თბილისის ქუჩის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კოლორიტი, ქალი, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობა ხან "ფეშენისტკას", ხანაც სარა ჯესიკა პარკერს, მაგრამ ყველაზე ხშირად "შაშიანელ მარიტას" უწოდებდა, გარდაიცვალა. ზოია წიკლაური კახეთიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანიდან იყო. ქალი მოულოდნელად ცუდად გახდა. მიუხედავად სასწრაფო დახმარების გამოძახებისა, ქალი 112-ის მანქანაში გარდაიცვალა.
მისმა გარდაცვალებამ სოციალური ქსელები მოიცვა. ათობით ემოციური პოსტი ვრცელდება, სადაც მომხმარებლები ზოიას ცხოვრებას სილამაზის, ტკივილისა და სასოწარკვეთის ისტორიას უწოდებენ. მაგრამ ვინ იყო ეს დახვეწილი, სიფრიფანა ქალბატონი, რომელიც რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე ზოგჯერ მოწყალებას ითხოვდა, ხან კი ძველი შენობის შვერილზე ჩამომჯდარი გაზეთს კითხულობდა?
ზოიას ისტორია წლების წინ, საზოგადოებას კვირის პალიტრამ გააცნო...
"იგი საკუთარმა სილამაზემ დაღუპა!" – ტრაგედია, რომელიც კახეთის სოფელში დაიწყო
ზოია წიკლაურის ბიოგრაფია ერთი დიდი ტრაგედიაა, რომლის ფესვები მის მშობლიურ სოფელ შაშიანში მიდის. როგორც თანასოფლელები იხსენებენ, ზოია ახალგაზრდობაში საოცარი სილამაზითა და მიმზიდველობით გამოირჩეოდა, რაც მის უბედურებადაც იქცა.
"ეგ ქალი, რომელიც თბილისის ქუჩებს ალამაზებს, ჩვენი, შაშიანელი ზოია წიკლაური გახლავთ, რომელიც ახალგაზრდობაში ჩვენს შაშიანს ალამაზებდა. თითქოს ახლაც ვხედავ, სოფლის გზაზე ზოიას გამოჩენისას ხალხი ფანჯრებს რომ აღებდა და აშტერდებოდა, "უი, ქა, რა ლამაზიაო!" სწორედ მარიტასავით ლამაზი იყო," – იხსენებდა ზოიას ბავშვობის მეგობარი.
ზოია ვეტერინარი იყო. უამრავი თაყვანისმცემლის მიუხედავად, მან არჩევანი ულამაზეს ბიჭზე, თამაზ ანჩაბაძეზე შეაჩერა და სოფელ მუკუზანში გათხოვდა. ისინი ულამაზეს წყვილად ითვლებოდნენ, რომლებსაც ბედნიერება ბედისწერამ არ არგუნა.
ეჭვიანობისა და ძალადობის ფონზე განვითარებული დრამა
ბედნიერება იქამდე გაგრძელდა, სანამ მათ ცხოვრებაში "კაცი არ გამოჩნდა, რომელიც ზოიას ხელში ჩაგდების სურვილს ვერ მოერია". ეს იყო მისი კოლეგა, რომელსაც ქალი სიგიჟემდე უყვარდა და მისი ხელში ჩასაგდებად ყოველგვარ საშუალებას იყენებდა.

ტრაგედია დატრიალდა იმ ღამეს, როდესაც ზოიას ქმარი შინ არ უნდა ყოფილიყო. დათვრა ეს კაცი და შუაღამისას მძინარე ქალს მიადგა. სახლის კარი დაკეტილი დახვდა და ფანჯარაში გადაძრომა დააპირა. სწორედ ამ დროს და ამ ბედისწერის გამო, ზოიას ქმარი შინ დაბრუნდა და მოძალადეს თავზე დაადგა...
"ზოიას ქმარს "სტუმარი" კინაღამ ცემისას შემოაკვდა, თუმცა ცოლისათვის თითი არ დაუკარებია. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა: "ახლავე ადექი, ჩაიცვი და შენს მშობლებთან წადი, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო"", – იხსენებდნენ შაშიანელები.
მან იმ ღამესვე გადაიყვანა ქალიშვილი და 2 წლის შვილიშვილი ზოიას მშობლებთან. ამ ელდას მალევე ემსხვერპლნენ ზოიას დედ-მამა.

ასე გაექცა ზოია "ამ დაუნდობელ სამყაროს"
ოჯახური დრამის შემდეგ, ზოიას ფსიქიკური ჯანმრთელობა შეერყა. მან უარი თქვა შერიგების ყველა მცდელობაზე. წლების განმავლობაში ის ოთახში იყო ჩაკეტილი.
"ჩვენი ზოია ჩაქოლვას კი გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა. ასე გაექცა ამ დაუნდობელ სამყაროს. გული მტკივა იმის წარმოდგენაზე, როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანის უნდობლობამ მთელი ცხოვრება თავზე დაგამხოს," – ჰყვებოდნენ მეგობრები.
მოგვიანებით, ზოიამ სოფელი დატოვა და ეკლესიას შეაფარა თავი. ის თბილისის ქუჩების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა – ტკივილიანი, მაგრამ დახვეწილი. მისი მზერა გამვლელს აიძულებდა, დაფიქრებულიყო მის ბედზე. სწორედ ამიტომ უწოდეს მას "თბილისის მარიტა" – ქალი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპა საკუთარმა "ბრალეულმა" სილამაზე
წაიკითხეთ ასევე: