გუშინ, ღამის საათებში გარდაბანში ავარია მოხდა, რასაც 16 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში, არაფხიზელ მდგომარეობაში, მსუბუქი ავტომობილით ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - 1992 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე - 2007 წელს დაბადებულ ა.კ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.კ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: