დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა შეერთებულ შტატებში მისი საგარეო პოლიტიკური ამბიციებით განისაზღვრა. მას შემდეგ, რაც ვენესუელას წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა შეასრულა და ქვეყნის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, სპეცოპერაციის შედეგად დაატყვევა, ექსპერტები შიშობენ, რომ ამით ტრამპის ამბიციებს გზა კიდევ უფრო მეტად გაეხსნა.
ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციის შემდეგ, ტრამპმა1823 წლის "მონროს დოქტრინა“ ახსენა, რომელიც პრეზიდენტ ჯეიმს მონროს მიერ იყო ჩამოყალიბებული და ლათინურ ამერიკაში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციების გასამართლებლად გამოიყენებოდა.
ტრამპმა მას საკუთარი სახელი დაამატა, "დონ-როს დოქტრინა“ უწოდა და თქვა: "ამერიკის დომინირება დასავლეთ ნახევარსფეროში აღარასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“.

ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, ერთ-ერთ მთავარ მიზნად დასახელებულია "დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკული უპირატესობის აღდგენა“ და ეს ვენესუელის მოვლენებმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა. მასში შედის კუბაც.
კუბელი ემიგრანტების ვაჟი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დიდი ხანია მოუწოდებს თეთრ სახლს კუბაში რეჟიმის შეცვლისკენ
“იმის გასაგებად, თუ როგორ აყალიბებს ტრამპი სამყაროს, ჩვენ უნდა გადავხედოთ წარსულს, აბსოლუტური მონარქების ეპოქას...“ - წერს politico და ორ ექსპერტთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომლებიც დონალდ ტრამპის პოლიტიკას აფასებენ.
სტეისი გოდარდი უელსლის კოლეჯიდან და აბრაამ ნიუმენი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტიდან ამ ფორმირებად წესრიგს "ნეო-როიალიზმს“ უწოდებენ და მას აღწერენ, როგორც გლობალურ სისტემას, სადაც დომინირებს დაპირისპირება ლიდერების მცირე ჯგუფსა და მათთან დაკავშირებულ "ჰიპერელიტებს“ - ჯგუფებს შორის , რომლებიც სიმდიდრის ან სტატუსის მოპოვებას ესწრაფვიან.
ექსპერტები აცხადებენ, რომ აშშ-ის ვენესუელასა და გრენლანდიაზე ფოკუსირება ზრდის მე-19 საუკუნის ამერიკულ ინტერესებსა და დღევანდელ რეალობას შორის შეუსაბამობას.
“ჩვენ გვესმის, რომ ბევრი ლაპარაკია "მონროს დოქტრინაზე“ და დასავლეთ ნახევარსფეროს კონტროლზე, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი სინამდვილეში არასაჭიროა. ისინი ძვირი ჯდება და ძირს უთხრის აშშ-ს უსაფრთხოებას.
მაგალითად, ავიღოთ გრენლანდია. შეერთებულ შტატებს უკვე აქვს გავლენის სფერო გრენლანდიაში. მათ შეუძლიათ იქ ნებისმიერი ბაზის შექმნა, რაც სურთ. დანიამ პირობა დადო, რომ გაზრდის თავის გავლენას იქ მიმდინარე მოვლენებზე. ამას ნაკლებად აქვს კავშირი გავლენის სფეროების გაფართოებასთან ან დიდ სახელმწიფოებთან კონკურენციასთან, ეს სინამდვილეში მიზნად ისახავს შერჩეული ჯგუფის გავლენის გაზრდას და არა მთლიანად შეერთებული შტატების", - აცხადებს სტეისი გოდარდი.
ამონარიდი ინტერვიუდან:
- თქვენ წერთ, რომ ახლა ჩნდება “საერთაშორისო სისტემა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჰიპერ ელიტების მცირე ჯგუფის მიერ, ისინი იყენებენ თანამედროვე ეკონომიკურ და სამხედრო ურთიერთდამოკიდებულებებს საკუთარი მატერიალური რესურსების და სტატუსის მოსაპოვებლად“. ასეთ სამყაროში არსებობს კი საერთოდ ისეთი კონცეფცია, როგორიცაა ეროვნული ინტერესები?
სტეისი გოდარდი:
- არა. ეროვნული ინტერესები, როგორც ასეთი, არ არსებობს.
მე-19 საუკუნეში, მაშინაც კი, თუ ვსაუბრობთ ისეთ დიდ სახელებზე, როგორიცაა ბისმარკი (გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი) - ვსაუბრობთ ეროვნულ სახელმწიფოზე, რომელიც დაინტერესებული იყო მობილიზაციით. მან შექმნა ბიუროკრატიული სტრუქტურები, მუდმივი პროფესიული არმიები, პროფესიული დიპლომატიური კორპუსი. სახელმწიფოს ჰქონდა მთელი ეს ინფრასტრუქტურა მობილიზაციის განსახორციელებლად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ხოლო დღეს ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ეროვნული ინტერესების ნაკლებობას, არამედ მობილიზაციისგან რესურსების მოპოვებაზე გადასვლას.
- მაშ, როგორ ჯდება ტრამპის ქმედებები ვენესუელაში ამ "ნეო როიალისტურ" ნარატივში? ადმინისტრაციამ შეიძლება ამტკიცოს, რომ ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების ნავთობზე წვდომა მთლიანად შეერთებული შტატებისთვისაა სასარგებლო.
აბრაამ ნიუმენი:
- არ მგონია, რომ ამერიკული ნავთობის ინდუსტრია მთელი ამ ხნის განმავლობაში ელოდა შესაძლებლობას, რომ ვენესუელა დაეპყრო.
ეს არის დომინირების მომენტი, როდესაც ტრამპი და მისი ახლო წრე ამ "ნადავლს“ მაგიდაზე დებს და შემდეგ კითხულობენ, - ვინ არის მზად გარიგების დადებისთვის, რათა ამის ნაწილი გახდესო. ეს ნაბიჯები ფოკუსირებულია გარკვეულ სფეროებზე, იქნება ეს გრენლანდიის წინააღმდეგ მუქარა თუ ვენესუელის წინააღმდეგ ქმედებები.
- უფრო ფართო სურათის გათვალისწინებით, რას გვეუბნება “ნეო როიალიზმის“ კონცეფცია იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში?
გოდარდი:
- არ მგონია, რომ ბევრ მატერიალურ ცვლილებას ვიხილავთ, არამედ ეს იქნება მცირე ჯგუფისთვის მატერიალური რესურსების მოპოვების პროცესი.
ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტმა რონ ბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაციები ვენესუელაში აჩვენებს ტრამპის ადმინისტრაციის მზაობას, გამოიყენოს ცალმხრივი სამხედრო ქმედებები საგარეო ინტერესების მისაღწევად, რაც კრიტიკას იწვევს როგორც მოკავშირეების, ასევე მოწინააღმდეგეების მხრიდან.
“არსებობს აღქმა, რომ შეერთებული შტატები ზედმეტად კოვბოისტია და ძალიან მცირე დოზით დიპლომატი“, - თქვა ბიმ.
"ჯუნგლების კანონი საშიშია. რაც დღეს თქვენს მტრებს ეხება, შეიძლება ხვალ თქვენც შეგეხოთ. ნუ შეცდებით იმის შეფასებაში, თუ საით მიემართება მსოფლიო“, - ასე გამოეხმაურა თავის LinkedIn-ის პოსტში პოლიტიკური რისკების კვლევისა და კონსულტაციის ფირმა Eurasia Group-ის დამფუძნებელი, იან ბრემერი აშშ-ის მიერ, ნიკოლას მადუროს დაკავებას.
თუმცა მილიარდერი ბილ აკმანი კი თვლის, რომ ტრამპის პოლიტიკა რუსეთს ნელ-ნელა ასუსტებს.
"მადუროს თანამდებობიდან გადაყენება ნავთობის ფასებს შეამცირებს, რაც კარგია ამერიკისთვის და ძალიან ცუდია რუსეთისთვის. დასუსტებული რუსული ეკონომიკა გაზრდის იმის ალბათობას, რომ უკრაინაში ომი უფრო ადრე და უკრაინისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით დასრულდება. პუტინი კი ამიერიდან თავის უსაფრთხო ოთახში დაიძინებს“, - დაწერა მილიარდერმა ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა X-ზე.
იხილეთ ასევე: