სიტყვაში გამოსული ყველას როგორ უმტკიცებდა, რომ საქართველო თავის ნებით არასოდროს შეხვეწებია და შესულა რუსეთის შემადგენლობაში. მახსოვს, საბჭოთა კავშირის ყრილობაზე გამოსული, როგორ მივიდა გორბაჩოვთან და ფირი როგორ გადასცა. ტრიბუნიდან კი ილაპარაკა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე და არაფერ დაუმალავს. იქ დელეგაციაში საქართველოდან პოლიტიკოსები იყვნენ, მაგრამ იმ თამამი სიტყვის თქმა ელდარმა გაბედა და გარისკა. დიდი კაცი იყო, დიდი რეჟისორი და დიდი ქართველი.
მან ცოტა ხნის წინ ფილმი დაამთავრა და მერე გარდაიცვალა. ამ ფილმს კი ნოემბერში ვნახავთ ყველანი.
ნატო:
- თქვენი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული ამბავი შვილის გარდაცვალება იყო. გაიხსენეთ, თქვენი ვაჟი და როგორი გახდა მას მერე თქვენი ცხოვრება?

- ასეთ რამეებს მაინც უფალი განაგებს და რომ ამბობენ, საუკეთესოები მიჰყავსო, ალბათ ასეა. ჩვენს ოჯახში საუკეთესო ლადო იყო. საოცრად საინტერესო ბიჭი გახლდათ. 14 წლის უკვე ორ კინოში იყო გადაღებული. ნიჭიერებით და ყველანაირი სიკეთით შემკული, შესახედად, გონიერებით და ბიჭობით გამორჩეული. საიდან, როგორ, რა დაემართა, არ ვიცი - წყნეთში ვისვენებდით და სიცოცხლით სავსე ბიჭი უცბად მოდუნდა, გახდა და აღმოჩნდა საოცარი დაავდებით დაავადებული. ვერაფერი ვუშველეთ. ყველა, ვინც მიცნობდა და არა მიცნობდა, გვერდით დამიდგა, ყველამ დიდი პატივი მცა. მთავრობიდანაც მითხრეს, - რაიმე თუ არის საჭიროო. მერე კოსმონავტების სავადმყოფოდან ექიმები ჩამოიყვანეს, რომლებმაც სისხლი გადაუსხეს. რაღაცები კიდევ გაუკეთეს, უკან არავის დაუხევია, მაგრამ არ იყო წამალი, რომელიც ამ ავადმყოფობას კურნავდა.
დრო მკურნალიაო რომ ამბობენ, ტყუილია. პირიქით არის, რაც დრო გადის, უფრო მძიმდება. ერთი დღე ვერ იცოცხლებ უიმისოდ და მეც არ მიცხოვრია მის გარეშე.
მახსოვს, ჩემი დაბადების დღე იყო, ლადო უკვე მწოლიარე გახლდათ, სახლში იწვა. დილით დამიძახა, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა და რას შვრები, ბიჭებს არ ეძახიო? სად მაქვს მაგათი თავი-მეთქი. რა იყო, წავაგეთო? არა წავაგეთ-მეთქი. აბა, წადი ახლა, ფლორას უთხარი, ჩამაცვას და შენ შენს ძმაკაცებს დაუძახე და დავუძახე...
ნინა:
- თქვენს შვილს - ეკას თქვენ ურჩიეთ მსახიობობა? და მას, როგორც მაყურებელი, როგორ აფასებთ?
- არ მირჩევია, სამსახიობოზე ჩააბარე-მეთქი. ეკა ბავშვობიდან "მზიურში“ მღეროდა, სცენის ფასი იცოდა. თან ჰქონდა მონაცემები, - მღეროდა, კარგად უკრავდა. ამიტომ მსახიობობა თვითონ მოინდომა და სამსახიობოზე ჩაბარება. როცა მკითხა, ვუთხარი, მსახიობობას თუ აპირებ, მე ნუ მეკითხები და ნურავის ჰკითხავ, - ურთულესი საქმეა, დიდ პასუხისმგებლობას და შრომას მოითხოვს. თუ მზად ხარ ამისთვის, რომ თავი დადო, მაშინ უნდა წახვიდე მაგ გზით. თუ არა, დედაშენი პროფესორია უნივერსიტეტში და იქ ისწავლე და აღმოსავლეთმცოდნეობაზე ჩააბარე-მეთქი. წავიდა და თეტარალურ ინსტიტუტში მოეწყო. საოცარი სმენა აქვს, ყველა პედაგოგი და სპეციალისტი ამას აღნიშნავს. მუსიკას წერს. ორი დიდი ჯილდო აქვს მიღებული წლის საუკეთესო სიმღერის შექმნისთვის. ახლა სპექტაკლი ვნახე, გადასარევია და იქაც კარგი იყო დოიაშვილთან სპექტაკლში. ეკა კმაყოფილია. მეც კმაყოფილი ვარ მისი შემოქმედებით და მუშაობით. უყვარს თავისი საქმე.
მადლობა მინდა ვუთხრა მაყურებელს ამდენს ხანს, რომ ჩემს ლაპარაკს გაუძლო. ბედნიერებას გისურვებთ, ქვეყნის სიძლიერეს, გამარჯვებას და გახარებას!
იხილეთ ასევე: