საქართველოში კიდევ უფრო ღრმავდება სკანდალი, რომელიც BBC-ის მიერ გასულ წელს გავრცელებულ მძიმე ბრალდებებს უკავშირდება: ბრიტანული მედიაორგანიზაციის მტკიცებით, ხელისუფლებამ მთავრობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი. აქციების დარბევების შემდეგ აქციის მონაწილეები კვირების განმავლობაში უჩიოდნენ სუნთქვის გაძნელებას, თვალების წვას, ხველასა და ღებინებას...
მასალის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების წყება ქვეყნის უმაღლესი უსაფრთხოების უწყებების მხრიდან: თავდაპირველად, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ შსს მართლაც ფლობდა BBC-ს მიერ დასახელებული ნივთიერებებს და 2012 წლამდე იყენებდა კიდეც:
"ბოლო შეძენა 2009 ან 2010 წელს მოხდა. მერე არც შეგვიძენია და არც გამოგვიყენებია... "ნაცებმა“ კატა გამოთხარეს“, - განაცხადა მან.
პარალელურად, მოქმედი შსს მინისტრი გელა გელაძე კატეგორიულად უარყოფს "კამიტის“ არსებობას სამინისტროს შეიარაღებაში:
"ყველა დოკუმენტაციას გადავხედე და შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ს "კამიტი“ არასდროს შეუსყიდია. ბრალდება არის აბსურდი და სიცრუე“, - ამბობს იგი და ამატებს, რომ გამოძიება უკვე დაიწყო. ორი უმაღლესი, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირის განცხადებები ერთმანეთს აშკარად ეწინააღმდეგება: ერთი ადასტურებს ნივთიერებების შეძენასა და წარსულში გამოყენებას, მეორე უარყოფს თავად ამ ნივთიერების არსებობასაც კი. სწორედ ამ წინააღმდეგობამ კიდევ უფრო გააჩინა კითხვა: რა გამოიყენეს რუსთაველზე? ამ კითხვებზე საკუთარ ვერსიებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვიზიარებს.

- "ქართული ოცნება“ კარგად ნაცად, რუსულ ალგორითმს მიყვება, ყველაფერი ბოლომდე უნდა უარყო, ისე, რომ საკითხში არც კი გაერკვე. გავიხსენოთ ბრიტანეთის შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტ პოლონიუმით მოწამლეს. რუსები ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ. სპეციალისტი არ ვარ და დეტალურად ვერ ვისაუბრებ ამ ნივთიერებებზე - რა არის, რა ტიპის დანაშაულს უკავშირდება და ა.შ. მაგრამ სპეციალისტების მოსმენილი შეფასებების შედეგად გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. და თუ ამას პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავთ, ძალიან სერიოზულ სურათს ვიღებთ: ბრიტანული მხრიდან ამ ტიპის გამოძიება, როგორც წესი, თავდება ძალიან მძიმე შედეგებით იმ ადამიანებისა და პოლიტიკოსებისთვის, ვინც ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს იყენებს, მით უფრო - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები შეიძლება ძალიან მძიმე ფაზაში გადავიდეს.
უკვე ისედაც არსებობს სერიოზული სანქციების საფრთხე და სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ BBC-ის გამოძიება "ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება. პირველ რიგში, დიდი ალბათობით ამუშავდება უკვე გამზადებული, ძალიან სერიოზული სასანქციო მექანიზმები ბრიტანეთის მხრიდან, ხოლო შემდეგ დომინოს პრინციპით გადაედება ევროპას მთლიანად და შეერთებულ შტატებსაც, მიუხედავად იმისა, რომ "ქოცებს“ რაღაც ილუზიები აქვთ ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგების თაობაზე. ეს არის მთავარი პოლიტიკური კონტექსტი და მთავარი პოლიტიკური შედეგი, რისკენაც ეს ისტორია მიდის.
- "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ეს რამდენად მუშაობს თავის მართლების ინსტრუმენტად?
- ერთი მხრივ ამბობენ, რომ BBC-ის უჩივლებენ, მეორე მხრივ კი მათივე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ეს ნივთიერებები სამინისტროში ნამდვილად არსებობდა. ამას გარდა, არსებობს სხვადასხვა ოფიციალური ჩანაწერი - მათ შორის, გაზის შერჩევასთან დაკავშირებით, სპეციალური კავშირის ჩანაწერები. თუ ხელისუფლება მართალია ამ ისტორიაში, მაშინ პროპაგანდისტული ბაქიბუქის და "ჰაერის შრიალის“ ნაცვლად კონკრეტიკას უნდა მიჰყოს ხელი. არ იყო "კამიტი“? ძალიან კარგი, მაშინ თქვან, რა გაზი იყო, რა შეურიეს, რა ხსნარი შეასხეს ადამიანებს. რეალურად რა გამოიყენეს, ეს უნდა დასახელდეს. ამაზე კი დუმან და არაფერს ამბობენ. როდესაც კონკრეტულ ბრალდებებზე პასუხის ნაცვლად ხელისუფლება მხოლოდ პროპაგანდით პასუხობს, ეს ეჭვებს კი არ ამცირებს, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს. ძალიან კარგად ესმით, რომ მათი ეს ბოდვები უცხოეთში არავის არ აინტერესებს, პირიქით, ეს ბოდვები და ისტერიკა მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ერთადერთი, მათი რიტორიკა შიდა მოხმარებისთვის თუ გამოდგება, საკუთარ მრევლს აურევენ ტვინს, გარეთ ვერავის მოატყუებენ და ეს თავადაც მშვენივრად იციან.
ავიღოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია: არცერთი ხელისუფალი არ სარგებლობს იმავე პრინციპით, რომლითაც რიგითი მოქალაქე. ჩვენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, გვაქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება და მართლმსაჯულებაა ვალდებული დაგვიმტკიცოს დანაშაული. ხელისუფლების შემთხვევაში ასე არ არის. ხელისუფლება ვალდებულია დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, გამჭვირვალედ და დამაჯერებლად. ჩვენ კი ვხედავთ, რომ "ოცნება“ ამას არ აკეთებს, პირიქით - თავად აცხადებს პრეტენზიას, რიგითი ადამიანის მსგავსად ისარგებლოს უდანაშაულობის პრეზუმფციით. ეს ცივილიზებული ურთიერთობის ფორმა არ არის.
- "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები ავითარებენ მოსაზრებას, რომ BBC-ის ტრამპიც უჩივის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. როგორ გგონიათ, რამდენად სერიოზულია ასეთი არგუმენტი?
- არადა, ყველას გვახსოვს, "ქართული ოცნება “BBC-ის ცოტა ხნის წინ როგორ უხსნიდა სიყვარულს, კეზერაშვილზე გაკეთებული სიუჟეტის გამო. ახლა უცებ "მტრად“ წარმოაჩინეს. ტრამპს თავის ანგარიშები აქვს BBC-ისთან, მან მშვენივრად იცის, რა არის ეს მედია და როგორ მუშაობს... ტრამპის და BBC-ის ურთიერთობების მაგალითად მოტანა საქართველოს შიდა სკანდალის გასაბათილებლად არის უშინაარსო, პროპაგანდისტული გზავნილი და მეტი არაფერი. რეალურ გამოძიებასთან, პასუხისმგებლობასთან და სიმართლის დადგენასთან ამ შედარებებს საერთო არაფერი აქვს.
- ყოფილი მინისტრის გომელაურის განცხადება იმის შესახებ, რომ "კამიტი“ შეიძინეს "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში და ის "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ გამოუყენებიათ, რას ცვლის დიდ სურათში?
- მე პირადად არ მახსოვს, რომ "ნაციონალების დროს“ ამ ტიპის გაზი გამოეყენებინათ. მაშინ ძალიან მძიმე დარღვევები ნამდვილად იყო, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ წყლის ჭავლთან ერთად, ასეთი გაზის გამოყენებაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, დავუშვათ, რომ "ნაციონალებმა“ ის გამოიყენეს, ეს რით ამართლებს დღევანდელ ხელისუფლებას? მით უფრო, მაშინ როდესაც დღეს არსებობს კონკრეტული ფაქტები, დაზარალებული ადამიანები, აღწერილია სიმპტომები... კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ დიდ სურათში ამ ისტორიიდან ადვილად ვერ გამოძვრება. სწორედ ამიტომ ცდილობს საკუთარი ამომრჩევლის ტვინების არევას და ლაპარაკობს ათას სისულელეს. ჯერ გამოვიდნენ და თქვეს - რა გაზი, რის გაზიო, საერთოდ არაფერი არ არსებობდაო. მერე გამოვიდა გომელაური და ნახევრად აღიარებითი ჩვენება მისცა - გაზი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვიყენებიაო, მერე გამოვიდა გელაძე და თქვა, გომელაურმა კარგად ვერ თქვა სათქმელიო... ბი-ბი-სის გამოძიებაში ძალიან კონკრეტულად წერია - დასახელებულია გაზების ჯგუფები, რომელთაც ეს აგენტი ეკუთვნის. შეიძლება კონკრეტულად "კამიტი“ არ ყოფილიყო, მაგრამ გამოიყენეს იმავე ჯგუფის სხვა გაზი, ისიც არანაკლებ საშიშია. "კამიტი“ არის ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ამავე ჯგუფში შემავალი სხვა გაზებიც ისეთივე საშიშია. ანუ თუ ის რაც ჩვენ შეგვასხეს "კამიტი“ არ იყო და სხვა რამე იყო, შეიძლება კიდევ უფრო მძიმე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე.
- გომელაურისა და გელაძის სხვადასხვა ვერსიები, იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ ეს საქმე გომელაურს ისევე შეიწირავს, როგორც ჩორჩანას საქმემ გახარია?
- გომელაურს დიდი სიამოვნებით აქცევდნენ განტევების ვაცად, მე მგონი ისე უკვე ისედაც გამზადებული ჰყავთ საამისოდ. თუმცა, ამ საქმეში ჯოხს მხოლოდ მასზე ვერ გადატეხენ. ეს სისტემური დანაშაულია. ეს ყველაფერი თბილისში ხდებოდა, რუსთაველის გამზირზე. თბილისის მერი, რომელსაც თავი "კიტრად“ მოაქვს და რომელიც ერთ-ერთ მთავარ "ბოსად“ მოიაზრება, პასუხისმგებელია იმაზე, რომ იქ ნაძვის ხე იდგა, ბავშვები დადიოდნენ, ხალხი მოდიოდა–მოდიოდა. იქვე სკოლაც იყო... ეს ყველაფერი ბავშვებისთვის საშიში არ იყო? მინიმუმ, პერიმეტრი მაინც ხომ უნდა გადაეკეტათ? ჩვენ გვახსოვს, რა ხდებოდა იმ პერიოდში რუსთაველზე, სუნთქვა შეუძლებელი იყო. ჩემი ახლობლები ცხოვრობენ იქვე, დახურულ ფანჯრებშიც კი შედიოდა სუნი, ვერ სუნთქავდნენ...
თუ ასეთი სახიფათო რამ გამოიყენეს, სად იყო ჯანდაცვის სამინისტრო, რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები? სად იყო განათლების სამინისტრო, როდესაც ბავშვები იმ სივრცეში გადაადგილდებოდნენ? ამიტომ ვამბობ - ეს არის სისტემური დანაშაული.
- რა ფასად შეიძლება დაუჯდეს ეს ყველაფერი ხელისუფლებას ელექტორალური თვალსაზრისით?
- ფასი საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რას დავუშვებთ ჩვენ, საზოგადოება. არცერთი ავტორიტარი არ ამბობს - "უი, ეს რა დამემართა, ავდგები და სახლში წავალო“. თუ ჩვენ არ ვაიძულეთ, თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ ვერდიქტი და მისი აღსრულება არ მოვახდინეთ, ამას ვერავინ გააკეთებს ჩვენი ნაცვლად. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, რომ პოლიტიკურმა კლასმა მოახერხოს კონსოლიდაცია ამ ტიპის პროტესტისთვის. გასაგებია, რომ გარედან მძიმე პრობლემები ელოდება ხელისუფლებას, მაგრამ გარედან მომდინარე პრობლემები არის მხოლოდ დამხმარე ფაქტორი. მთავარი პროცესის ორგანიზება შიგნით უნდა მოხდეს. ჩვენი პოლიტიკოსები კი სხედან და ელოდებიან, როდის "მოართმევენ ხონჩით“ ძალაუფლებას. ასე არ ხდება.
იხილეთ ასევე: