მსახიობი ნანუკა გულუა თამუნა მუსერიძის პოდკასტში "ვეძებ“ გულახდილად საუბრობს თავის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვან ძიებაზე - ბიოლოგიური ძმის პოვნაზე. საინტერესოა, რომ საუბარი იმით დაიწყო, რომ თამუნა მუსერიძესა და ნანუკა გულუას ერთმანეთი დები ეგონათ, რადგან სერიალში გამოჩენის შემდეგ მათ ერთმანეთს ძალიან ამსგავსებდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, გაირკვა, რომ ნანუკა რეალურად ეძებს ძმას, რომლის არსებობის შესახებაც წლების განმავლობაში იცოდა
ნანუკა გულუა აღნიშნავს, რომ ძმის არსებობის შესახებ ინფორმაცია ოჯახში ყოველთვის იყო:
"ვიცოდი, რომ სადღაც მყავდა ძმა. დედამ ეს დაზუსტებით იცოდა, რომ მის მეუღლეს წინა ურთიერთობიდან ჰყავდა შვილი და მთელი ცხოვრება ეძებდა მას. მამაც ცალკე ეძებდა და ახლა მე გავაგრძელე მათი გზა. მამა ფინანსურად ძლიერი იყო და სულ დარდობდა, ეძებდა შვილს. სულ ჰქონდა გულში, სად იყო მისი შვილი, რომ ეპოვა და დახმარებოდა.“
ნანუკას დედამ ეს ამბავი რომ გაიგო, ახლად დაოჯახებული იყო:
"მეზობელმა უთხრა დედას, ვიდრე შენ გაჰყვებოდი, ცოტა ხნით ადრე ასე მოხდაო. იმ დღიდან დაიწყო დედამ ძებნა, ისე, რომ მამაჩემს არ ეუბნებოდა. დედა ფიქრობდა, თუ უჭირს და ხელმოკლე ოჯახშია, ფინანსურად მივხედავდიო. დედამ იცოდა, რომ ჩემი ძმა გაშვილებული იყო".
"8 ან 9 წლის ვიყავი, მამა ძალიან ცუდად გახდა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. იმ დროს იგივე ოპერაციას კიდევ სხვა მამაკაცი იკეთებდა, მამამ მისი ოპერაციის ფული დააფინანსა და შემდეგ იმ კაცის შვილი მომანათვლინა. საავადმყოფოს ისტორიაში მახსოვს ასევე, რომ მამას მამიდამ რაღაც ფოტო მიუტანა და აჩვენა. მამამ ყველაფერი გამოიძია, მაგრამ სხვა ბავშვი აღმოჩნდა. არადა, მამიდას ამ ინფორმაციისთვის ფული ჰქონდა გადახდილი, მაგრამ მოატყუეს. მაშინ გავიგე დედაჩემისგან, რომ მყავდა ბიოლოგიური ძმა...
მამასთან ამ თემაზე არასოდეს მისაუბრია, ვერ გავუბედე, ვერ ვატკინე... მას რომ ეპოვა, აუცილებლად მოიყვანდა ჩვენთან. მამა რომ გარდაიცვალა, მაშინ გამიმძაფრდა ძმის პოვნის სურვილი. ეს იმხელა ტრაგედია იყო ჩემი ოჯახისთვის, რომ მინდოდა, მისი შვილი მეპოვა. ძალიან დიდმა შიშმა შემიპყრო, რომ ის იყოს სადმე ძალიან ახლოს და შესაძლოა ჩემი და, დისშვილები, ჩემი შვილები გადაიკვეთონ-მეთქი...
ნანუკამ დნმ-ის ტესტების საშუალებით ძებნა დაიწყო. ის ყველა მათგანში მამასთან მსგავსებას ეძებდა და პოულობდა კიდეც:
"ბოლო შემთხვევა, როდესაც ყველაზე რეალური გვეგონა, იმდენად ემთხვეოდა ჩვენი ისტორიები ერთმანეთს -წარმოშობა, ასაკი, გარეგნობა, თუმცა ვიზუალურად არ გვგავდა. ვფიქრობდი, ალბათ დედას ჰგავს - მეთქი. დღე არ გავა, რომ ერთმანეთს არ ვეკონტაქტოთ, თუმცა ტესტმა აჩვენა, რომ არ ვართ ბიოლოგიური და-ძმა. მას უნდა მოვანათვლინო კირა და ის ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება. საოცარი ადამიანია, ვეუბნები, რომ ძმას რომ ვიპოვი, შენც უნდა გაგაცნო, როგორც ჩემს ძმა-თქო..."
ნანუკამ გამბედაობა მოიკრიბა და ბიოლოგიური ძმის დედას დაუკავშირდა. ეს საუბარი ემოციური და ტრაგიკული აღმოჩნდა:
"ძალიან კარგი ადამიანი დამხვდა, ძალიან ტრაგიკული ისტორიით. თანავუგრძნო, როგორც ქალმა ქალს. თბილად შემხვდა. მე მას გავუგე, როგორც ქალს, მიხვდა, რატომ ვეძებდი და რატომ უნდა ვეძებდე, ვინ არის ჩემი ძმა. მითხრა, არ გეგონო ისეთი კატეგორიის ქალი, რომლისთვისაც ეს სულერთი იყო, რომ გასაშვილებლად გავაჩინე შვილიო... მისი თქმით, ისე მოაგლიჯა გულიდან დედამ, რომ არ ჰკითხეს არაფერი. ახლა ეს ისტორია მისი ყოველდღიური ჯვარია. თქვა, რომ რაღაცნაირად დახურა ეს თემა. მან ვერ დაიცვა თავისი შვილი. 19-20 წლის იყო მაგ დროს. ორივე მამაც და ეს ქალბატონიც არამყარად იდგნენ ფეხზე და არცერთს არ ჰკითხეს. მე ვერ ვხედავ ამ ქალის ბრალს ამ ისტორიაში..."
"არ მინდა, რომ დედაჩემს ეწყინოს, მაგრამ ცხოვრებაში პირველად, როდესაც ამ ქალს ვესაუბრე, გავბრაზდი მამაჩემზე. გაღმერთებული გვყავდა, ყველას დამხმარე, გულჩვილი, გვერდში მდგომი ადამიანი იყო. მატერიალურად ძალიან ძლიერად ვიყავით რაღაც პერიოდი და ეს პერიოდი მისი კეთილდღეობა მოხმარდა მის ახლობლებს, მეგობრებს.“
ბიოლოგიური ძმის დედა არ არის ქართველი, ის უკრაინელია. ნანუკამ ბოლომდე ვერ გაარკვია, რატომ ვერ გააკეთა ვერაფერი მისთვის "ასეთმა მაგარმა ბიჭმა“ - მამამისმა.
"მამაჩემს და იმ ქალს არავინ ეკითხებოდათ, დედები ურთიერთობდნენ და იმათ გადაწყვიტეს... ეს დამიდასტურა ამ ქალმაც, რომელიც მთელი ცხოვრებაა ეძებს მის შვილს, უკან არაფერზე დაუხევია".
გაირკვა, რომ ბავშვი გააშვილა ბებიამ, დედის დედამ. თუმცა არ იცის, სად, და ეს ნანუკამ ზუსტად იცის, რომ არ იცის:
"ბავშვი სამშობიაროდან გამოიყვანეს, გააშვილეს... პატარა ბიჭი სახლიდან წაიყვანეს. ბავშვი დაიბადა 1977 წლის 30 აპრილს, ზუგდიდის საავადმყოფოს ჭითაწყარის საავადმყოფოში. სახელად ვიქტორი დაარქვეს. მერე უკვე კვალი ქრება..." - ამბობს ნანუკა და დასასრულ აღნიშნავს, რომ დედამისი ყველაზე მეტად გულშემატკივრობს და სურს, რომ იპოვოს ბიოლოგიური ძმა: "დედა ამბობს, მე რომ დამხვედროდა ეს ბავშვი სახლში, ღვიძლი შვილივით გავზრდიდიო"...
წაიკითხეთ ასევე: