ავტორი:

"ათიათასობით დოლარს მე უბრალოდ ერთ უქმეებზე ვხარჯავ ხოლმე... საქართველოს დათვალიერება მინდოდა, თუმცა..." - რას ამბობს "Tinder-ის თაღლითი", რომელიც ქართული ციხიდან გაათავისუფლეს

"ათიათასობით დოლარს მე უბრალოდ ერთ უქმეებზე ვხარჯავ ხოლმე... საქართველოს დათვალიერება მინდოდა, თუმცა..." - რას ამბობს "Tinder-ის თაღლითი", რომელიც ქართული ციხიდან გაათავისუფლეს

ცნობილი თაღლითი, საიმონ ლევიევი, რომელიც 7 მილიონი ფუნტის თაღლითობის საქმეში ფიგურირებდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოს ციხიდან გაათავისუფლეს. თაღლითს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

გათავისუფლების შემდეგ საიმონმა პირველი კომენტარი გააკეთა "რუსთავი 2"-თან.

"მე არც ერთ ქვეყანასთან პრობლემა არ მქონია, მე უბრალოდ ჩამოვფრინდი და დამაკავეს, ჩემმა ადვოკატებმა არაჩვეულებრივი სამუშაო გასწიეს. ვიცოდი, რომ რამდენიმე კვირაში გარეთ ვიქნებოდი, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო. ხალხმა უნდა გაიგოს რომ "ნეტფლიქსმა" უბრალოდ შოუ შექმნა. ეს უბრალოდ გართობის მიზნით გააკეთეს, არც ერთი ბრალდება, რომელიც ამ ფილმშია ჩემს წინააღმდეგ გაჟღერებული, რეალობას არ შეესაბამება (გულისხმობს "ნეტფლიქსის" მიერ მის შესახებ გადაღებულ ფილმს) ყველას შეუძლია თქვას ის, რასაც მოისურვებს. თანხა, რომლის მითვისებაშიც მდებენ ბრალს ეს ქალბატონები, ჩემთვის არაფერია, ათიათასობით დოლარს მე უბრალოდ ერთ უქმეებზე ვხარჯავ ხოლმე.

ჩემი სახელი? - მე უბრალოდ საიმონ ლევიევი მქვია. ეს სახელი 2017 წლის 23 აპრილს შევიცვალე და მას შემდეგ საიმონ ლევიევი მქვია. ეს არის ჩემი ოფიციალური სახელი და ეს სახელი წერია პასპორტში, რომლითაც დამაკავეს. ეს ჩემი კიდევ ერთი მოგებული სასამართლოა. როდესაც საერთაშორისო მედიები წერდნენ, რომ ათი წელი მემუქრებოდა, მე ზუსტად ათი კვირა გავატარე ციხეში.

რეალურად, რა არის ის ბრალდებები და ცილისწამება რომელსაც რამდენიმე გოგონა ჩემს წინააღმდეგ ამბობს? მე ათასობით გოგოსთან მქონია ურთიერთობა. წარმოიდგინეთ, როდესაც მრავალათასიანი რესტორანი გაქვს და რამდენიმე მომხმარებელი უკმაყოფილოა, ეს შენს რეპუტაციას ვერაფერს ავნებს.

რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, მე აქ ბიზნეს შეხვედრები მქონდა ჩანიშნული, ქვეყნის დათვალიერებაც მინდოდა და საინვესტიციო შესაძლებლობებითაც ვიყავი დაინტერესებული, თუმცა მხოლოდ ქუთაისის ციხე ვნახე. მადლობა საქართველოს ამ სტუმართმოყვარეობისთვის. არანაირი ბრალდება არ არსებობს ჩემს წინააღმდეგ, ჩიტივით თავისუფალი ვარ. ციხეში ბევრი რამ ვისწავლე, კარგი ადამიანებიც გავიცანი", - ამბობს საიმონ ლევიევი.