რატომ დაჰყავდა 82 წლის ბებია სკოლაში ზურა დოიჯაშვილს

რატომ დაჰყავდა 82 წლის ბებია სკოლაში ზურა დოიჯაშვილს

უბანში არავინ იცოდა, ფორტეპიანოზე რომ დადიოდა. "ბეთხოვენა" რომ არ დაეძახათ, სახლში დარაბებს ხურავდა და ისე მეცადინეობდა ჩუმად. გიტარაზე დაკვრა თავად ისწავლა. სკოლაში 62 წლის ბებია დაჰყავდა. მამის პროფესიას გაჰყვა, მშენებელი გამოვიდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა მუშად მშენებლობაზე, ისიც იმიტომ, ბიჭებში ფული რომ დაეხარჯა. ახლაც ყველაფერი შვილებისა და მეგობრებისთვის ემეტება. მისი სახლის კარი არ იკეტება. შუაგულ ვაკეში ხის კარს შეაღებ და ზურა დოიჯაშვილის სახლში შეხვალ. სტუმართმოყვარე და სიკეთით სავსეა ეს ადამიანი. მას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრე.

-ოჯახი ყველაზე დიდი განძია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ოჯახში გავიზარდე და ასეთი მშობლები მყავდა. დედა აღარ მყავს, მამა ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს. რომ გითხრათ, მითითებებს მაძლევდნენ და თუ არ ვაკეთებდი, მსჯიდნენ-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, ვუყურებდი როგორ ცხოვრობდნენ, როგორ იქცეოდნენ, როგორ ურთიერთობდნენ და ვსწავლობდი. შეიძლება, მთლად სანაქებო შვილი არ ვიყავი, მაგრამ არც სამარცხვინო ვყოფილვარ. დედა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლდათ, მამა -მშენებელი. ცხოვრების ბოლომდე ერთად იყვნენ, უერთმანეთოდ ერთ წუთს ვერ ძლებდნენ. ერთად დადიოდნენ წვეულებებზე, ერთმანეთის მეგობრებთან. ეს იყო ჩემთვის მაგალითი სიყვარულისა, როგორ უნდა გიყვარდეს. ჩემთვის ეს ურთიერთობა წმინდა იყო.

-დედმამიშვილები გყავთ?

-კი. მყავს უფროსი ძმა და უმცროსი და. შუათანა ვარ.

-გათამამებდნენ?

-არა, თუმცა მე და ჩემი ძმა თუ რაიმეს დავაშავებდით, ჩემ მაგივრადაც ყოველთვის მას ხვდებოდა. მაშინ თბილისში ამდენი ხალხი არ ცხოვრობდა, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. რომ წავიდოდით კინოში და მერე ვაგვიანებდით, მშობლები გარეთ გველოდებოდნენ უბანში. ძველ უბანში ვცხოვრობდით, დღესაც კალაუბანს ეძახიან, ვერცხლის ქუჩაზე. გაბრაზებული მშობლები ჩემს ძმას ეჩხუბებოდნენ, დიდი იყო და მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. იქვე ჩვენს სახლთან საკოლმეურნეო ბაზარი იყო. პროდუქტზე თუ გამგზავნიდნენ, ვცდილობდი, ძველი მეყიდა.

-რატომ, ფული რომ დაგრჩენოდათ?

-არა, ყოველთვის ვუბრუნებდი მშობლებს ხურდას. უბრალოდ, მეზარებოდა წასვლა და ძველი პური მომქონდა ან ისეთი ლიმონათი, ბევრი რომ აკლდა ბოთლს, მეორედ რომ აღარ გავეგზავნე. აი, ასეთი ეშმაკი ბავშვი ვიყავი.

-მშობლებიდან რომელი უფ­რო მკაცრი იყო?

-ორივე თავისებურად მკაცრი იყო. ორივეს რიდი მქონდა, პატივისცემა. ახლა ჩემს შვილებსაც ამას ვეუბნები, ყველაზე ახლობელი არის შენი ოჯახი, შენი მშობლები და მათ წინ არასდროს არ უნდა წახვიდე. სხვისი თანდასწრებით არ უნდა დაამცირო. ამას ბავშვობიდან ვაცნობიერებდი. ჩემს მეგობრებს დედა რომ დაუძახებდათ, ამოდი სახლშიო, და წადი რაო, რომ მიაძახებდნენ, სულ ვეჩხუბებოდი ამის გამო. ჩვენი თანდასწრებით ნუ ამცირებთ-მეთქი. თუ შენიანს ასე ექცევი და იმეტებ, უცხო ადამიანთან რაღას გააკეთებ. შენი თუ არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ.

-ქუჩაზე, ეზოზე რას მეტყვით?

-ქუჩაში გავიზარდე, ფაქტობრივად, ქუჩის ბიჭი ვარ და ამას არც ვნანობ. ქუჩამ ბევრი რამ მასწავლა. დილიდან მშობლებს სამსახურში გავისტუმრებდი თუ არა, საღამომდე ქუჩაში ვიყავი. ავიდოდით სოლოლაკში, ჩამოვიდოდით, იქ რაღაც საქმეები გვქონდა ხოლმე (იღიმის).

-მუღამს იჭერდით, არა?

-(იცინის) ჰო.

-იცით, ეგ ამბავი კახელსა და მუღამზე?

-არა.

-კახელი ბიჭებმა ჩაიყვანეს თბილისში, ყოველდღე ეძახდნენ, ჩაჰყავდათ უბანში, ჩამო, მუღამი დავიჭიროთო. ესეც მორჩილად მისდევდა, იდგა მათთან ერთად ე.წ. ბირჟაზე. კახეთში რომ ჩავიდა, ბიჭებმა ჰკითხეს, რა ხდება ქალაქში, რას შვრებოდითო. რა ვიცი, ბიჭო, ვიღაც მუღამას დავდევდით, კიდევ კარგი, არ გამოჩნდა, იმდენი ვიყავით, მოვკლავდით იმ საცოდავსო.

-(იცინის) ჰო, აი, მაგ მუღამას დავდევდით ჩვენც. ჩხუბიც იყო, საქმის გარჩევაც. სოლოლაკში რუსული სკოლა დავამთავრე, ბოტანიკურ ბაღთან ლამაზი შენობა რომ არის, მაშინ 66-ე სკოლა იყო. შატალოზე დავდიოდით. დილის 9 საათზე იწყებოდა რუსთაველის თეატრის გვერდით, კინოთეატრ "სპარტაკში" სეანსი და დილიდან იქ ვიპარებოდით. "შატალისტების" კინოთეატრი იყო. ფილმის მსვლელობის დროს უცბად აინთებოდა სინათლე, "აბლავა" -დაიყვირებდა ვიღაც და გავრბოდით. ვისაც დაიჭერდა მილიცია, ცუდად ჰქონდა საქმე. ყველაფერი გასაგები იყო, მაშინ ხომ სკოლის ფორმები იყო, ფორმებით ვისხედით კინოში და ყველამ იცოდა, სკოლას რომ ვაცდენდით. დარბაზში ძირს "ლისიჩკები" ეყარა, რომ გავრბოდით, ვყრიდით. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, დანები კი გვედო ჯიბეში, მაგრამ იშვიათი შემთხვევა თუ მახსენდება, ვინმეს ვინმესთვის დანა დაერტყა. ეს სამარცხვინოდ ითვლებოდა. მაშინ ბევრი რამ სხვანაირად იყო. ელემენტარულად უფროსებს პატივს ვცემდით. სიგარეტს რომ ვეწეოდით ქუჩაში და ვინმე უფროსი ჩამოივლიდა, უცბად ვმალავდით. ქალის პატივისცემა იყო მაშინ. რაც უნდა "ზუბი" გვქონოდა ერთმანეთის, თუ ერთ-ერთი მაინც გოგოსთან ერთად იყო, მისი თანდასწრებით ხმას არ გასცემდნენ. დღეს სწორედ ხელის გაქნევით იწონებენ გოგონებთან თავს და ეს არ არის კაცური, მაგრამ ამაში ახალ თაობას არ ვადანაშაულებ, ცუდ დროში გაიზარდნენ და ესაა ყველაფრის თავი და თავი.

-სიგარეტი ახსენეთ, რომელი კლასიდან ეწეოდით?

-მე-8-მე-9 კლასში დავიწყეთ მოწევა, მაგრამ გამოსასვლელ დღეებში, ქეიფებში ვეწეოდით მხოლოდ. 5 მანეთი ღირდა "მალბორო", ვყიდულობდით და ვბლატაობდით. მაშინ კარგი ცხოვრება იყო, ყველას ჰქონდა ფული.

-მშობლებს გამოუჭერიხართ ამ მავნე ჩვევაში?

-არც იფიქრებდნენ, რომ სიგარეტს ვეწეოდი. სპორტს მივდევდი. სპორტის არც ერთი სახეობა არ დამიტოვებია, ძალები რომ არ მომესინჯა. ბოლოს ფეხბურთზე შევაჩერე არჩევანი. როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ცუდად არ ვთამაშობდი. მერე "ზბორებზე" უნდა წავსულიყავი და ჯანმრთელობის ცნობა არ მომცეს. გულის პრობლემები გაქვსო, ექიმებმა მითხრეს. შემრცხვა ცნობის გარეშე გუნდში დაბრუნება და საერთოდ დავანებე ფეხბურთს თავი. 6-7 წლის წინ გამიხსენა გულის ავადმყოფობამ და ოპერაცია გავიკეთე.

-სკოლაზე ვსაუბრობდით, მასწავლებლებიდან ვინ დაგამახსოვრდ­ათ ყველაზე მეტად?

-დაწყებით კლასში მყავდა პედაგოგი ალა გრიგორევნა გრიგორიანი, რომლისგანაც ვისწავლე ყვველაფერი -კულტურა, ზრდილობა. ძალიან მერიდებოდა მისი, მკაცრიც იყო თავისებურად. მახსოვს ლილი იოსეფოვნა, ნადეჟდა ივანოვნა, რუსულის პედაგოგი, დედაჩემის მეგობარი. ძალიან ცელქი ვიყავი, მასწავლებლები ხშირად მაგდებდნენ კლასიდან ხმაურის გამო, ცუდად ვიქცეოდი. რუსულს ნადეჟდა ივანოვნას ხათრითა და დამსახურებით საუკეთესოდ ვსწავლობდი. გრამატიკაშიც კი 5-იანი მყავდა. დღესაც ვპოულობ გრამატიკულ შეცდომებს რუსების დაწერილ წერილშიც კი. არ ვტრაბახობ, მაგრამ კარგად ვიცი რუსული და ეს ჩემი პედაგოგის დამსახურებაა, დედაჩემს ისე არ ვუჯერებდი, როგორც მას.

-დედა თქვენს სკოლაში ასწავლიდა?

-არა, დედა ჯერ ტექნიკუმში ასწავლიდა რუსულ ენას და მერე 25 წელი დიდუბის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში.

-თქვენი უსაქციელობის გამო მშობლები დაუბარებიათ სკოლაში?

-დაიბარეს და ბებიაჩემი მივიყვანე. არ ესმოდა და იმიტომ. ახალი დირექტორი გვყავდა, დაუჯდა წინ და ბედნიერი სახით უსმენდა. მაშინ 82 წლის იყო. მერე ვუთხარი, მაქებდა-მეთქი. კმაყოფილები დავბრუნდით ორივე შინ. ერთხელ მთელი სკოლა წავიდა შატალოზე, მაშინ ცუდად ვიყავი, შინ ვიწექი და მე დამაბრალეს, ზურა იყო ორგანიზატორიო, ისე მქონდა სახელი გატეხილი.

-პედაგოგი დედა, მშენებელი მამა, როგორ მოხვდით ხელოვნებაში?

-პროფესიით მეც მშენებელი ვარ, მამის კვალს გავყევი. უბრალოდ, ძალიან მიყვარს და მიყვარდა მუსიკა. მაშინ რუსთაველზე პირველი სკოლის გვერდზე იყო კავშირგაბმულობის კლუბი. მანდ მე, მამუკა ჩხეიძესა და კაკო ვაშალომიძეს ანსამბლი გვქონდა -მერე მივანებე თავი. დავიწყე მუშაობა სახლმმართველობაში, მოვიდა კაკო ვაშალომიძე და მითხრა, დოკუმენტურ ფილმს იღებენ -"მთვარის გლობუსს", მუსიკა მე დავწერე და მინდა, შენ იმღეროო. გადამიღეს ამ ფილმში, მერე ანსამბლ "პირამიდაში" მოვხვდი, დაშლის პირას იყო, კლავიშებიან ინსტრუმენტზე დამკვრელს ეძებდნენ და მივედი. მეორე დღეს წავედით გასტროლებზე ბუბა კიკაბიძესთან ერთად. სამი თვე დავდიოდით, მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ.

-რა მუსიკალური განათლება გაქვთ?

-შვიდწლედი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით. უბანში არავინ არ იცოდა, მე რომ ფორტეპიანოზე დავდიოდი, არ მინდოდა, "ბეთხოვენა" ვყოფილიყავი. მე ვერ დამიძახებდნენ, მაგრამ მაინც ვმალავდი. დარაბებს ვკეტავდი და ისე ვუკრავდი. დედაჩემის მეგობართან დავდიოდი სამეცადინოდ, ქალბატონ ლამარასთან ვორონცოვზე. ეტიუდს რომ მომცემდა გასარჩევად, ერთხელ დამაკვრევინებდა და ვიმახსოვრებდი. მერე აღარ ვიყურებოდი ნოტებში. ეს გამიგო ქალბატონმა ლამარამ და ერთხელ მკითხა, აბა, სად გაჩერდიო, ვერ ვუპასუხე და გამომიჭირა. გიტარაზე დაკვრა ჩემით ვისწავლე. სახლში გვქონდა გიტარა, რომელსაც არ ჰქონდა სიმები. ერთ-ერთ წვეულებაზე ჩემი კლასელი უკრავდა და მეც მომინდა. წავედი უნივერმაღში, ვიყიდე სიმები და გავუკეთე გიტარას. სიმებს ეწერა ნოტები და პიანინოს დახმარებით ავაწყვე გიტარა. ასე ვიღაცის ყურებით მერე სამი აკორდი ვისწავლე და ნელ-ნელა დავიწყე დაკვრა. საერთოდ, მგონია, როცა თვითონ ვუკრავ და ვმღერი, უკეთ გამომდის, ვიდრე მაშინ, როცა მიკროფონი მიკავია ხელში.

-როდის გაჩნდა საკუთარი ფული თქვენს ჯიბეში?

-16 წლის ასაკში სკოლა რომ დავამთავრე, კი ჩავაბარე, მაგრამ პარალელურად ფული რომ მჭირდებოდა, მშენებლობაზე ვმუშაობდი მუშად. ყოველდღე რომ მევლო, 250 მანეთს ავიღებდი თვეში, მაგრამ იშვიათად დავდიოდი და 30 მანეთს ვიღებდი.

-სად ხარჯავდით ამ ფულს?

-ბიჭებში, მეგობრებში. ჩემთვის დღესაც არაფერი არ მინდა. თუ რამე მაქვს, ჩემი შვილებისა და მეგობრებისთვის მემეტება. მთავარია, სამუშაო იყოს, თორემ არც ერთი საქმე არ არის ჩემთვის სათაკილო.

-სასიყვარულო გამოცდილებაზე რას მეტყვით?

-ჩემი პირველი სიყვარული ჩემი მეუღლეა. ის მე-8 კლასში იყო, მე სკოლას ვამთავრებდი, ბორჯომში გავიცანით ერთმანეთი. ჩემი აგარაკის გვერდით იყო ექიმების სანატორიუმი. მისი მშობლები ექიმები იყვნენ და იქ ისვენებდნენ. მამაჩემი ბორჯომელია და ძალიან მიყვარს იქაურობა. ბორჯომმა მაპოვნინა სწორედ პირველი სიყვარული, თუმცა მერე დავშორდით ერთმანეთს. ქეთინო გათხოვდა. შვილი ეყოლა. მე გავბრაზდი და ჯარში წავედი. დიდი ისტორიაა. 10 წლის შემდეგ კვლავ შევხვდით ერთმანეთს და ოჯახი შევქმენით. 18 წელია ერთად ვართ და დღემდე ვუფრთხილდებით ამ გრძნობას. ჩვენ უკვე ერთი მთელი ვართ. შვილიშვილი გვყავს. დეკემბერში დაიბადა ანდრია. ყველა ერთად ვართ და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. საერთოდ, ყოველთვის მიყვარდა ხალხმრავალი ოჯახები. იმ სახლში, რომელზეც ზემოთ გიყვებოდით (მიწისძვრის შემდეგ ჩემი მეუღლის ბინაში გადმოვედით), ერთად ვცხოვრობდით ჩემი მშობლები, ჩემი ძმა ცოლ-შვილითა და მე ცოლ-შვილით. ერთად გადავიტანეთ უშუქობა. ერთი წაკამათება არ მახსოვს ჩვენ შორის. მარტოობა არ მიყვარს, დღესაც ჩვენს სახლს რკინის კარი არ აქვს. ვაკეში ვცხოვრობ და ხის კარი გვაქვს, რომელიც არ იკეტება, მოაწვები და იღება. არავისი არ გვეშინია, არც სტუმრის და არც მტრის.

-გყავთ მტრები?

-არ ვიცი, არა მგონია. მე არავისი მტერი არ ვყოფილვარ და არც მე მემტერებიან ალბათ.

-შვილიშვილზე ვსაუბრობდით და შვილებზე არაფერი გვითქვამს.

-ტყუპი გვყავს, ნიკა და ნუცა. წელს აბარებენ.

-რომელმა გაჩუქათ შვილიშვილი?

-შვილიშვილი უფროსმა გვაჩუქა, სალომემ. ის ჩემი შვილია, ასე ვამბობ ყოველთვის და შვილიშვილიც ჩემია. საოცარი გრძნობაა, რომ უკვე ბაბუა ხარ. ჩემთან ცხოვრობენ და ახლაც რომ გამოვედი გარეთ, უკვე მენატრება. რომ მხედავს და ჩემი ხმა ესმის, ეცინება უკვე. პატარა ბავშვი ვხდები მასთან. საერთოდ, ძალიან მიყვარს ბავშვები, ისინი ჩემი სუსტი წერტილია.

-ახალ სიმღერებზე არ მუშაობთ?

-ძალიან ბევრი ახალი სიმღერა მაქვს, უბრალოდ, ჯერ არ გამომიტანია სამსჯავროზე. რომ გამოვცე, სამი ალბომი გამოვა. სახლში ტყუილად რა გამაჩერებს, 30-მდე ახალი სიმღერა მაქვს. ისე, ამდენი ხანი გავიდა და ერთი ალბომი არ გამომიშვია, უნდა გამოვუშვა აუცილებლად.

-რით ცხოვრობს დღეს ზურა დოიჯაშვილი?

-საზღვარგარეთ გვაქვს ხოლმე გასტროლები. ამით და მეგობრების დახმარებით.

-დასასრულ, შეცდომებზე მინდა გკითხოთ, რას ნანობთ, შეცვლიდით რამეს ცხოვრებაში?

-შეცდომა ბევრი დამიშვია, მაგრამ თავიდან რომ დამეწყო ცხოვრება, შეიძლება, მეტი შეცდომა დამეშვა. ეს ჩემი ცხოვრებაა, რომლითაც კმაყოფილი ვარ. ღმერთმა იმისთვის შეგვქმნა, რომ ტაძრისკენ წავიდეთ. უნდა მივხვდეთ, რომ ეს ცხოვრება მარტო ფული, სახლი და მანქანა არ არის. ცხოვრება სიყვარულია, ადამიანი იმისთვის მოდის ამ ქვეყანაზე, რომ სიკეთე აკეთოს. რისთვის ვომობთ, რომ ვიღაცას ლუკმა გამოვაცალოთ და ჩვენ შევჭამოთ?! არ არის ეს სწორი. არაფერს არ შევცვლიდი, უბრალოდ, პატიებას ვითხოვ უფალთან, თუ რამე შემეშალა, თუ რამე ისე არ გავაკეთე, როგორც ქრისტიან კაცს შეშვენის. ამას აუცილებლად გამოვასწორებ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"