მიხეილ სააკაშვილი დევიდ პეტრეუსს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი დევიდ პეტრეუსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ავღანეთის საერთაშორისო და ამერიკული ძალების მეთაურს, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა.

45-წუთიანი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე ისაუბრეს. გენერალმა პეტრეუსმა ქართველ ჯარისკაცებს მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ქართული ძალები ურთულეს სამუშაოს ასრულებენ.

მიხეილ სააკაშვილთან დევიდ პეტრეუსი სიტყვით გამოვიდა სენატში, შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე, სადაც განხილვის მთავარი თემა ავღანეთის მისია იყო.

როგორც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გენერალმა პეტრეუსმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მიერ გაწეული უმაღლესი სამსახურის შესახებ უამბო.

"მე მაქვს უნიკალური გამოცდილება, ვისაუბრო ქართველი სამხედროების მიერ შესრულებულ დიდ სამუშაოზე, რადგან მქონდა პატივი, მეხელმძღვანელა მათთვის ერაყში სამსახურის დროს, როცა ნამდვილად შესანიშნავად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა ძალიან რთულ რეგიონში. იმავეს აკეთებენ ისინი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართული კონტინგენტი ჩვენთან რჩება", - განაცხადა პეტრეუსმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კაპრალ ვალერი ვერსკიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ავღანეთის მისიაში მონაწილეობა საქართველოსთვის ღირსების საქმეა.

"გენერალმა პეტრეუსმა აღნიშნა, რომ ქართველები არიან ერთ-ერთი საუკეთესოები, რომელთაც ოდესმე უმსახურიათ და ის ხელმძღვანელობს 47 ქვეყნიან კოალიციას. რამდენიმე დღის წინ დაგვეღუპა კაპრალი ვალერი ვერსკიანი და მინდა ვთქვა, რომ ყოველი ასეთი დანაკარგი ჩემთვის პირადი ტრაგედიაა. მაგრამ, ჩვენი პროფესიონალი ჯარისკაცები ასრულებენ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მისიას და ეს არის საქართველოს ღირსების, პრესტიჟის და მომავლის საკითხი", - აღნიშნა სააკაშვილმა.

გენერალ პეტრეუსისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას საქართველოს ელჩი აშშ-ში, თემურ იაკობაშვილიც დაესწრო.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე