ავტორი:

სკანდალური გათავისუფლება: "თაღლითი, რომელზეც Netflix-მა ფილმი გადაიღო, ქართული ციხიდან გამოუშვეს" – ვინ არის "Tinder-ის თაღლითი" და რას ჰყვებიან მისი მსხვერპლები

სკანდალური გათავისუფლება: "თაღლითი, რომელზეც Netflix-მა ფილმი გადაიღო, ქართული ციხიდან გამოუშვეს" – ვინ არის "Tinder-ის თაღლითი" და რას ჰყვებიან მისი მსხვერპლები

ცნობილი თაღლითი, სიმონ ლევიევი, რომელიც 7 მილიონი ფუნტის თაღლითობის საქმეში ფიგურირებდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ქართული ციხიდან გაათავისუფლეს. თაღლითს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

  • ოდიოზური თაღლითი, რომლის ნამდვილი სახელია შიმონ ჰაიუტი, საქართველოში ერთი წლით პირობითი სასჯელის დაკისრების შემდეგ, თავისუფალია.

როგორც The Mail წერს, თაღლითს ამჟამად მოხსნილი აქვს როგორც ძებნის ორდერი, ისე მის წინააღმდეგ მიმდინარე ყველა სამართლებრივი წარმოება. დაკავების შემდეგ, ჰაიუტმა ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ ორი თვე გაატარა.

პატიმრობაში ყოფნისას, "Tinder-ის თაღლითი" ამტკიცებდა, რომ "არ ახსოვდა, როგორ მოატყუა ქალები და როგორ მიითვისა მათგან ასობით ათასი დოლარი". ციხის საკნიდან ისრაელელმა თაღლითმა განაცხადა: "ამ ვითარებაში, მე მჯერა, რომ ან ხაფანგს მიგებენ, ან ადგილი აქვს რაღაც გაუგებრობას".

ჰაიუტი ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე დააკავეს იმ დანაშაულების გამო, რომელიც სავარაუდოდ გერმანიაში ჩაიდინა. "Tinder-ის თაღლითს" ბერლინში ქალისგან £38,000-ის გამოძალვას ედავებოდნენ და ექსტრადიციის შემთხვევაში 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

თუმცა, 35 წლის მამაკაცს პატიმრობა აღარ ემუქრება მას შემდეგ, რაც ბერლინმა საქმის წარმოებაზე უარი თქვა. ჰაიუტს ადვოკატები შერონ ნაჰარი და მარიამ კუბლაშვილი წარმოადგენდნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ "მის წინააღმდეგ ყველა სხვა საქმე დახურულია".

იურიდიული ჯგუფმა განაცხადა:

"ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საპროცესო შეთანხმება სამართლიანი და ადეკვატურია. ჩვენ მივესალმებით ჩვენი კლიენტის გათავისუფლებას და დაპატიმრების ყველა ორდერის გაუქმებას. სასამართლომ თავის განჩინებაში ცალსახად დაადგინა, რომ როგორც ადგილობრივი, ისე ევროპული ძებნის ორდერები გაუქმებულია, და მის წინააღმდეგ ყველა საქმე დახურულია.“

ვინ არის სიმონ ლევიევი?

შიმონ იეჰუდა ჰაიუტი, რომელიც თავს სიმონ ლევიევად ასაღებდა, 2022 წლის Netflix-ის დოკუმენტური ფილმის გმირია. ის წლების განმავლობაში გაცნობის აპლიკაცია Tinder-ზე ქალებს იტყუებდა და თავს ლევიევების ბრილიანტების მემკვიდრედ ასაღებდა. ის მსხვერპლებს ეუბნებოდა, რომ ისრაელელი ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევიევის ვაჟი იყო, თუმცა რეალურად მას ოჯახთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ის 2019 წელს საბერძნეთში დააკავეს, შემდეგ კი ისრაელში მოახდინეს ექსტრადიცია, სადაც თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და ქურდობისთვის 15-თვიანი სასჯელი მოიხადა.

მსხვერპლები ტრავმირებული რჩებიან

ათი წლის შემდეგაც, ლევიევის მსხვერპლები კვლავ ტრავმირებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ Netflix-ის დოკუმენტურმა ფილმმა „Tinder-ის თაღლითი“ მათი ისტორია მსოფლიოს გააცნო, დაზარალებული ქალები ამბობენ, რომ ამბის შემდგომი პერიოდი და გამოჯანმრთელების გრძელი გზა ბევრად უფრო რთული იყო.

"მე ისევ ტრავმირებული ვარ" – განუცხადა 36 წლის სესილიმ The Times-ს. სესილი მოატყუეს და აიძულეს, $250,000-ის ოდენობის ცხრა სესხი აეღო. კრედიტორების მუქარის შედეგად, მან თვითმკვლელობაც კი სცადა. ის საბოლოოდ ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოხვდა და ბოლო შვიდი წელი თერაპიაში გაატარა. სესილი ამბობს, რომ "არასოდეს უნდოდა" ანტიდეპრესანტების მიღება, მაგრამ „ამის საჭიროება ჰქონდა“.

38 წლის პერნილამაც სცადა თვითმკვლელობა მას შემდეგ, რაც სიმართლე გაიგო იმ მამაკაცის შესახებ, რომელსაც ერთ დროს მეგობრად თვლიდა. მან სახლისთვის დაზოგილი $45,000 დაკარგა, შემდეგ კი ეს თანხა გააორმაგა იურიდიულ ხარჯებში, როცა ბანკისთვის სასამართლოში ჩივილი სცადა.

წაიკითხეთ ასევე: