ლუვრის მუზეუმის ბილეთების ფასი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ჩასული ვიზიტორებისთვის 45%-ით გაიზრდება, - გადაწყვეტილება მუზეუმის საბჭომ ხუთშაბათს მიიღო.
მომავალი წლის დასაწყისიდან, ისეთი ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი, მუზეუმში შესასვლელად 32 ევროს გადახდა მოუწევთ. ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება გალერეის რემონტის დასაფინანსებლად მილიონობით ევროს მოიზიდავს.
როგორც BBC-ი წერს, ახალი გადაწყვეტილება 14 იანვრიდან შევა ძალაში. ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან ჩასული ვიზიტორები მუზეუმში შესასვლელად დამატებით 10 ევროს გადაიხდიან. ხოლო ევროკავშირის არაწევრ ვიზიტორებს, რომლებიც აკრედიტებულ გიდებთან ერთად, ჯგუფურად ესტუმრებიან, 28 ევროს გადახდა მოუწევთ.
“მოსალოდნელია, რომ ფასების ზრდის შედეგად წელიწადში 15-დან 20 მილიონ ევრომდე აკუმულირდება,“ - წერს მედია.
ლუვრს გასულ წელს თითქმის 9 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რომელთა უმეტესობა საზღვარგარეთიდან იყო. მუზეუმის მონაცემებით, ვიზიტორთა მეათედზე მეტი აშშ-დანაა, ხოლო დაახლოებით 6% ჩინეთიდან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, იანვარში განაცხადა, რომ მუზეუმში გრძელი რიგების შემცირების მიზნით, მონა ლიზას ახალ სივრცეში გადაიტანენ.
ხოლო მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ლუვრი გაძარცვეს, მუზეუმის დაცვა და მენეჯმენტი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ოთხკაციანმა ბანდამ 102 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები მოიპარა. მუზეუმის ოფიციალური აუდიტის დასკვნის თანახმად, დაწესებულებას არასაკმარისი უსაფრთხოების სისტემები და მოძველებული ინფრასტრუქტურა ჰქონდა.
იხილეთ ასევე: