თბილისში ორი დამანა ცხოვრობს -დამანა მდივნიშვილი და დამანა მელიქიშვილი. ეს სახელი ალბათ ყველას მსოფლიოში გავრცელებულ ლიტერატურულ ძეგლს, "ქილილა და დამანას" მოაგონებს. სწორედ ამ ნაწარმოების გავლენით, მდივნიშვილების ოჯახში დაბადებულ სამ ქალიშვილს შორის ყველაზე უმცროსს დედამ დამანა დაარქვა...
დამანა მდივნიშვილს განსაკუთრებულად უყვარს ის სახლ-კარი, სადაც ბავშვობა გაატარა. გრიბოედოვის ქუჩის # 15-ს არაჩვეულებრივად ლამაზი სადარბაზო ჰქონდა, მოჩუქურთმებული და თეთრი მარმარილოს კიბით გაწყობილი. იქვე იყო კონსერვატორიაც, საიდანაც გამოსული ლამაზი ჰანგები და წკრიალა ხმები დღემდე ახსოვს. სიძველეებისადმი სიყვარულიც სწორედ იმ დროიდან მოდის.
დღეს ვაკეში ცხოვრობს და მისი ბინა ძველი ნივთებით მცირე მუზეუმს მოგაგონებთ. პროფესიით მსახიობმა და მოგვიანებით ჟურნალისტმა ქალბატონმა წლების წინ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მოჰკიდა ხელი. მან არაერთი ლამაზი ქალის ფოტო შეაგროვა და წიგნებად გამოსცა. ავტორმა ბევრი უცნობი მანდილოსნის ვინაობა დაადგინა და დავიწყებას გადაარჩინა მათი სახე და სახელები. ჩვენი თანამედროვეების პორტრეტებიც ოთხ ალბომში წარსულის საუკუნის ბანოვანებთან ერთად მოთავსდა: "მშვენიერთა სავანე", "საქართველო -სამოთხის ნაწილი", "პორტრეტის უკვდავება" და "მშვენიერება ზეცით მოსილი".
-გარემომ, რომელშიც ვიზრდებოდი, ჩემში ხელოვნებისადმი სიყვარული გააღვივა და ამან განაპირობა, რომ საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შემეტანა. ამის შესახებ არაფერი იცოდნენ ჩემმა მშობლებმა და საერთოდ, ისინი ნაკლებად ერეოდნენ ჩემი და ჩემი დების სწავლასა და პროფესიულ არჩევანში. კარგად მახსოვს, რომ ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა ჯორჯაძეების ოჯახი. დიასახლისი ანდრონიკაშვილის ქალი იყო, ნამდვილი არისტოკრატი, პიანისტი ქალბატონი. დღეს ყველა კარგად ვიცნობთ ამ ოჯახის ერთ-ერთ შესანიშნავ წარმომადგენელს -კირა ანდრონიკაშვილს. სწორედ მისი წინაპრები ცხოვრობდნენ ჩემ მეზობლად. იმ ოჯახიდან იყო ნატო ვაჩნაძის ძმის ცოლი -ეკატერინე და იქ ხშირად მოდიოდა სტუმრად ნატო ვაჩნაძეც. მისი სილამაზე უკვე საქვეყნოდ ცნობილი იყო.
-ბავშვობაში, როცა პირველად დაინახეთ ნატო ვაჩნაძე, როგორ აღიქვით? მის გარეგნობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ...
-შავგვრემანი ქალი იყო. არასოდეს ცდილობდა, ეფექტურად ჩაეცვა, არც მაკიაჟს ხმარობდა. იყო ძალიან სადა, უბრალო. უკან გადავარცხნილ თმას ატარებდა. გამხდარი ქალი არ ყოფილა, სხეულის "მძიმე" აღნაგობა ჰქონდა. მის სახეზე ყოველთვის აღბეჭდილი იყო სერიოზული განცდა, თითქოს გამუდმებით რაღაც პრობლემა ჰქონდა და ყოველთვის დაფიქრებული იყო. მახსოვს, სკოლაში რომ მივდიოდი, მისი სახლის წინ ფანჯრებთან უნდა ჩამევლო. სწორედ იმ დროს მოდიოდა მემაწვნე და ნატოს ჯოხით ფანჯარაზე უკაკუნებდა. ის გადმოდგებოდა, ცარიელ თიხის ქილებს მიაწვდიდა და მემაწვნე სანაცვლოდ მაწვნით სავსეს უბრუნებდა.
-ბავშვობის წლებიდან თქვენს მეხსიერებაში კიდევ რომელი ლამაზი ქალი ჩარჩა?
-თამარ ციციშვილი, შურა თოიძე, თამარ ჭავჭავაძე, სესილია თაყაიშვილი... სრულიად ნორჩი მახსოვს მედეა ჯაფარიძე. მამაჩემი მამამისთან მეგობრობდა და ჯაფარიძეების ოჯახში ხშირად მივყავდი. პირველად რომ ვსტუმრობდით, მედეას მამაზე ასე მითხრა: შვილუკა, ეს კაცი ულამაზესი ქალიშვილის პატრონია, გოგონას მედეა ჰქვიაო. ერთი სული მქონდა, კარი გაღებულიყო და მედიკო დამენახა. მართლაც, შემოგვანათა ულამაზესმა გოგონამ. მაშინვე "გადავედი" ზღაპრულ სამყაროში. ასეთი "ნახატი" წიგნებში მინახავს და მათზე მეფის ასულები და დედოფლები იყვნენ გამოსახული.
-ალბათ, მაშინ "ქეთო და კოტე" ჯერ არ იყო გადაღებული...
-რა თქმა უნდა, არა.
-თეატრალურში ჩაბარებას მივუბრუნდეთ და იმ პერიოდს, რომელიც სცენაზე გაატარეთ...
-თეატრალურში საბუთები რომ შევიტანე, მიღების იმედი არ მქონდა. ჩასაბარებლად პროგრამა თავად მოვამზადე. ბარათაშვილი წავიკითხე. ამ ავტორისადმი სიყვარული დღემდე მომყვება. შიფონის ლამაზი კაბა შევიკერე, დიდი გულსაბნევი მეკეთა და გამოცდაზე აკაკი ხორავას, აკაკი ფაღავას, სრულიად ახალგაზრდა მიშა თუმანიშვილისა და სხვა გამომცდელების წინაშე წარვდექი.
ჩაცმა და კოპწიაობა ბავშვობიდან მიყვარდა. დედას მოდური ტანისამოსი და ფეხსაცმელი ჰქონდა და ხშირად, როცა სახლში მარტო ვრჩებოდი, მის სამოსს ვიზომებდი. სულ სარკის წინ ვტრიალებდი. ერთხელ, მახსოვს, "ტუჩებზე ყაყაჩოს ფურცლები მივიწებე, "შემეშინდა", რა ლამაზი გავხდიიი (იცინის). ძალიან განვიცდიდი, სანამ სიებს გამოაკრავდნენ. ჩემს დას ვთხოვე, თეატრალურში მისულიყო და ენახა, სიაში ვიყავი თუ არა. ინსტიტუტიდან რომ გამოვიდა, თვალები კი უბრწყინავდა და იღიმოდა, მაგრამ ასე მითხრა, სიაში არ ხარო. გული ჩამწყდა. სახეზე შემატყო, რომ ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და მაშინვე სიმართლე წამოიყვირა, მაგრამ ამის მერე არავითარი სიხარული აღარ განმიცდია. შემდეგ თავად მივედი და საკუთარი თვალით ვნახე ჩარიცხულთა სია, სადაც ძირითად შემადგენლობაში ვეწერე. სხვათა შორის, ამან გამანებივრა. როცა სწავლა დავიწყეთ, თავდაჭერილად ვიქცეოდი და საკუთარი თავის წარმოჩენაზე არ ვფიქრობდი. მიუხედავად ამისა, კარგად ვსწავლობდი და როცა ინსტიტუტი დავამთავრეთ, სხვადასხვა ქალაქში გადაგვანაწილეს. მე ბათუმი მერგო. ბათუმის თეატრში პრიმა მსახიობი გამხადეს და დაიწყო ჩემი აღზევების პერიოდი. იქ ვასო ყუშიტაშვილი მუშაობდა, რეჟისორი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა და იმხანად სახელმოხვეჭილი ბათუმში მოღვაწეობდა. ყველა წამყვანი როლი ვითამაშე: "ნაპერწკალში" ცაბუ, "ხევისბერ გოჩაში" ძიძია, "ოთარაანთ ქვრივში" კესო, "ბარათაშვილში" ეკატერინე ჭავჭავაძე და ასე შემდეგ. არტისტიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უშუალობა და გულწრფელობა. ვფიქრობ, ასე ვთამაშობდი ყველა როლს, უშუალობა მსახიობისთვის ყველაზე დიდი ღირსებაა. ხანდახან იმდენად შევდიოდი როლში, თავად მიკვირდა ჩემი გარდასახვა.
-ალბათ მაყურებელი ძალიან განებივრებდათ...
-იყო შემთხვევები, როცა მაყურებელი კონტროლიორს ეკითხებოდა, მდივნიშვილი თუ თამაშობსო. თუ იმ დღეს მე ვთამაშობდი, მაშინ სპექტაკლს ესწრებოდნენ, თუ არადა გაბრუნებულან და წასულან. მერიდება ამის თქმა, მაგრამ ეს მაინც წარსულში იყო და ნურავინ ჩამითვლის ტრაბახად. ბათუმის თეატრში წელიწად-ნახევარი გავატარე.
-მაშინ დაოჯახებული იყავით?
-არა, სწორედ იმხანად გავიცანი ჩემი მეუღლე და ჩემი თეატრალური ცხოვრებაც დამთავრდა. ვმუშაობდი კონფერანსიედ, რადიოში ლიტერატურული გადაცემები მქონდა. ამის შემდეგ მუშაობა დავიწყე საესტრადო სასწავლებელში -მხატვრული კითხვის პედაგოგად. სასიამოვნოა, როცა შენ გარკვეულწილად უკვე დაბრძენებული ხარ და ამ დროს ნორჩ სახეებს უყურებ, მათ გაცისკროვნებულ თვალებს, რომელიც პედაგოგისკენ აქვთ მიპყრობილი, მთელი არსებით ვაზიარებდი მათ მხატვრული კითხვის სფეროს. საბედნიეროდ, აღმომაჩნდა იმის უნარი, რომ მათთვის მასალა საინტერესოდ მიმეწოდებინა. ჟარგონით რომ ვთქვათ, "აცვენილი ბიჭებიც" კი, რომლებსაც გაკვეთილზე გაჩერება არ შეუძლიათ, დიდი კრძალვით იყვნენ ჩემ მიმართ.
-თქვენი მეუღლისა და თქვენი შეხვედრის ამბავიც მიამბეთ. ერთმანეთს ბათუმში შეხვდით თუ თბილისში?
-ჩემი მეუღლე ლაშა მაცაბერიძე შესანიშნავი ადამიანი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, პუნქტუალური, მოწესრიგებული, სამართლიანი, სიტყვის პატრონი და უამრავი ღირსებით სავსე პიროვნება გახლდათ. მის გამო ჩემი სცენას ჩამოშორება ღირდა. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი იყო. პირველად ერთმანეთს თბილისში შევხვდით. ჩვენი გაცნობა რომანტიკულად მოხდა. ზაფხული იდგა. ბათუმიდან თბილისში ჩამოვედი. მეცვა ძალიან ლამაზი კაბა და ქუჩაზე მივფრიალებდი. მაშინ ასე არ იყო ქუჩები გადატვირთული და ქალს ყოველთვის ჰქონდა "ფონი" იმისთვის, რომ მის გამოჩენას ეფექტი მოეხდინა (იღიმის). ცოტა ხანში ჩემგან მოშორებით დავინახე ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთს ვიცნობდი. როცა მივუახლოვდი, იმ ნაცნობმა ღიმილი შემომაგება. მეც მივესალმე. მან ლაშა და მე ერთმანეთს გაგვაცნო. როცა ახალგაცნობილს ხელი ჩამოვართვი, მცირე ხნით ჩემი ხელი თავის ხელისგულში შეაჩერა. ამან ცოტა დამაფრთხო, ხელი გამოვგლიჯე, მაშინვე დავემშვიდობე და უკანმოუხედავად გავიქეცი. პირდაპირ სადგურში წავედი და ბათუმის მატარებელზე ბილეთი ავიღე. თურმე ლაშა უკან გამომყვა და იმავე კუპეში აიღო ბილეთი, რომელშიც მე. მახსოვს, იდგა კიბეზე, ცალი ხელი კიბის მოაჯირის სახელურზე ეკიდა და იღიმოდა. სასწაული ღიმილი ჰქონდა (იღიმის). იმ დღეს ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა, რომელიც ძალიან უხდებოდა. საერთოდ, ბევრი კოსტიუმი ჰქონდა, არაჩვეულებრივად იცვამდა, გემოვნებით, მაგრამ ახლა, საუბარში, ამ წუთას გავაანალიზე, რომ როცა გარდაიცვალა, მაშინაც ნაცრისფერ კოსტიუმში იყო, წარმოგიდგენიათ?! ასე და ამგვარად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, 32 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ორი შვილი შეგვეძინა: მერი და მამუკა.
-ქალბატონო დამანა, თემას შევცვლი. წლებია, რეპრესირებულ ქართველ ქალებზე ინფორმაციას აგროვებთ და მშვენიერ მანდილოსნებზე წიგნებს გამოსცემთ. როგორ და როდის გაჩნდა ეს იდეა?
-ჩემში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ქალი, თავისი გარეგნული მონაცემებით, საქმიანობითა თუ ლამაზი ოჯახით, დიასახლისობით. მინდოდა, მეც ასეთ მანდილოსნებს დავმსგავსებოდი. თავდაპირველად დავიწყე წერა სწორედ ასეთ საინტერესო ქალბატონებზე და მათ შესახებ მასალებს ვბეჭდავდი. მათ შორის ბევრი მზეთუნახავი შემხვედრია. რა დააშავეს მათ, თუ კინოში არ მოხვდნენ და მათი სილამაზე ამ მხრივ არ გახმაურდა. ვწერდი ქალებზე, რომლებმაც თავიანთი სილამაზე ოჯახის კეთილდღეობას შესწირეს და მათი სახეების უკვდავყოფას შევეცადე. დიდი დრო დასჭირდა ფოტომასალის მოძიებას. მრავალი დღე გამიტარებია არქივებში. ჩემი ინტერესის სფერო მე-19 საუკუნე იყო. ბარათაშვილი ჩემთვის გენიოსი იყო და სწორედ მისი ეპოქის ოჯახებით დავინტერესდი. შემდეგ წიგნებში ჩვენი თანამედროვე ქალებიც შევიდნენ. სხვათა შორის, როცა პირველი წიგნი გამოიცა, მე თვითონ წიგნის გარეშე დავრჩი. ამ ალბომში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ ოჯახის წევრებს ნახულობდნენ და უნდოდათ, წიგნი ჰქონოდათ. ამაზე უარს ვერ ვეტყოდი. ამას წინათ შევედი მაღაზიაში და დავინახე "მშვენიერთა სავანე", მღელვარებისგან მთელი სხეული ამითამაშდა, შემეშინდა, არავის დაესწრო და საკუთარი წიგნი შევიძინე (იღიმის).
-თქვენს ოჯახში შემოსულ ადამიანს ნამდვილად არ ეგონება თავი XXI საუკუნეში... აქ იმდენი ლამაზი ძველი ნივთია.
-ჩემს ბიძებს განათლება რუსეთში ჰქონდათ მიღებული. ერთ-ერთი მათგანი მაღალ საზოგადოებასთან, ანუ მაშინდელ ინტელიგენციასთან ახლოს იყო. ის აკაკი წერეთელთან, ვაჟა-ფშაველასა და ტერენტი გრანელთან მეგობრობდა. მახსოვს, დედა მიყვებოდა, როგორ ჩამოდიოდა ჩარგლის მთიდან წვიმით გალუმპული ვაჟა და ბიძაჩემს სტუმრობდა. მასპინძელი ეტყოდა, ჩემი ტანისამოსი ჩააცვითო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვაჟა ჩოხას ბუხართან აშრობდა და ისევ თავის ჩოხა-ახალუხს იცვამდა. რაც შეეხება ტერენტი გრანელს, მისთვის ჩვენს ოჯახში მოსასვენებელი ტახტი იდგა. ბიძაჩემი ავეჯს სახლისთვის თუ თავისი აფთიაქისთვის რუსეთიდან იწერდა. ეს სარკე, ჩარჩოები და სხვადასხვა ნივთი სწორედ ბიძაჩემისგან მერგო, ასევე მამამთილისგან. შინ სხვანაირი ავეჯი და "მორთულობა" ვერ წარმომიდგენია.
-ვიცი, რომ ოცნებად გაქვთ, თქვენ მიერ წლების განმავლობაში შეგროვილი ფოტოები ერთ ოთახში გამოიფინოს და იქ სალონური შეხვედრები გაიმართოს...
-დიახ, ჩემი ოცნებაა, შეიქმნას სალონი ან მუზეუმი, რომლის კედლებზე გამოფენილი იქნება ჩვენი ულამაზესი ქალებისა და მამაკაცების პორტრეტები.
-სახელწოდებაც ხომ არ მოგიფიქრებიათ?
-ალბათ "სავანე". ჩემს პირველ წიგნს "მშვენიერთა სავანე" ჰქვია. ეს ფრაზა იტალიელ მისიონერ იოსებ დელაპორტის ეკუთვნის, რომელიც წერდა: "საქართველოში ყველაფერი კარგია, მაგრამ ქართველ ქალებზე უმშვენიერესი მე არაფერი მინახავს. იმათ რომ ვუცქერდი, უნებლიეთ განცვიფრებული ვიყავი. ამ ქვეყანას კაცმა შეიძლება, "მშვენიერთა სავანე" უწოდოს".
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)