17 დეკემბრის დილით ასობით ტურისტი ლუვრის შესასვლელთან რიგში ჩადგა. თუმცა მუზეუმი, რომელიც ორშაბათიდან თანამშრომელთა გაფიცვის გამო დაკეტილი იყო, გრაფიკის მიხედვით არ გახსნილა.
"მუზეუმი ღიაა, თუმცა ზოგიერთი განყოფილება სარემონტო სამუშაოების გამო დამთვალიერებლებისთვის მიუწვდომელია", - განაცხადა პრესსპიკერმა, თუმცა ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საგამოფენო დარბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დახურული რჩება.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის მას შემდეგ დაიკეტა, რაც თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მუზეუმის შესასვლელთან საპროტესტო აქცია დაიწყეს. იმავე დღეს საფრანგეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა პროფკავშირებთან მოლაპარაკებები გამართეს და შესთავაზეს 2026 წელს დაგეგმილი დაფინანსების შემცირების გაუქმება (მანამდე საუბარი იყო 6,7 მილიონი დოლარით შემცირებაზე), მუზეუმის დაცვის თანამშრომლებისა და მეთვალყურეების რაოდენობის გაზრდა და პერსონალის ხელფასების მომატება.
თუმცა პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეთავაზებული ზომები საკმარისი არ არის.
სამშაბათს მუზეუმი დაკეტილი იყო, რადგან ამ დღეს ლუვრში ოფიციალური დასვენების დღეა.
ოთხშაბათს მუზეუმი გრაფიკის მიხედვით არ გახსნილა. დილით ასობით ტურისტი შეიკრიბა ლუვრის შესასვლელთან და მუზეუმის მუშაობის დაწყებას ელოდებოდა.
"ჯერ არ ვიცით, გავიხსნებით თუ არა. მოგვიანებით დაბრუნდით“, - ეუბნებოდნენ დაცვის თანამშრომლები მუზეუმში შესვლის მსურველებს.
ესპანეთიდან ჩამოსულმა ტურისტმა სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ უკვე ერთი საათია ელოდება, თუმცა პროფკავშირების გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება.
"პარიზში სამი დღე მაქვს და ძალიან მინდოდა ლუვრის ნახვა, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მათ მოთხოვნებს ვიგებ“, - თქვა მან.
სამმა ფრანგულმა პროფკავშირმა ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ლუვრის თანამშრომლები უვადო გაფიცვის დაწყებას გეგმავდნენ. მუზეუმის თანამშრომლები ასევე გადამეტებული სამუშაო საათების პრაქტიკას აპროტესტებენ და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მანამდე პროფკავშირებმა კულტურის სამინისტროს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ლუვრის სხვადასხვა განყოფილება რეგულარულად იხურება "პერსონალის დეფიციტის, ტექნიკური გაუმართაობებისა და შენობის მოძველებული მდგომარეობის გამო“.
გარდა ამისა, პროფკავშირებში აცხადებენ, რომ თანამშრომლების დატვირთვა მუდმივად იზრდება, რაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
ლუვრში დაახლოებით 2500 ადამიანი მუშაობს. გამოცემა Le Monde-ის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, თუ 2022 წელს სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ფსიქოლოგთან კონსულტაციისთვის სულ 37-ჯერ მიმართეს, 2024 წელს გაზრდილი დატვირთვის გამო ფსიქოლოგის დახმარება 146 თანამშრომელმა ითხოვა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მონახულებად მუზეუმს არაერთი სერიოზული პრობლემა შეექმნა. 19 ოქტომბერს ოთხმა მძარცველმა ლუვრიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარა, რომლის პოვნაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ნოემბრის ბოლოს კი მუზეუმის ეგვიპტის ისტორიისა და კულტურის წიგნების ბიბლიოთეკაში წყალი ჩავიდა, რის შედეგადაც ასობით დოკუმენტი დაზიანდა.
მუზეუმის ადმინისტრატორის მოადგილემ, ფრენსის სტეინბოკმა განაცხადა, რომ ამის შედეგად 300-დან 400-მდე ერთეული დაზიანდა, ძირითადად, წიგნები.
იხილეთ ასევე: