როგორ წავიკითხოთ ფილმები

როგორ წავიკითხოთ ფილმები

"გასაოცარია! - და ეს არის ღატაკი საქართველო?" - ეს სიტყვები იმ უცხოელ ჟურნალისტს აღმოხდა, რომელსაც ჩვენმა პრეზიდენტმა ინტერვიუში მოახსენა, ქართველი მასწავლებლის ხელფასი 400-600 დოლარს აღწევსო.

იმ ჟურნალისტთან ჩვენმა პრეზიდენტმა იმითაც მოიწონა თავი, ფილმებს მხოლოდ ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით რომ უშვებენ ჩვენში, თანაც განუმარტა, - ეს იმისთვის, რომ ხალხი შეეჩვიოს უცხო ენის ჟღერადობას და ისწავლოსო. რაზეც ჟურნალისტმა, ცოტა არ იყოს, ირონიულად ჰკითხა: - მართალია, რომ თქვენთან ჩინურ ენასაც ბევრი სწავლობსო? სააკაშვილმა ამაზე უპასუხა:

"მე ყველას მოვუწოდებ ამისკენ, თუმცა მეეჭვება, რომ თვითონ ვისწავლო ოდესმე..." საინტერესოა, ჩინურ ფილმებს ქართული სუბტიტრებით რომ უყუროს, მაინც ვერ ისწავლის? ჩვენ ხომ სუბტიტრების მეშვეობით უკვე ინგლისურიც ვისწავლეთ, ფრანგულიც, იტალიურიც... ხუმრობა იქით იყოს და, ეს სუბტიტრები მართლაც სერიოზულ პრობლემად იქცა ქართველი მაყურებლისთვის.

"მეფის სიტყვა კანონია, აღარ უნდა ლაილაი!" - ამ გამონათქვამის აზრი და მნიშვნელობა, სავარაუდოდ, ყველაზე კარგად საქართველოს ე.წ. ნაციონალური ტელეარხების წარმომადგენლებმა იციან. რაც დღეს ამ არხებზე უცხოური წარმოების ფილმების ჩვენებისას ხდება, სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტის 2010 წლის 6 აპრილის მოწოდების დიდი მორჩილებითა და სიზუსტით შესრულება.

იმხანად მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა ინგლისური ენის მნიშვნელობაზე და კერძო ტელევიზიებსა და "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მოუწოდა, ყველა ინგლისურენოვანი ფილმი სუბტიტრებით აჩვენეთო. თუმცა დღეს არა მხოლოდ ინგლისურენოვან ფილმებს გვიჩვენებენ სუბტიტრებით. რა გაეწყობა, ზრუნავენ ჩვენი ტელევიზიები ქვეყანაში ლინგვისტური რევოლუციის მოწყობაზე...

პრეზიდენტის ზემოთ ნახსენებ მოწოდებას საკანონმდებლო ცვლილებები უძღოდა, რომლის ინიციატორადაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი მინისტრი ნიკა რურუა მიიჩნეოდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ამ ინიციატივის სულისჩამდგმელიც მიხეილ სააკაშვილი იყო. ჩვენ დავინტერესდით, კონკრეტულად რას ავალდებულებს კანონი მაუწყებლებს, რა დადგენილებები მიიღო ამის თაობაზე კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ და რატომ წალეკა ქართული ტელესივრცე სუბტიტრებიანმა ფილმებმა?!

ამ სფეროში შექმნილი ვითარება სერიოზულ პრობლემას უქმნის მაყურებელს, განსაკუთრებით ასაკოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად ინტერნეტის მოხმარების მასშტაბის მნიშვნელოვანი ზრდისა, საქართველოში მთავარ საინფორმაციო თუ გასართობ საშუალებად კვლავ ტელევიზია რჩება.

თავდაპირველად "მაუწყებლობის შესახებ" და "ეროვნული კინემატოგრაფიის მხარდაჭერის შესახებ" კანონებში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ უცხოური წარმოების ფილმები როგორც კინოთეატრებში, ასევე სატელევიზიო ეთერში ეჩვენებინათ სახელმწიფო ენაზე დუბლირებით ან სუბტიტრებით. ტელევიზიებში ეს პროცესი უნდა დაერეგულირებინა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომელმაც ჯერ 2009 წლის 30 ოქტომბრის #3 დადგენილებით, შემდეგ კი 2010 წლის 14 მაისის #2 დადგენილებით გადაწყვიტა, რომ:

"კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე, "საზოგადოებრივი მაუწყებელი", იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია, სამაუწყებლო ბადეში უცხოური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული სიხშირით.

"ჩვენების სიხშირე კი განისაზღვრა შემდეგნაირად: კვირის განმავლობაში ნაჩვენები უცხოური ფილმების 30% უნდა გასულიყო სუბტიტრებით, ანუ განისაზღვრა მხოლოდ ქვედა ზღვარი. შესაბამისად, გადაწყვეტილების ამოქმედებისას მხოლოდ რამდენიმე ფილმს აჩვენებდნენ სუბტიტრებით, თუმცა მალე ჩვენება გახშირდა, დღეს კი სუბტიტრებიან ფილმებს ტოტალურად უჩვენებენ.

ხატია ყურაშვილი, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანი:

- ჩვენმა კომისიამ ამ საკითხის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მაშინვე, როდესაც განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები. ეს იყო საჯარო პროცესი, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მონაწილეობა, შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა. საბოლოოდ დადგინდა, რომ უცხოური ფილმების 30% უნდა იყოს სუბტიტრებით. ჩვენგან დადგენილი წესით, მათ შეუძლიათ დანარჩენი 70% თარგმნილი, ანუ დუბლირებული ფილმები გაუშვან. ჩვენ ამაში აღარ ვმონაწილეობთ, მხოლოდ ქვედა ზღვარი დავადგინეთ.

- კომისიის კომპეტენციაში არ შედის ზედა ზღვრის დადგენა? მაუწყებლები თავიანთი სურვილით, უცხოური ფილმების უდიდეს ნაწილს სუბტიტრებით უშვებენ...

- რისი დარეგულირებაც შედიოდა ჩვენს პრეროგატივაში, დავადგინეთ.

- რატომ არ ვრცელდება ეს კანონი და თქვენი დადგენილებები რიგ მაუწყებლებზე, მაგალითად, "რეგიონ ტვ"-სა და "პირველ კავკასიურზე", სადაც ფილმები არათუ ითარგმნება, არამედ რუსული დუბლირებით გადის.

- ჩვენთან არსებობს მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც აკვირდება, ასრულებენ თუ არა მაუწყებლები კანონის მოთხოვნას, თქვენ შეგიძლიათ ოფიციალურად, წერილობით მოგვმართოთ და შევეცდებით, ერთი კვირის განმავლობაში გიპასუხოთ.

- მათაც ხომ ევალებათ ამ კანონის შესრულება?

- სავარაუდოდ, კი. ეს ყველა მაუწყებელს ეხება, მაგრამ სჯობს, დაველოდოთ იურისტების პასუხს.

იმედია, მივიღებთ ამ კითხვებზე პასუხს, რასაც "ყველა სიახლის" მომავალ ნომერში შემოგთავაზებთ. უკვე მიღებული განმარტების მიხედვით კი აშკარაა, რომ დღეს ჩვენი მაუწყებლები ხელისუფლების პირდაპირ მოწოდება-მითითებას ასრულებენ ასე მორჩილად და არა - კანონს. პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ის, რასაც ე.წ. ნაციონალური არხები აკეთებენ, ადამიანის უფლებების დარღვევაა:

-  ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღება დიდი შეცდომა და გაუთვლელი ნაბიჯი იყო. მინისტრმა თავის დროზე განგვიმარტა, რომ სუბტიტრებით ფილმების ჩვენება ინგლისური ენის შესწავლას შეუწყობდა ხელს, ეს ბრძანა ჩვენმა პრეზიდენტმაც, რაც მეტად სასაცილოა.

ჩემ გარშემო უამრავი ადამიანია შეწუხებული სუბტიტრებიანი ფილმის ჩვენებით. მითხრან ერთი, როგორ უნდა შეისწავლონ ინგლისური ენა სამოც წელს გადაცილებულმა ჩვენმა ბებია-ბაბუებმა თუ დედებმა და მამებმა?! ამ ხალხმა თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირში იცხოვრა, იციან რუსული და არა - ინგლისური. ამ ადამიანებს აქვთ უფლება, უყურონ ფილმებს ქართულ ენაზე და არა იკითხონ ისინი.

ამ საკითხზე თავის დროზე სპეციალური განცხადება გაავრცელა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა, სადაც ვკითხულობთ:

"უცხოურ ფილმებში ცოცხალი ქართული მეტყველების შეცვლა სუბტიტრებით გამოიწვევს სმენის როლის თითქმის გაუქმებას, მისი წილი კი მხედველობამ უნდა იტვირთოს. ესე იგი, მხედველობაზე დატვირთვა გაორმაგდება. დატვირთვა გაორმაგდება აგრეთვე თავის ტვინზეც და ნერვულ სისტემაზეც, რადგან საკმაოდ ძნელია თან კადრის აღქმა და თან სუბტიტრების წაკითხვა და გააზრება, რაც გააუარესებს ფილმის აღქმას."

ერთ-ერთი არგუმენტი, რატომ უნდა გასულიყო სუბტიტრებით ფილმები, იყო ისიც, რომ თურმე უცხოური ფილმების ქართული თარგმანი ხშირად უხარისხოა. არადა, ხშირად ყოვლად გაუმართავი და უამრავი სტილური და კორექტურული შეცდომითაა სავსე ის სუბტიტრები, რითაც ამჟამად უშვებენ ფილმებს. გამოდის, რომ გახმოვანების ხარისხზე უკეთესი არც სუბტიტრებია.

P.S. და კიდევ - რატომ არ გავრცელდა ეს კანონი ტელესერიალებზე? თუ უცხოური ენის შესწავლა ასეთი მნიშვნელოვანია, ესპანურმა და პორტუგალიურმა ენებმა რა დააშავა? ჩვენი ტელევიზიების საეთერო დროის დიდი ნაწილი ხომ სწორედ ლათინურამერიკულ სერიალებს მიაქვს, ყველაზე მეტი მაყურებელიც მათ ჰყავთ. თუ საზოგადოების "გამოსერიალება" კიდევ სხვა მიზანს ემსახურება და სუბტიტრებით ამ მიზნის მიღწევა  გაჭირდება.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"