"ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ახალ წელს უმეტესად ომში ვხვდები. ომში კი ადამიანები მუდმივად იღუპებიან და ასეთ დროს განწყობაც აღარ არსებობს", - გვეუბნება "ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი. უკვე მეოთხე წელია რუსები უკრაინელებს ცეცხლითა და მახვილით ულოცავენ შობა-ახალ წელს. უკრაინელები და მათ მხარდამხარ მებრძოლი ქართველებიც მეოთხე წელია შობა-ახალ წელს სანგრებში ატარებენ და საახალწლო სურვილებიც შესაბამისი აქვთ - მეტი იარაღი და მხარდაჭერა. უფრო მეტს იმის შესახებ, თუ როგორია ფრონტის ხაზზე გატარებული შობა-ახალი წელი და მებრძოლების განწყობები, მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება:
- რა თქმა უნდა, კარგია, როცა ახალ წელს ოჯახში ხვდები, მაგრამ არც კი მახსოვს, ეს ბოლოს როდის მოხდა. რამდენჯერმე ახალ წელს პირდაპირ მატარებელში შევხვდი, აქედან სამჯერ კი ფრონტის ხაზზე მივდიოდი. პირადად მე მეთორმეტე წელია, ყოველ ახალ წელს ფრონტის ხაზზე ვხდები. შეძლებისდაგვარად კი ვცდილობთ ეს დღე ერთმანეთს გავულამაზოთ, მაგრამ ახალი წლისთვის დამახასიათებელი ნამდვილი მხიარულება არ იგრძნობა. ჩვენ გარშემო ხომ მუდმივად იღუპებიან ადამიანები.

- შეგიძლიათ, ფრონტის ხაზზე გატარებული პირველი ახალი წელი გაიხსენოთ?
- მაშინ ძალიან პატარა ვიყავი - 14 წლის. აფხაზეთში, სანგარში ვიჯექი, მტრის მოლოდინში. ძალიან გულდამძიმებული ვიყავი, კარგს ვერაფერს გავიხსენებ...
- ცეცხლი ახალი წლის ღამესაც არ წყდებოდა?
- რუსებისთვის წმინდა არაფერია, არც შობა, არც ახალი წელი.. ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა, შარშან, წელს, ყოველ შობა-ახალ წელს ბომბავენ და ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას… შარშან ინფრასტრუქტურა დაბომბეს და სამოქალაქო პირები - ქალები, მოხუცები, ბავშვები შუქისა და სითბოს გარეშე დატოვეს. არც წელს აკლებენ ხელს.
- თავად აღნიშნეთ, რომ მეთორმეტე წელია შობა-ახალ წელს ფრონტის ხაზზე ხვდებით, არ დაიღალეთ ამ ყველაფრით?
- ალბათ დავიღალე კიდეც, მაგრამ როცა ვიცი, რომ ჯერ დასვენების დრო არ მოსულა, არ ვიმჩნევ, საკუთარ თავსაც არ ვუტყდები. მიზანი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ამ მიზნისთვის ვიბრძვი, ამიტომ თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ დავიღალო და ჩამოვჯდე…
- საქართველოში ზოგიერთები დღესაც ფიქრობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენ არ გვეხება...
- კარგია, რომ ასე მხოლოდ ზოგიერთები ფიქრობენ და არა უმრავლესობა. ქართველების დიდ ნაწილს გააზრებული აქვს, რომ რუსეთის უკრაინაში დამარცხება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის დამყარების, განვითარების და წინსვლის გარანტიაა.
- ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა ნამდვილი მშვიდობა არ არის?
- თბილისში რომ არ დგას რუსის ჯარი, ეს იმას ნიშნავს რომ მშვიდობაა? აბა, ჰკითხეთ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრებ ქართველებს, - თუ აქვთ მშვიდობა. საკუთარ ბაღ-ბოსტნებში ვერ გასულან ადამიანები, მამა-პაპის საფლავებზე ვერ მიდიან, წინაპრების აშენებულ ტაძრებში ვერ ლოცულობენ, ეს მშვიდობაა?! რუსეთი უკრაინის მიწაზე უნდა დამარცხდეს და დაუძლურდეს, რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე მშვიდად ვიცხოვროთ და დაკარგულიც დავიბრუნოთ.

- ოცნებების ასრულების გჯერათ?
- ოცნებების ასრულების არა, მაგრამ მიზნების მიღწევის მჯერა.
- პირადი მიზნები გაქვთ?
- რუსეთის დამარცხება ჩემი პირადი მიზანია!
- არ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი ლამაზი და ბედნიერი ახალი წელი მაინც?
- ეს აფხაზეთის ომის დაწყებამდე, ღრმა ბავშვობაში იყო, როდესაც ჯერ კიდევ მჯეროდა სასწაულების და თოვლის ბაბუის არსებობის.
- ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?
- ჩვენ ხომ ბავშვობის გატარებამ მძიმე 90-იანებში მოგვიწია, შესაბამისად, ზოგჯერ თოვლის ბაბუას შუქის მოსვლას ვთხოვდი. ჩვენი ბავშვები ღმერთმა დაიფაროს ასეთი პრობლემებისგან, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში არ არის გამორიცხული, ისეთი ეკონომიკური კრიზისი დაგვიდგეს, რომ ის მძიმე 90-იანებიც სანატრელი გაგვიხდეს. არადა, ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ უაღრესად რთული ვითარებისგან დაგვეღწია თავი, როგორც ეკონომიკურად, ისე მენტალურად. ჩვენ უკვე გამოვიარეთ სამოქალაქო დაპირისპირება, ომი და კიდევ ათასი უბედურება. როგორი პრორუსებიც არ უნდა იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ქვეყანა არ უნდა გაიმეტონ მსგავსი უბედურებისთვის. არანაირი სიმდიდრისა და პირადი კეთილდღეობისთვის არ ღირს საკუთარი ხალხის ასე გაწირვა. ყველას ყველაფერი მოეკითხება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სინდისი დატანჯავთ.
- საქართველოში დიდი ხანია აღარ ყოფილხართ?
- ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა, დროდადრო ვახერხებდი თბილისში ჩამოსვლას, მაგრამ ახლა ვერიდები… ისედაც ხან რას მაბრალებენ, ხან რას, არ მინდა, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობის მიზეზი მივცე. მოვა დრო და ჩემს სამშობლოში აუცილებლად დავბრუნდები. მე საქართველოს შვილი ვარ, ყველაფერს ამ ქვეყნისთვის ვაკეთებ.
- საახალწლოდ ისეთი საჩუქარი თუ მიგიღიათ, რომ დღემდე გახსოვთ?
- ესეც ღრმა ბავშვობაში იყო, მშობლები ყიდულობდნენ ოქროსფერ ქაღალდში გახვეულ შოკოლადის მონეტებს. დილით ბალიშის ქვეშ მხვდებოდა. ეს იყო ჩემი ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი. სხვათა შორის, უკრაინაში მაღაზიაში რამდენჯერაც ვნახავ, ყოველთვის ვყიდულობ. როდესაც ეს მონეტები მაქვს, ჩემს ქვეცნობიერში მყოფი ბავშვი ბედნიერია.
- ოდესმე საახალწლო სამზადისში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
- ორი წლის წინ ბიჭებმა შტაბში ჩურჩხელები ამოავლეს და მეც მიმაღებინეს მონაწილეობა. სხვას ვერაფერს ვიხსენებ.
- კერძების მომზადება არ გეხერხებათ?
- მართლა არაფრის გაკეთება არ მეხერხება. სიმართლე გითხრათ, არც მიყვარს საახალწლო კერძები. ერთადერთი, გოზინაყი მიყვარდა, მაგრამ ახლა აღარ ვჭამ. ჩირი მიყვარს ძალიან, არადა უკრაინელებს ხილის გაშრობის კულტურა არა აქვთ. ამიტომ როდესაც საქართველოდან მიგზავნიან, ძალიან მიხარია.
- საბოლოოდ როგორი წელი იყო თქვენთვის 2025 და რა მოლოდინები გაქვთ 2026 წლისგან?
- 2025 წელი უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია. პარტნიორებმა თავიდანვე ვერ უზრუნველყვეს ისეთი შეიარაღება, რომელიც ქვეყანას შეტევითი ოპერაციების სრულფასოვნად ჩატარების საშუალებას მისცემდა. დახმარება შემოიფარგლა მტრის შეკავებით და არა ომის მსვლელობის შეცვლით, რის შედეგსაც დღეს ვხედავთ. შეერთებული შტატების პოლიტიკა შეცვლილია და ამ ეტაპზე მათი მხრიდან გადამწყვეტ დახმარებას არ ველოდებით. ევროპაც ფრთხილად მოქმედებს, იმდენად ეხმარება უკრაინას, რომ რუსეთი შეაკავოს, მაგრამ არა იმდენად, რომ ომის ბედი შეცვალოს. ამ პირობებში ფრონტზე მყოფები, მათ შორის ქართველებიც, ძირითადად საკუთარი მოტივაციისა და თავგანწირვის იმედად ვართ დარჩენილნი. ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა არა უიმედო. მთავარი მოლოდინი ევროპის გააქტიურებას უკავშირდება, სწორედ ევროპული პოლიტიკური ნება შეიძლება გახდეს გარდამტეხი ფაქტორი.

- ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით თქვენი მოლოდინი როგორია?
- ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები ფარსია, ის უკრაინის კაპიტულაციას ითხოვს. უკრაინა კაპიტულაციას ხელს ვერ მოაწერს. უკრაინული საზოგადოების მოტივაცია ძალიან მაღალია და საუბარი დათმობაზე რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად მძიმე პირობებისა და შეზღუდული დახმარებისა, უკრაინა აგრძელებს წინააღმდეგობას და აჩვენებს შედეგებს. უკრაინა ავითარებს საკუთარ სამხედრო წარმოებას, მათ შორის შორს მფრენ სარაკეტო სისტემებსა და დრონებს. დღეს ფრონტზე გამოყენებული რესურსების სამოცი პროცენტზე მეტს უკრაინა თავად აწარმოებს, და ეს უკვე პროცესის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა.
- "ქართული ლეგიონის“ როლი უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც ვიცი, წელს უკრაინელებმა წელს ეს სათანადოდ დააფასეს.
- კი ნამდვილად ასეა. "ქართული ლეგიონი“ უკრაინაში საერთაშორისო მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა. თავად უკრაინელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ქართველები იყვნენ პირველები, ვინც ამ ომში მათ გვერდით დადგნენ. ვფიქრობ, ლეგიონის მებრძოლებმა ღირსეულად წარმოაჩინეს ქართული საზოგადოება უკრაინაში და სწორედ ამ დამსახურებას ეძღვნება ის სკვერი, რომელსაც "ქართული ლეგიონის“ სახელი მიენიჭა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხედრო ფორმირებას სიცოცხლეშივე ეძღვნება მემორიალი. ეს ისტორიული მომენტია. იგი დარჩება უკრაინის ისტორიის ფურცლებზე. ეს არის აღიარება იმისა, რომ შევძელით და დავწერეთ საკუთარი, თუნდაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გვერდი უკრაინისა და ჩვენი ხალხების მეგობრობის ისტორიაში. ქართველი მებრძოლები დარჩებიან უკრაინელთა თაობების მეხსიერებაში, როგორც ადამიანები, რომლებმაც ყველაზე რთულ დროს უკრაინელი ხალხის გვერდით იდგნენ. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მე და ჩემს ორ მოადგილეს უკრაინის დაცვისთვის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადმოგვცა. ქართველები იყვნენ პირველი უცხოელები, რომლებმაც ასეთი ჯილდო მიიღეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი: პრაქტიკულად დასრულებულია "ქართული ლეგიონის“ პირველი ქართული ბატალიონის ფორმირება. აქამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისეების სტატუსით ვიყავით ინტეგრირებულნი, ახლა კი შეიქმნება პირველი ეთნიკური ბატალიონი "ქართული ეროვნული ლეგიონი“.
- დაბოლოს, წელს პირველად საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ ხატავთ და თქვენი ნამუშევრები საერთაშორისოდ აღიარებულ გამოფენებსა და აუქციონებზე გააქვთ.
- უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ ხატვა ჩემი შინაგანი მდგომარეობის გაგრძელებად იქცა. შტაბის კედლებზე დავიწყე ხატვა… ზოგჯერ ერთ თვეში რამდენიმე ნამუშევარს ვქმნი, ზოგჯერ კი შეიძლება მთელი წელიწადი არაფერიც არ დავხატო, ყველაფერი განწყობასა და შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ძირითადად იმ ფერებით ვმუშაობ, რომლებიც ომში ყველაზე მეტად გვაკლია, მკვეთრი, ცოცხალი, მზისა და სინათლის ტონები მიყვარს.
- როგორც ვიცი, თქვენი ნამუშევრები ევროპის სახელოვნებო წრეებში პოპულარულ, ცნობილ ჟურნალში COLLECT - შინ მოხვდა, სადაც ხშირად იბეჭდება თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები და შემდეგ იყიდება კიდეც.
- ვფიქრობ, ჩემი შემოქმედებით განსაკუთრებული ინტერესი იმიტომ გამოიჩინეს, რომ სამხედრო ვარ, მებრძოლის მიერ შექმნილ ხელოვნებას მათთვის განსხვავებული, განსაკუთრებული ღირებულება აქვს. აუქციონიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად თავისუფლებისათვის ბრძოლას მოხმარდება.
- 2026 წლისგან რას ელით?
- რა თქმა უნდა გამარჯვებას. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, დარწმუნებული რომ გავიმარჯვებთ და საქართველოშიც დამყარდება ნამდვილი მშვიდობა. თქვენი გამოცემის საშუალებით ქართველ პატრიოტებს მინდა მივულოცო ახალი წელი. რწმენა არ დაკარგოთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
იხილეთ ასევე: