ცნობილი ქართველი ფიტნესინსტრუქტორისა და ინფლუენსერის, თიკო ყაველაშვილისა და ქართველ-ინდოელი ომარ ამანზის გრანდიოზულ ქორწილს სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ობიექტი პატარძლის თამამი, დეკოლტირებული საქორწილო კაბა გახდა.
თიკომ კრიტიკოსებს თავადვე უპასუხა, თუმცა ამჯერად, რძლის ჩაცმულობასა და ოჯახურ ამბებზე მისი დედამთილი, ნათელა საჯაია ჟურნალ „სარკესთან“ ვრცლად საუბრობს. ნათელა საჯაია, რომელიც წლებია ინდოეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ კაბის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა და რძალს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"დეკოლტე, მართალია, ღია იყო, მაგრამ მას ასე უნდოდა!"
"პატარძლობა და ქორწილი ის დღეა, როდესაც ქალი ბედნიერებით უნდა ბრწყინავდეს და ისეთ კაბა ეცვას, როგორიც უნდა. დეკოლტე, მართალია, ღია იყო, მაგრამ მას ასე უნდოდა! ჩემი ქმრის ნათესავებს არაფერი უთქვამთ ამ კაბაზე. ყველას მოეწონა ქორწილის სურათებიც. უკვე იციან, თიკო ვინ არის და ისეთი ლამაზი ფოტოები უდევს საცურაო კოსტიუმებში… გამომწვევია, მაგრამ საოცარი!
არავის ულაპარაკია ინდოეთში თიკოს ჩაცმულობაზე. შეიძლება თავს იკავებენ და, თუ ასეა, ესეც მსიამოვნებს, რადგან არ გამოფინეს თავიანთი ნეგატივი ისე, როგორც საქართველოში. თიკოს ვესაუბრე ქართველების კომენტარებზე და ვურჩიე, აგრესიულად არავის უპასუხოს. მე კი მომეწონა ის კაბა და ისიც, შუა ქორწილის დროს რომ გამოიცვალა ჩვენმა პატარძალმა. იმ კაბის მკერდს მე და თიკო მთელი ღამე ვქარგავდით“.

"ჩემს მეუღლეს ისე მოეწონა თიკო, გადაწყვიტა, მაშინვე ქორწილი გაემართა მათთვის"
"ჩემს მეუღლეს ისე მოეწონა თიკო, გადაწყვიტა, მაშინვე ქორწილი გაემართა მათთვის. ჩვენს შვილს უთხრა, რადგან ასე ჩამოიყვანე, აქედან, როგორც ცოლ-ქმარი, ისე წახვალთო. მართლაც გადაუხადეს რიტუალური ქორწილი. ძალიან ახლო ნათესავებს დაუძახეს. მოუხატეს ხელები, ჩააცვეს ინდური ნაციონალური სამოსი და ლოცვაც წაუკითხეს. ასე რომ, ინდური ტრადიციული ქორწინების საბუთიც აქვთ.

ომარი ჩემს მეუღლეზე ასჯერ უკეთესი ქმარი იქნება. სხვა გაგების ადამიანია, ქართული მენტალიტეტიც აქვს. ჩემს შვილს დავპირდი, შენ რომ ცოლს მოიყვან, ის ჩემთვის რძალი კი არა, შვილი იქნება მეთქი და ამ სიტყვებს ყოველთვის შევასრულებ,“ - ამბობს ნათელა საჯაია „სარკესთან“.
ვინ არის ნათელა საჯაია - 29 წელი ინდოეთში
შეგახსენებთ, რომ AMBEBI.GE-ს მკითხველმა ნათელა საჯაია ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაიცნო. ის უკვე 29 წელია ინდოეთში ცხოვრობს და სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობს. თავდაპირველად ხელოვნების სფეროში იყო, შემდეგ ათი წელი ინდოეთის ყველაზე ცნობილ კლინიკებში თარჯიმნად მუშაობდა.

როგორც ის ჩვენთან ინტერვიუში ჰყვებოდა, ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.
„ჩემი მეუღლე ინდოელია, რელიგიით მუსულმანი. დამთავრებული აქვს ჟურნალისტიკის, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტები... სასწავლებლის დამთავრებისთანავე მოღვაწეობა ჟურნალ-გაზეთებში დაიწყო. საკუთარი ოფისი, სტამბა ჰქონდა, სადაც გამოდიოდა როგორც პოლიტიკური ჟურნალ-გაზეთები, ასევე ქალთა გაზეთები...
რვა ენა იცის, მათ შორი ცოტა ქართულიც. გამართულად საუბრობს - ინდურად, რუსულად, ინგლისურად, არაბულად, აზერბაიჯანულად, თურქულად, პენჯაბურად... ძალიან საინტერესო ლექსებს წერს, ჩემთვისაც ბევრჯერ მოუძღვნია. სიმღერაც უყვარს, თუმცა ცოტა უნიჭოა... საქართველოში სამჯერ იყო ნამყოფი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მე გამიცნობდა. აზერბაიჯანში მუშაობდა ავიაკომპანიაში, საკუთარი ჩარტერული რეისები ჰქონდა... საქართველო, ქვეყნის ბუნება, ხალხი ძალიან მოსწონს, უყვარს ჩვენი სამზარეულო - მწვადი, ხაჭაპური.. აქვს სურვილი, რაც შეიძლება ხშირად ჩამოვიდეს,“ - გვიყვებოდა ნათელა საჯაია.

თიკო ყაველაშვილის პასუხი კრიტიკოსებს
რაც შეეხება უშუალოდ სკანდალს, შეგახსენებთ, რომ კრიტიკას თავად ინფლუენსერმაც უპასუხა. თიკო ყაველაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მთავარია, კაბა მის სტილს გამოხატავდეს და სხვის აზრს ყურადღებას არ აქცევს:
"ეს კაბა ჩემი სტილია და იმიტომ შევიკერე ასეთი. ალბათ არ უნახავთ საქართველოში მსგავსი რამ და იმიტომ მაკრიტიკებენ. ისეთები წერენ უხამს კომენტარებს, ვისზე მეტი განათლებაც მაქვს, შეგნებაც და დაგროვილი მიღწევებიც 27 წლის ასაკში. 7 წელია ინფლუენსერი ვარ, ყველანაირი საზოგადოება მყავს ნანახი, იმუნიტეტი მაქვს ნეგატივზე. არიან ხალხი, რომლებიც გაბოროტებულია და რაც თავად დააკლდა ცხოვრებაში, სხვაზე ბრაზდება. ჩემი ოჯახი არ მიკონტროლებდა არაფერს და ახლა მითუმეტეს ქმარი არ იზამს მაგას," - განაცხადა თიკომ.
წაიკითხეთ ასევე: