“ორჯერ მოვიწამლე და როცა მოვსულიერდი, პირველი რაც ვთქვი იყო ის, რომ ომი ჰქონდათ გამოცხადებული ხალხის წინააღმდეგ - იმ საშინელმა შეგრძნებებმა, რაც გაზმა დამმართა, სხვა განცდა არ დამიტოვა!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი წევრი ანა ნაცვლიშვილი წერს.
"BBC-ს გამოძიების თანახმად, აქციებზე გვარბევდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით! განა მიკვირს ?!
ორჯერ მოვიწამლე და როცა მოვსულიერდი, პირველი რაც ვთქვი იყო ის, რომ ომი ჰქონდათ გამოცხადებული ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ რომ იმ საშინელმა შეგრძნებებმა რაც გაზმა დამმართა, სხვა განცდა არ დამიტოვა!! არ შეიძლება ასე მოექცე სამოქალაქო პირებს მშვიდობის დროს, ეს ომია - თქო, ვფიქრობდი და დავწერე კიდეც.
ამის შედეგებს კიდევ როდის და სად ვიწვნევთ, ვინ იცის ჩვენს ჯანმრთელობაზე!“ - წერს ნაცვლიშვილი.
აღნიშნულ გამოძიებას ეხმაურებიან ოპოზიციის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც აქციაზე დაშავდნენ.
ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი BBC-ის სტატიას “ფეისბუქზე“ ეხმაურება:
"BBC: ოცნების რეჟიმი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ქიმიურ იარაღს - ციანიდს - იყენებდა.
ქოცები: ციანიდია, მადლობა თქვით, რომ ზარინი არ იყო!!!"
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, “უფროსის გარეშე დარჩენილ BBC-ში აკაცუკები შეპარულან.“
“უფროსის გარეშე დარჩენილ BBC-ში აკაცუკები შეპარულან. ქიმიური რას ეყოფა, ბარემ ბიოლოგიურიც ჩაეწერათ, მათი რა მიდიოდა,“ - წერს დეპუტატი.
“ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას და საერთაშორისო ინსტიტუციების ყურადღების მიპყრობას, ვინაიდან ამ ქვეყანაში სამართალდამცავ სისტემას არანაირი ნდობა არ გააჩნია - საზოგადოებამ ცხადად უნდა იცოდეს, რომ ეს ხელისუფლება არის ტერიტორიული რეჟიმი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს“, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ებრძვის და მათ წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს.
"ყველას კარგად გვახსოვს, ასი ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საპროტესტო დემონსტრაციებში, რაც ბრუტალურად და ძალადობრივად იქნა ჩახშობილი "ქართული ოცნების“ მიერ. ძალადობრივი გზებით ხდებოდა ადამიანების წინააღმდეგ ტექნიკური და ქიმიური საშუალებების გამოყენება. ბუნებრივია, მაშინაც არსებობდა ეჭვი, რომ გამოყენებული იყო ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობის ხანგრძლივ დაზიანებას იწვევს. ერთი წლის თავზეც ბევრი მოქალაქე უჩივის იმ სიმპტომებს, რომელიც აღნიშნული მოწამვლის შედეგად გამოვლინდა. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ებრძვის საკუთარ ხალხს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. გავიხსენოთ დიქტატორული რეჟიმები, რომლებიც ქიმიურ მომწამვლელ იარაღს იყენებს თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ - სირიის მაგალითიც კი საკმარისია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას. ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც გამოიძიებს, როგორ მოხდა აღნიშნული ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების შესყიდვა. დაიკითხება ყველა სამართალდამცავი უწყება, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ამ იარაღის გამოყენებასთან“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, “როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან და დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაც ნივთიერებას.“
"პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, ის რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით, მშვილდ-ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურების თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს? ან ლოდსატყორცნებს რომ იყენებდნენ ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები და ლოდებს აგორებდნენ მთიდან, BBC-იმ რატომ ვერ შეამჩნია? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მთავარი ის არის ვინ მიაწოდა მათ ეს ინფორმაცია.
ეს მოცემულობა და პოლიტიკური მდგენელი არის "განვიკურნოთ დემენციისგან 2”. როგორც სააკაშვილი განიკურნა დემენციისგან, დაამარცხა ის ავადმყოფობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ცდილობს რამენაირად გაუმკლავდეს, ისე იყენებდნენ ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები რაღაცა ნივთიერებას. რა თქმა უნდა, ამას თავისი ადეკვატური პასუხი გაეცემა”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ "მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი“ უწოდეს“.
იხილეთ ასევე: